ულტრათანამედროვე ტრავმატოლოგიური ოპერაციები ხელოვნურ სახსრებზე

ულტრათანამედროვე ტრავმატოლოგიური ოპერაციები ხელოვნურ სახსრებზე

გაეცანით ალადაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს და გაიგეთ  მეტი ხელოვნური სახსრების შესახებ.

ანატომიური სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლება - ენდოპროთეზირება - თანამედროვე მედიცინის აქტუალური მიღწევაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ეს რთული ოპერაცია დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად ამაღლებას ემსახურება. ენდოპროთეზირების შესახებ გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი მერაბ კაპანაძე.

- რა შემთხვევაში ხორციელდება ანატომიური სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება?
ენდოპროთეზირება ხორციელდება როგორც თანდაყოლილი ან შემდგომში შეძენილი დაავადების შედეგად გადაგვარებული სახსრების, ასევე ტრავმისას დაზიანებული ანატომიური სახსრის ხელოვნური ჩანაცვლებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შრომისუნარიანობის დროებითი დაქვეითების შემთხვევათა მესამედი და უნარშეზღუდულობის მეათედი სახსრების დაზიანებით არის განპირობებული. ენდოპროთეზირება კი ამ მწვავე პრობლემას მნიშვნელოვანწილად აგვარებს და შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანი ბუნებრივ ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.

უმრავლეს შემთხვევაში ენდოპროთეზირების ჩვენებაა:

  • ართროზი,
  • ბარძაყის ყელის მოტეხილობა.

რა არის ართროზი?
ართროზი სასახსრე ხრტილის დაზიანებით, დაშლითა და დეფორმაციით მიმდინარე არასპეციფიკური ანთებითი პროცესია, რომელიც სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. არსებული სტატისტიკით, ართროზი დედამიწის მოსახლეობის 80%-ს ტანჯავს.

ტერმინი „ართროზი“ აერთიანებს სახსრების დეგენერაციულ-ანთებითი ხასიათის დაავადებებს, რომლებსაც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვთ, თუმცა განვითარების მექანიზმით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • ძლიერი ტკივილი სახსრებში,
  • ძვლების ჭრიალი მშრალი ხმიანობით,
  • სახსარში მოძრაობის შეზღუდვა,
  • სახსრის დეფორმაცია.

- ძირითადად რომელი სახსრის პათოლოგიაა გავრცელებული საქართველოში?
ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია მენჯ-ბარძაყის და მუხლის ართროზები. შედარებით ნაკლებია მხრის, იდაყვის, კოჭ-წვივის სახსრის ართროზები. შეიძლება ითქვას, რომ მენჯ-ბარძაყის ართროზებისთვის საქართველო, ფაქტობრივად, ენდემურ კერას წარმოაგდენს. პირადად მე ბოლო 12 წლის განმავლობაში 8,500-ზე მეტი ენდოპროთეზირება მაქვს გაკეთებული მენჯ-ბარძაყზე.

ამ პათოლოგიის ასეთი გავრცელება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ადრე გაცილებით ნაკლებად ხდებოდა ჩვილ ბავშვთა ასაკში პროფილაქტიკური ღონისძიებების გატერება და დროული მკურნალობა. გასათვალისწინებელია აკვნის უარყოფითი ეფექტიც, რომელიც ტრავმული დაზიანების მიმყენებელი გამხდარა არაერთი ბავშვისთვის. დღევანდელი შუა ხნის პაციენტები და ხანდაზმულები ხომ სწორედ აკვანში გაზრდილი თაობები არიან.

ასევე, აღსანიშნავია, ბავშვთა ასაკში დისპლაზიური კოკსართროზების შედეგად ჩამოყალიბებული მაღალი ამოვარდნილობები, რომლებიც ძალიან რთულ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. საბედნიეროდ, დღესდღეობით მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა კომპლექსურ პროფილაქტიკას ბავშვის დაბადებისთანავე.

- როგორია ბარძაყის ყელის მოტეხილობის მკურნალობა?
ბარძაყის ყელი ფაქტობრივად არ ხორცდება ოპერაციული ჩარევის გარეშე. შესაბამისად, მისი მკურნალობისთვის ერთადერთი გამოსავალია სწორედ ენდოპროთეზირება. ჩვენს კლინიკაში ყოველწლიურად ათეულობით წარმატებული ოპერაცია კეთდება მენჯ-ბარძაყის ხელოვნურ სახსარზე.

- ენდოპროთეზირების რა მეთოდებია დანერგილი ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში დანერგილია მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი ულტრათანამედროვე მეთოდები, რომლებიც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული და მაღალსპეციფიურობით გამოირჩევა. ალადაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის გუნდს შემუშავებული აქვს ინოვაციური, მინიმალურად ინვაზიური, ძვლების დამზოგველი მეთოდები, რომლებიც უახლესი აპარატურის მეშვეობითა და ექიმთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად, პაციენტებს შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მობილიზების საშუალებას აძლევს.

არსებობს უმარავი სახის ენდოპროთეზი, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა სახსრის ფუნქციურ-ანატომიურ თავისებურებებს, დაავადების ხარისხსა და ფორმას. ჩვენ კი თითოეული პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალურ მოდელსა და ოპერაციულ მიდგომას ვარჩევთ.

მნიშვნელოვანია, რომ ალადაშვილის კლინიკაში წარმატებით ტარდება მსოფლიოში არსებული ყველა სახის ოპერაცია ხელოვნურ სახსრებზე და ხელმისაწვდომია ყველა უახლესი თაობის პროთეზი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადებების დროს ძვლის მთლიანი სეგმენტების ხელოვნური ჩანაცვლება და მაღალი ამოვარდნილობების მკურნალობა. ამ დროს კიდური მკვეთრადაა დამოკლებული, ძვლის სასახსრე თავი ანატომიურ ადგილას არაა დაფიქსირებული და სახსარში ნორმალური ბიომექანიკის აღდგენა მიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ასევე წარმატებით ვმკურნალობთ არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს, ორთოპედიულ დეფორმაციებს, ცრუ სახსებს და ძვლის ნებისმიერ დონეზე არსებული მოტეხილობას.

- როგორია ხელოვნური სახსრის გამძლეობა?
ყველა ხელოვნური სახსრის საექსპლუატაციო ვადა ინდივიდუალურია მისი სახეობისა და ხარისხიდან გამომდინარე. ცხადია, უმაღლესი ხარისხის ენდოპროთეზიც კი არაა მუდმივი და საჭიროებს ხელახლა დაყენებას - რეენდოპტოტეზირებას. თუმცა ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მაინც ექიმის ოსტატობაა. ასევე დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ მოუვლის პაციენტი ხელოვნურ სახსარს, რამდენად შეასრულებს ექიმის მითითებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა პაციენტისთვის მომზადებული გვაქვს სპეციალური სამახსოვრო, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი თითოეული მითითება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას პაციენტმა, რათა თავიდან ავიცილოთ ხელოვნური სახსრის დაზიანება.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პროტეზების საშუალო ხანგრძლივობა მენჯ-ბარძაყისთვის 20-25 წელია, მუხლისთვის -20 წელი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ სახსრებს, ვერიდოთ ზედმეტ დატვირთვას და თუ შეგვაწუხებს ტკივილი, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები