მანანა კერესელიძე - საექიმო პრაქტიკის 4 ათწლეული.

მანანა კერესელიძე - საექიმო პრაქტიკის 4 ათწლეული.

ტრადიციიდან ინოვაციისაკენ

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის უძველესსა და უახლეს ისტორიაზე გვესაუბრება ქალბატონი მანანა კერესელიძე, ალადაშვილის კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელიც ჩვენს კლინიკაში სამედიცინო მოღვაწეობის მეოთხე ათწლეულს ითვლის.

ალექსანდე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იწყება, როცა საავადმყოფო 30 საწოლზე იყო გათვლილი. 1919 წელს კი ჩვენმა კლინიკამ ქალაქის #2 საავადმყოფოს წოდება მიიღო და ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

1921 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ალექსანდრეს საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

იცვლებოდა სახელმწიფო წყობა, რეჟიმები, ხალხის სამსახურში მყოფი ტრადიციული სამედიცინო დაწესებულება კი შეუჩერებლად განაგრძობდა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 1934 წლიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, მან ფუნქციონირება განაგრძო, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების #2 კლინიკურმა საავადმყოფომ.

1941 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრა სწორედ ამ კლინიკის ბაზაზე განთავსდა. კათედრას ხელმძღვანელობდნენ ქართული ჯანდაცვის ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ პროფესორი ეფრემ ზაქარაია (1940-1947); შემდგომ – პროფესორი დავით იოსელიანი (1047-1967), პროფესორი მიხეილ ჩაჩავა (1967-1979), პროფესორი გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილი (1979-1981), პროფესორი გივი გონჯილაშვილი (1981-1999);

პირადად ჩემი სამედიცინო პრაქტიკა 1980 წელს დაიწყო, როცა ამ კლინიკაში მოვედი როგორც სტუდენტი შინაგან სნეულებათა #1 კათედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ვახტანგ ალადაშვილი. ეს კათედრა განსაკუთრებით ცნობილი იყო, რადგან სწორედ აქ გაიზარდა გამოჩენილი ქართველი ექიმების მთელი თაობები. არ შემიძლია სათითაოდ არ გავიხსენო ჩვენი გენიალური პედაგოგები, ბატონი არჩილ კობალაძე, ნოდარ ემუხვარი, ლალი კაციტაძე, მზია კანდელაკი, გიორგი პეტრიაშვილი, კუკური ვაშაკიძე, ზურაბ ზუბადალაშვილი, ილია ბაქრაძე - ჩვენი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები.

ყველა ლექცია კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის განხილვით იწყებოდა, ყოველი პრაქტიკული მეცადინეობა კი - ახალი ავადმყოფის საწოლთან. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კონფერენციების ჩატარებას. ბატონ ვახტანგ ალადაშვილს ძალიან უყვარდა იმ დროისათვის აქტუალური სამედიცინო სიახლეების შესახებ სტუდენტური მოხსენებების მოსმენა.

არასდროს დამავიწყდება, როგორ მომცა პირველი თემა - შუილი. სხვათაშორის, სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართული ლექსიკონი სწორედ ბატონმა ალექსანდრე ალადაშვილმა, ვახტანგ ალადაშვილის მამამ შექმნა და იმ დროისთვის ახალი ტერმინიც - შუილი, მისივე დამკვიდრებულია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ თემის მომზადებისას. საბედნიეროდ, ჩემმა მოხსენებამ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ბატონ ვახტანგზე. გავხდი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის სტიპენდიანტი, 1983 წელს კი წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, რის შემდეგაც ამავე კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ჩავირიცხე, როგორც ორდინატორი.

ჩვენი დიდი მასწავლებლები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ სტუდენტებთან ურთიერთობას, ადრეულ წლებშივე გვინერგავდნენ პაციენტთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს, დაწვრილებით გვიხსნიდნენ ყველა პროფესიულ დეტალს. ეს ტრადიცია არც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დარღვეულა. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ნოდარ ემუხვარის იშვიათი დამოკიდებულება სტუდენტებისა და თანამშრომლების მიმართ. ის თითოეული ჩვენგანის პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაზე იყო ორიენტირებული. ბატონი ნოდარი მუდამ დარჩება ჩემს დიდ მასწავლებლად და მეგობრად!

1992 წლის დეკემბერში კლინიკა დაფუძნდა როგორც თსსუ-ს სტრუქტურული ერთეული და ეწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის #1 კლინიკა. 2009 წლიდან ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი არის სრული პროფესორი თამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ამავე დროს კლინიკის კლინიკური დირექტორია. ცალკე სასაუბრო თემაა ბატონი თამაზის პედაგოგიკა და იშვიათი მზრუნველობით სავსე დამოკიდებულება მომავალ თაობასთან.

თითქმის 150 წლიანი ისტორიის მქონე კლინიკას რომელიც ქალაქის ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი 2013-2015 წლებში ჩაუტარდა სრული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები და აღიჭურვა პროგრესული, ულტრათანამედროვე აპარატურით. დღეს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა“ არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, უძველესი ტრადიციებისა და ინოვაციური იდეების მქონე კლინიკა. ამიტომაც, ჩვენი სლოგანია: „ტრადიციიდან ინოვაციისაკენ“.

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უაღრესად ჰუმანური ატმოსფერო, რომელიც ჩვენს კლინიკაში ჩემი თითქმის ორმოცწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მუდმივად ორიენტირებულია პაციენტებისთვის კომფორტის შექმნასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე. მეამაყება, რომ ჩვენი კლინიკის ახლანდელი გუნდი შედგება წამყვანი პროფესიონალებისგან, ჩვენს გვერდით მოღვაწეობენ სახელგანთქმული ექიმები: შალვა პეტრიაშვილი, გოგი სარიშვილი, რუსუდან ნაფეტვარიძე, ახალგაზრდა კარდიოქირურგი გიორგი ჯანაშია და სხვა ცნობილი სპეციალისტები, რომელთაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ.

უამრავი კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული პაციენტი - ამაზე უფრო დიდი მიღწევა ექიმისთვის ნამდვილად არ არსებობს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები