CABG OFF PUMP - თანამედროვე მეთოდი, რომელიც ზრდის სიცოცხლის ხანრგძლივობას, მნიშვნელოვნად ამცირებს თანმხლები დაავადებების გართულების რისკებს და ამოკლებს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დროს.
ალ. ალადაშვილის კლინიკაში კეთდება მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი ყველა სახის ოპერაცია და მანიპულაცია გულზე. აღსანიშნავია:
-სტენტირება,
-კორონაროგრაფია,
-პეისმეიკერის იმპლანტაცია - ხელოვნური რიტმისწამყვანის დაყენება,
-ოპერაციები ღია გულზე.
ღია გულზე მიმდინარე ოპერაციების შესახებ და მათი ჩატარების უახლესი მეთოდის განსაკუთრებულ უპირატესობებზე გვესაუბრება ცნობილი, ახალგაზრდა კარდიოქირურგი - გიორგი ჯანაშია.
- რას მოიცავს ოპერაციები ღია გულზე?
ეს ოპერაციები მოიცავს იმპლანტაციებს, დაზიანებული სარქველების გამოცვლას და მათ ნაცვლად როგორც მექანიკური, ისე ბიოლოგიური სარქველების დაყენებას, ასევე მაგისტრალურ სისხლძარღვებზე ჩარევას, გულის იშემიური დაავადებების - ინფარქტისა და ინფარქტის წინა მდგომარეობების ქირურგიულ მკურნალობას.
- როდის ხდება საჭირო ჩამოთვლილი ოპერაციების გაკეთება?
როდესაც პაციენტს გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების გამო მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, მაგალითად, ფეხით 100-200 მეტრის გავლისას ეწყება უჰაერობა და ტკივილი გულის არეში, აქვს დადგენილი სტაბილური თუ არასტაბილური სტენოკარდია თანმდევი სიმპტომებით და მკურნალობისათვის მიმართავს კლინიკას, პირველ რიგში, მდგომარეობის შესაფასებლად კეთდება კორონაროგრაფია. ამის შედეგად ირკვევა ქირურგიული ჩარევის საკითხი. თუ აღმოჩნდება, რომ საკმარისი არაა შევიწროებული სისხლძარღვის სტენტირება (სისხლძარღვის მექანიკური გაფართოება), მაშინ პაციენტი იგზავნება ჩვენთან, ე.ი. კარდიოქირურგთან კორონარული შუნტირების გასაკეთებლად.
- რას ნიშნავს შუნტირება?
კორონარული შუნტირება გულისხმობს გულის მკვებავი სისხლძარღვებისთვის სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად ვენის გარკვეული სიგრძის აღებას და მის მიკერებას აორტაზე. ამ დროს ვენის მეორე ბოლო პრობლემური არტერიის ტოტს იმ ადგილზე უერთდება, რომელიც შევიწროებული ნაწილის ქვემოთაა. ასე იქმნება არტერიის შევიწროებული ადგილის შემოვლითი, ალტერნატიული გზა, რომლის გავლითაც სისხლი გულის კუნთს ნორმალურად მიეწოდება. ბოლო დროს შუნტირებისთვის ვენის გარდა ასევეიყენებენ ხელიდან ამოკვეთილ არტერიას, რომელიც ვენასთან შედარებით უფრო ხანგრძლივად და სრულფასოვნად მუშაობს.
არსებობს ორი სახის შუნტირება:
სტანდარტული მეთოდი - გაჩერებულ გულზე სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატით ჩატარებული ოპერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული.
და მეორე, შედარებით ახალი მეთოდი - CABG Off Pump, რომელიც გულისხმობს ოპერაციას მომუშავე გულზე, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გარეშე. ამ დროს პაციენტის სუნთქვა და გულისცემა ჩვეულებრივაა შენარჩუნებული
- რა განსხვავებაა გაჩერებულ და მომუშავე გულზე ჩატარებულ ოპერაციებს შორის?
ამ ორ მეთოდს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატით მიმდინარე ოპერაციის განმავლობაში პაციენტის გული და ფილტვები გაჩერებულია მთელი საათი. უნდა ითქვას, რომ ეს აპარატი თავის მხრივ აზიანებს ორგანიზმს. შედარებისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სისხლის უჯრედებს თითქმის ისევე ექცევა, როგორც ხორცის საკეპი მანქანა - ხორცს. ამის გამო, ოპერაციის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან ხანგრძლივდება. მას აღენიშნება დაბალი ჰემოგლობინი, ნებისმიერი თანმხლები დაავადების გამწვავება. შესაბამისად, ყველას არ შეუძლია გადაიტანოს გაჩერებულ გულზე მიმდინარე ოპერაცია. სწორედ ამის გამო, ეს მიდგომა ხანგრძლივ დაგეგმვას და პაციენტების საკმაოდ სერიოზულ სელექციას საჭიროებს.
რაც შეეხება მომუშავე გულზე ჩატარებულ ოპერაციას, ის ხასიათდება გაცილებით იოლი პოსტოპერაციული პერიოდით, მნიშვნელოვნად მცირდება რეაბილიტაციის ხანგრძლივობაც. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროს რეაბილიტაცია უფრო ხანმოკლე და ადეკვატურია, ვიდრე აპენდიციტის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. დიახ, ჭიაყელა დანამატის ამოკვეთის მერე პაციენტი თუნდაც ტკივილის, ნაკერის შეხორცების შედარებითი სირთულის გამო, გაცილებით მეტ დისკომფორტს განიცდის, ვიდრე მომუშავე გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომ.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ნაოპერაციები პაციენტები რამდენიმე დღეში ისე კარგად გრძნობენ თავს, რომ საკმაოდ დიდი ძალიხმევა გვჭირდება მათთვის იმის დასაჯერებლად, რომ საჭიროა თავი დაზოგონ და ცოტა ხნით უარი თქვან დატვირთულ ფიზიკურ აქტივობებზე, ნაკლები „იხტუნონ და ირბინონ“.
- როგორია მომუშავე გულზე ჩატარებული ოპერაციის გავლენა თანმხლებ დაავადებებზე?
მინდა აღვნიშნო, რომ ამ მეთოდის არჩევისას, თანმხლებ დაავადებებს გაცილებით ნაკლებად ახასიათებს გამწვავება. პირიქით, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გარეშე მიმდინარე მეთოდი, საშუალებას გვაძლევს ბევრად თამამად მივიღოთ გადაწყვეტილება ოპერაციის ჩატარების თაობაზე ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დაავადება, მაგალითად: კუჭის წყლული, ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ნაწლავების დისფუნქცია, მუცლის აორტის ანევრიზმა თუ პერიფერიული სისხლძარღვების პრობლემები. ამ დაავადებების გამწვავების რისკი მომუშავე გულზე ჩატარებული ოპერაციისას ბევრად უფრო ნაკლებია.
- რა მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ასაკს?
გააჩნია მეთოდს. სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატით მიმდინარე ოპერციის შემთხვევაში 80 წელი უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პაციენტის შესაძლებლობას, გადაიტანოს ოპერაცია. მაშინ, როცა ჩვენ, მომუშავე გულზე ოპერაციას ჩვეულებრივ ვაკეთებთ 80 წლის ზემოთაც. უფრო მეტიც, ეს ოპერაცია წარმატებით ჩაგვიტარებია 96 და 100 წლის ადამიანებისთვის.
ყველაზე მთავარი კი ოპერაციის შემდგომი შორეული შედეგებია, რომელიც ჩვენი მეთოდით გაცილებით კეთილსაიმედოა, ვიდრე სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატით ჩატარებული ოპერაციისას. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ბევრად მაღალია Off Pump-ით ნაოპერაციები გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვიცა და მათი ცხოვრების ხარისხიც.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.