facebook-pixel
Georgianenglishrussian

რას ნიშნავს, იყო ექთანი?

რას ნიშნავს, იყო ექთანი?

ექთნის პროფესიის მთავარი გამოწვევები

ვიდრე მე-19 საუკუნეში ინგლისელი რეფორმატორი, ფლორენს ნაითინგეილი, საფუძველს დაუდებდა პროფესიონალურ ექთნობას, ეს საქმიანობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცვამდე არსებობდა და ამა თუ იმ კულტურაში ავადმყოფებზე ზრუნვის სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. ერთი რამ ოდითგანვე უდავოა - „მედდა“ იყო და არის სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი. თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია პროფესიონალი ექთნის გარეშე! ამ პროფესიის მთვარ გამოწვევებზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ახალგაზრდა ექთანი, ქალბატონი ფიქრია გიორგაძე:

ექთნად 7 წელია ვმუშაობ. ყოველთვის მინდოდა, დავხმარებოდი ადამიანებს, აღმომეჩინა სათანადო შველა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდებოდათ. ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია.
ძირითადი მოვალეობები
ექთნის ძირითად მოვალეობას ექიმთან ერთად პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ გვევალება: პაციენტის კლინიკაში შემოსვლის წუთიდან მისი საწოლზე მოთავსება, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების კონტროლი, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, საჭირო ანალიზების აღება და ექიმისაგან მიღებული დანიშნულების შესრულება.
მთავარი გამოწვევა
მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ექთნისთვის მუშაობა არც ისე ადვილია, რადგანაც აღნიშნულ განყოფილებაში მოთავსებულნი არიან პაციენტები სხვადასხვა ჩივილებითა და დიაგნოზით, შესაბამისად, თითოეულ მათგანს დიაგნოზიდან გამომდინარე ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება.
აღსანიშნავია, რომ სეზონური დაავადებების მოზღვავებასთან ერთად იმატა მომართვიანობის რიცხვმა, ამიტომაც ჩვენც გაზრდილი დატვირთვით გვიწევს მუშაობა.
იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ავადმყოფის ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი; ეს ნიშნავს კოლეგებისადმი ღრმა პატივისცემას, თანადგომასა და თავდადებას.
ვფიქრობ, ექთნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ექიმისაგან მიღებული დავალებების სწორად, ადეკვატურად და სწრაფად შესრულება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მივიღოთ მონაწილეობა.
აუცილებელი თვისებები
წარმატებულ ექთანს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება საკუთარი საქმის სიყვარული, ასევე შრომისმოყვარეობა და სწრაფვა მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ. გარდა ამისა, აუცილებელია, ფლობდეს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა

  • კარგი კომუნიკაცია, 
  • დაძაბულ გრაფიკში მუშაობის უნარი, 
  • პასუხისმგებლობის განსაკუთრებით მაღალი გრძნობა, 
  • ორგანიზებულობა და სხვა. 

მაგრამ სირთულეებთან გამკლავებისათვის უმთავრესი მაინც ავადმყოფზე ზრუნვის სურვილია. როცა შენი საქმე გიყვარს, სიძნელეები მინიმალურია!

პაციენტებთან ურთიერთობა
პაციენტთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება - ეს ექთნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. სტაციონარში შემოსულებს უამრავი კითხვის დასმა უყავრთ, ხშირად ღელავენ და საჭირო მედიკამენტის მიწოდებამდე აუცილებელი ხდება მათი დამშვიდება. ამიტომაც, ექთანს პაციენტთან ურთიერთობისას სამედიცინო საქმიანობასთან ერთად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებაც უწევს. საბედნიეროდ, პაციენტთა საერთო დამოკიდებულება ექთნების მიმართ უმეტეს შემთხვევაში დადებითია - გამოთქვამენ კმაყოფილებასა და მადლიერებას გაწეული დახმარებისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, იშვიათ შემთხვევაში, გვხვდებიან ისეთებიც, რომელთა გულის მოგება საკმაოდ რთულია. მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის ავადმყოფისთვის დახმარების აღმოჩენა და მისი გამოჯანმრთელება, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

სამუშაო გარემო
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გამოირჩევა დაძაბული გრაფიკით, რადგან სწორედ ესაა კლინიკის პირველი რგოლი, სადაც ხდება ყველა იმ პაციენტის პირველადი მიღება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.
ჩვენი დეპარტამენტი და ზოგადად, მთელი ალადაშვილის კლინიკა, განსაკუთრებულია აქ არსებული მეგობრული გარემოთი, ამიტომაც, მინდა, ღიად გადავუხადო მადლობა ჩვენი კლინიკის სამედიცინო გუნდს, გამორჩეულად კარგი სამუშაო ატმოსფეროსათვის. აქ შეგიძლია, სიამოვნებით შეასრულო შენი მოვალეობები, ამასთანავე კიდევ უფრო გაიფართოვო ცოდნა. ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა, რადგანაც ჩვენი კლინიკა მაღალკვალიფიციური და ამასთანავე, გულისხმიერი კადრებით არის დაკომპლექტებული.
ვამაყობ ჩემი პროფესიით და მიხარია, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეზე ვზრუნავ!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>