შეგიძლიათ მოკლედ აგვისხნათ რა არის გულის უკმარისობა?
ექიმი: გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვას ორგანიზმის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
გულის უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ადამიანებში. როგორც წესი, მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების ადექვატური კონტროლი. გულის უკმარისობა არის გრძელვადიანი მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაუარესდეს.
რა არის გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომები?
ექიმი: გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომებია: ადვილად დაღლა, ხველა, ქოშინი, გულისცემის გახშირება, ტერფების და ფეხების შეშუპება, იშვიათად თავბრუსხვევა. სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სწრაფად (გულის მწვავე უკმარისობის დროს) ან თანდათანობით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში (გულის ქრონიკული უკმარისობის დროს).
რა არის გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი?
ექიმი: გულის უკმარისობა ხშირად არაერთი პრობლემის შედეგია. გულის უკმარისობა შესაძლებელია განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზიის, გულის კორონარული დაავადების, კარდიომიოპათიის, სხვადასხვა არითმიების, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია, გულის სარქვლოვანი პათოლოგიების, ანემიის, ზედმეტი ალკოჰოლის მიღების, ენდოკრინული დარღვევების , მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს.
როგორ ხდება გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა?
ექიმი: გულის უკმარისობის დიაგნოზი მოიცავს კლინიკურ შეფასებას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, ელექტროკარდიოგრამას, ექოკარდიოგრაფიას და ა.შ.
როგორ ხდება გულის უკმარისობის მკურნალობა?
ექიმი: მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებას, ფიზიკურ აქტივობას, მოწევის შეწყვეტას, ალკოჰოლის , სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმების შეზღუდვას.
მკურნალობა, როგორც წესი, საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
როგორია გულის უკმარისობის პროგნოზი?
ექიმი: გულის უკმარისობა არის სერიოზული გრძელვადიანი მდგომარეობა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება. პროგრესირება ინდივიდუალურია. ხშირად გულის უკმარისობა მკაცრად ზღუდავს ადამიანის ჩვეულ საქმიანობას.
შეიძლება თუ არა გულის უკმარისობის პრევენცია?
ექიმი: გულის უკმარისობის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა მისი გამომწვავი სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობა და კონტროლია. პრევენცია გულისხმობს რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შემცირებას. პრევენცია გულისხმობს შემდეგი რჩევების გათვალისწინებას: უარი თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაზე, ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ა.შ. გულის უკმარისობის მართვით შესაძლებელია არა მარტო სიცოცხლის გახანგძლივება, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:
( 032 ) 2 95 80 14
595 41 70 55
ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103
კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ