რატომ არ უნდა გვეშინოდეს სტომატოლოგის?

რატომ არ უნდა გვეშინოდეს სტომატოლოგის?

სოფი თეილე - ალადაშვილის კლინიკის ექიმი-სტომატოლოგი.

სოფი თეილე - ალადაშვილის კლინიკის ახალგაზრდა ექიმი-სტომატოლოგი, რომელსაც მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად საოცარი ნიჭი აქვს, მოუხსნას პაციენტს სტომატოლოგის პანიკური შიში, დაარწმუნოს ის, რომ კბილის დაბჟენა, საშიში კი არა, სახალისოც კია და პატარა პაციენტებს თამაშ-თამაშით უმკურნალოს! 

- ძალიან ბევრ პაციენტს აქვს სტომატოლოგის პანიკური შიში, რას აკეთებთ ამის გასანეიტრალებლად?
შიშის მოხსნაზე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ წიგნიც კი დაიწერებოდა.  სტომატოლოგია ბევრად სახალისოა, ვიდრე მტკივნეული, უბრალოდ სპეციალურ მიდგომას და ფსიქოლოგიის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საბედნიეროდ, ძალიან ბევრ პაციენტს შევაყვარე სტომატოლოგები. ასებობს რამდენიმე პოსტულატი, რომლითაც ვხელმძღვანელობ პაციენტისთვის შიშის მოსახსნელად:

უპირველეს ყოვლისა, ყველას აუცილებლად ვუხსნი, თუ რომელი ინსტრუმენტით რა მანიპულაცია ტარდება და მაქსიმუმ რა შეიძლება იგრძნოს. ტკივილს არც განვიხილავთ, რადგან თანამედროვე სტომატოლოგია და გულიანი სტომატოლოგი არ იძლევა შანსს, რომ პაციენტმა რამე ტკივილი იგრძნოს! 

დაბოლოს, ვეუბნები ერთ სასწაულმოქმედ წინადადებას: "თუ რამე გეტკინება, შეგიძლია იმ წამსვე ადგე და წახვიდე და არაფერი გადაიხადო" - ამაზე განსაკუთრებით მამრობითი სქესის პაციენტები იღიმიან და საბოლოოდ კბილს ხალისიანად იბჟენენ.

- რა მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სამედიცინო შემოწმებას?
შეიძლება ითქვას, რომ პირის ღრუ - შინაგანი ორგანოების სარკეა. მისი მდგომარეობის შემოწმებით კი რიგი დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი. 

პირის ღრუს პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც კუმულირდება კბილის მინანქარზე და გარდაიქმნება მაგარ, პიგმენტურ ნადებად, რიგ დაავადებებს იწვევს. ამიტომაც, აუცილებელია, ხშირად გადამოწმდეს პირის ღრუ და ჩატარდეს პროფესიული წმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მაგარი, ღრძილქვეშა ნადების წარმოქმნა, რომელიც, ე.წ. "პაროდონტოზის" ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია. 

ასევე არსებობს ყბა-კბილთა სისტემის რიგი დაავადებები, რომლებიც რაღაც პერიოდამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გართულებების თავიდან ასაცილებლად სჯობს, დროულად იყოს აღმოჩენილი. 

- როგორი მიდგომა გაქვთ ბავშვთა ასაკის პაციენტებთან?
პატარა პაციენტები სათუთი თემაა და ძალიან ბევრ ენერგიას, ემოციასა და დროს მოითხოვს. განსაკუთრებულად მიხარია პატარის მიღება, რომელიც ან პირველად მოდის ჩემთან ან უკვე მხიარულადაა განწყობილი სტომატოლოგის მიმართ. თუმცა იმ ბავშვის ნდობის მოპოვება, რომელიც უკვე შემოსასვლელიდან ტირის და აქვს პანიკური შიში, ძალიან ძნელია. 

ხანდახან "დამლაგებელიც" ვყოფილვარ, რომელსაც “ცუდი სტომატოლოგის” იარაღები მოუპარავს და უმტკივნეულოდ გაგვიკეთებია კბილი. 

უფრო კონკრეტულად, ჩემი სამოქმედო გეგმა ასეთია:
1. მოვიპოვო მცირეწლოვანი პაციენტის ნდობა და თამაშით დავაბჟინოთ კბილები.
2. თუ საჭიროა, დავუთმო რამდენიმე ვიზიტი იმას, სანამ აღიქვამს, რომ არცერთი ჩემი ინსტრუმენტი არ არის მტკივნეული და მხოლოდ მაშინ დავიწყოთ მკურნალობა. 

- რა არის საჭირო ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად?
ყველაზე მთავარი ჯანმრთელი კბილების დიდხანს შენარჩუნებაში მაინც გენეტიკური ფაქტორია. თუმცა ძალიან მნიშვნეოვანია: 

  • პირის ღრუს პროფესიული წმენდა, 
  • პაროდონტოლოგთან ვიზიტი, 
  • შესაბამისი ჯაგრისებისა და სავლები საშუალებების გამოყენება.

უნდა ვიცოდეთ, რომ სუფთა და კრიალა კბილის ზედაპირზე ბაქტერიებს ძალიან უჭირთ მიკრობა, ეს კი ბევრი დაავადების თავიდან აცილებას ნიშნავს. ასე რომ, მოუარეთ პირის ღრუს, და  გახსოვდეთ, რომ სტომატოლოგიაში არაფერია საშიში, პირიქით, ის ძალიან სახალისოა!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14

გისურვებთ, ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები