გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია

გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია

თანამედროვე კარდიოლოგიური სამსახურის განუყოფელი ნაწილი

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ინტერვენციული კარდიოლოგი, ბატონი აკაკი არჩვაძე გვესაუბრება გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე.

- რას მოიცავს გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია?
კათეტერიზაციის ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე კარდიოლოგიური სამსახურის აუცილებელ ნაწილს, რომელშიც ხორციელდება გულის მკვებავი (გვირგვინოვანი, იგივე კორონარული) არტერიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მკურნალობაც - კორონარული ანგიოპლასტიკა, ანუ, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, სტენტირება. აქვე ხდება გულის ზოგიერთი სტრუქტურული პათოლოგიის შემთხვევაში ისეთი ინვაზიური გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავს აღნიშნული პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის მიზანშეწონილობას.
გარდა კარდიოლოგიური პროცედურებისა, კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ხდება ცერებრალური (თავის ტვინის მკვებავი), ვისცერალური (მუცლის ღრუს) და პერიფერიული სისხლძარღვების დიაგნოსტიკა და მკურნალობაც.

- რითია განსაკუთრებული ალადაშვილის კლინიკის კათეტერიზაციის ლაბორატორია?
ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკაში პაციენტი კორონარული არტერიების პათოლოგიის ინტერვენციული მკურნალობის თვალსაზრისით იღებს მომსახურების სრულ სპექტრს. აქ ტარდება ანგიოპლასტიკა ნებისმიერი სირთულის დაზიანებების შემთხვევაში ყველა იმ მეთოდის გამოყენებით, რაც აპრობირებულია თანამედროვე მედიცინაში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ წარმატების ხარისხი ჩვენს კლინიკაში ძალიან მაღალია. ჩვენთან ხშირია ისეთი პაციენტებიც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სხვაგან უარი უთხრეს ჩარევაზე.
წარმატებისა და უსაფრთხოების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ალადშვილის კლინიკის ინტერვენციული და კარდიოქირურგიული სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევასა და განხორციელებას.

- როდის მიმართავენ გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიას?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კათეტერიზაციის ლაბორატორიის გარეშე თანამედროვე კარდიოლოგიური სამსახურის არსებობა წარმოუდგენელია. კორონარული ანგიოგრაფია წარმოადგენს გვირგვინოვანი არტერიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს, ხოლო კორონარული ანგიოპლასტიკა მკურნალობის ისეთ მოთოდს, რომელიც დრამატულად ამცირებს სიკვდილობის სიხშირესა და ინვალიდიზაციის ხარისხს მწვავე ინფარქტების შემთხვევაში, გეგმიური ჩარევების დროს კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ზრდის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამცირებს მწვავე ინფარქტის განვითარების რისკს.
გეგმური კორონაროგრაფიის ჩასატარებლად პაციენტს რეკომენდაციას აძლევს კარდიოლოგი, რომელიც მისი გამოკითხვისა და გარკვეული გამოკვლევების ჩატარების საფუძველზე გადაწყვეტს გამოკვლევის ამ მეთოდის გამოყენების საჭიროებას.
რაც შეეხება მწვავე ინფარქტებს, ამ შემთხვევაშიც კარდიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას ინტერვენციულ კარდიოლოგთან ერთად. განსხვავება ისაა, რომ ასეთ შემთხვევებში ჩარევა ხდება სასწრაფო, ან გადაუდებელი წესით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

- რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პაციენტებმა?
ყველა ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიურ პათოლოგიასთან ერთად, ჩვენს ეპოქაში წარმოადგენს სიკვდილობის უხშირეს მიზეზს. შესაბამისად, თუ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება გვინდა, აუცილებელია, რომ კარდიოლოგიურ პრობლემებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში გადაუდებლად მივმართოთ კარდიოლოგს, მოვუთხროთ მას ჩვენი ჩივილების შესახებ და მისი მითითებით დროულად ჩავიტაროთ საჭირო გამოკვლევები თუ მკურნალობა. გულმკერდის მიდამოში მწვავე ტკივილის შემთხვევაში კი აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნას გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები