სილამაზე ზომიერებაშია! - როგორ გავირუჯოთ ჯანსაღად?

სილამაზე ზომიერებაშია! - როგორ გავირუჯოთ ჯანსაღად?

რა უნდა ვიცოდეთ აქტიური სოლარული ზემოქმედების შესახებ?

მზის ენერგიის გარეშე დედამიწაზე არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მისი სხივები მაცოცხლებელ ენერგიასთან ერთად მნიშვნელოვანი ზიანის მომტანიც შეიძლება გახდეს. რა უნდა ვიცოდეთ აქტიური სოლარული ზემოქმედების შესახებ, როგორ დავიცვათ კანი რუჯის მოყვარულებმა? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი, ქალბატონი რუსუდან კახიძე.
თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის აქტიურად იცავდნენ თავს მზის ზემოქმედებისგან ქოლგებთი, ფართო თავსაბურავებითა და შესაბამისი ტანისამოსით. მოდაში ფერმკრთალი ქალები იყვნენ, რადგან გარუჯული კანი დაბალ სოციალურ ფენასთან ასოცირდებოდა იმ დრომდე, ვიდრე კოკო შანელმა არ გადააქცია ნარუჯი სილამაზის ერთ-ერთ კრიტერიუმად. დღეს კი ადამიანები ცდილობენ ზამთარ-ზაფხულ გარუჯული კანით იარონ.

- რამდენად სასარგებლოა მზის გამოსხივება ადამიანის ორგანიზმისთვის?
თუ ჩვენ მზის გამოსხივების ულტრაიისფერ ნაწილზე ვისაუბრებთ, ადამანისთვის ყველაზე დიდ სარგებელს ამ სხივების D ვიტამინის სინთეზში მონაწლეობა წარმოადგენს. D ვიტამინის გარეშე შეუძლებელია ძვლის ნორმალური ჩამოყალიბება. მისი დეფიციტი ბავშვებში რაქიტს იწვევს, ხოლო ზრდასრულებში ოსტეოპოროზს უწყობს ხელს. 
ულტრაიისფერი სპექტრი მზის უხილავი სხივების ნაწილია, მას საკმაოდ დიდი დიაპაზონი და შედარებით მოკლე ტალღა აქვს: დაახლოებით 10-დან 400 ნანომეტრამდე. განარჩევენ A, B, C ულტრაიისფერ სხივებს. დედამიწამდე ყველაზე დიდი ოდენობით A სხივები აღწევს. ხოლო B სხივები, რომლებიც D ვიტამინის სინთეზში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, უფრო მძლავრი ზემოქმედებით ხასიათდებიან. C რადიაცია ყველაზე საშიშია სიცოცხლისთვის, თუმცა, საბედნიეროდ, ის ვერ აღწევს ოზონის შრეში, ამიტომაც ჯერჯერობით არ წამოადგენს რეალურ საფრთხეს.
ამასთანავე, გარუჯვის პროცესი ერთგავრ დამცავ მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს, კანისთვის. ულტრაიისფერი სხივები დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, იმუნურ სისტემაზე, და რაც მთავარია, ამაღლებს ადამიანის გუნება-განწყობას.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ფსიქიატრმა შეისწავლა სინდრომი „ზამთრის დეპრესია“  და აღმოაჩინა, რომ წელიწადის ამ სეზონზე ადამიანის ხასიათის ცვლილება,  განპირობებულია მზის სხივების ნაკლებობით.

- რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ულტრაიისფერი რადიაცია?
ულტრაიისფერმა გამოსხივებმა შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მოიტანოს. პირველ რიგში, აღსანიშნავია დამწვრობა.
ფოტომგრძნობელობის მიხედვით თეთრკანიანი მოსახლეობისთვის გამოყოფენ 4 ტიპის კანს. 1-ლი ტიპის კანი პრაქტიკულად არ ირუჯება, მას არ აქვს დამცავი მექანიზმი და ადვილად იწვება. ეს დამწვრობა კი რეაბილიტაციის პერიოდს საჭიროებს.  თუ ასეთი ადამიანი (ძალიან თეთრი კანით) დაახლ. 20 წუთია შუადღის მზეზე, ის დიდი ალბათბით ერითემულ, 1-ლი ხარისხის დამწვრობას მიიღებს. უფრო ხანგრძლივი ექსპოზიციის შემთხვევაში კი შეიძლება კანის დაიზანება ნეკროზამდეც კი მივიდეს. მძიმე დამწვრობა კანზე გაჩენილ ცვლილებებთან ერთად (ბუშტუკები) სისტემურ დარღვევებსაც იწვევს:
  • თავის ტკივილი, 
  • გულისრევა, 
  • ღებინება, 
  • ზოგადი ინტოქსიკაცია, 
  • ორგანიზმის გაუწყლოება და სხვა.
ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ამ გვერდითი ეფექტების გამო რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო პაციენტის გადასარჩენად. ასე რომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. 
 
მეორე, მესამე და მეოთხე ტიპის კანის მქონე ადამიანები უფრო ადვილად იღებენ ნარუჯს. რაც შეეხებათ მულატებსა და შავკანიანებს, მათში გამოიყოფა მე-5 და მე-6 ფოტომგრძნობელობის კანი. ისინი კიდევ უფრო სწრაფად მუქდებიან, თუმცა დამწვრობის განვითარება აქაც ხდება თუ ზომაზე დიდხანს დარჩებიან მზეზე. 
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ძლიერად მოქმედებს თვალებზე. მარტივად ვიღებთ ქუთუთების, რქოვანა შრის, კონიუქტივის დამწვრობას.  ხანგრძლივმა და ინტენსიურმა ექსპოზიციამ შეიძლება დაარღვოს თვალის ბადურის დამცავი ბარიერი და მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს! 
დამწვრობის გარდა, საყურადღებო ზიანია კანის ფოტოდაბერება. კანის ხშირმა და ხანგრძლივმა გარუჯვამ მარტივად შეიძლება გამოიწვიოს იგი. რადგან ხდება კანის გამოშრობა, აქერცვლა, პიგმენტური ლაქების გაჩენა, რაც ფოტოდაბერების შედეგია.

- რომელ საათებშია რეკომენდებული რუჯის მიღება?
დილის 11 სთ-მდე მზეზე წოლისას უფრო ნაკლებია დამწვრობს რისკი და ამ დროს მზის ზემოქმედება ძირითადად მხოლოდ გარუჯვას იწვევს. რაც უფრო ზენიტისკენ მიდის მზე, მით მეტია დამწვრობის საშიშროება. ხოლო რაც უფრო ჰორიზონტისკენაა მიმართული, ანუ ამომავალია ან ჩამავალი, მით უფრო უსაფრთხოდ და ჯანსაღად ირუჯება ადამიანი. დღის 13:00-დან 15:00 სთ-მდე პლაჟზე ყოფნა, თუნდაც ტენტის ქვეშ ,საერთოდ არაა რეკომენდებული. 

- მითია თუ რეალობა, რომ ღრუბლიან ამინდში უფრო მეტად ვირუჯებით?
ღრუბლებში უფრო მეტად ვერ მიიღებ ნარუჯს, რადგან ღრუბელი და ჰაერში შეწონილი აეროზოლები აფერხებს მზის ზემოქმედებას. თუმცა, ამ შეხედულების გაჩენა, იმას უკავშირდება, რომ ასეთ ამინდში ნაკლებად ცხელა, არ ვწუხდებით და უფრო ხანგრძლივად ვიმყოფებით ხოლმე მზეზე. ზოგადად, რუჯის მიღებისას თავად ღრუბლების ფორმასაც კი აქვს მნიშვნელობა. ასევე იმას, დღის რა მონაკვეთში ვიმყოფებით მზის ქვეშ, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ვართ, წელიწადის რა სეზონია და ა.შ.

- ვისთვის არ არის სასურველი მზის აქტიური ზემოქმედება?
თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება კანის სხვადასხვა წარმონაქმნების გაჩენისკენ, როგორიცაა პაპილომა, კერატომა, ხალები თუ სხვა ფიბრომატოზული წარმონაქმნები, ამ დროს ულტრაიისფერი სხივების მაქვნე ზემოქმედება ძალიან აქტიურად იჩენს თავს.  ცნობილია, ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებს ამ წარმონაქმნების გადაგვარებას, ე.ი. ატიპიურ გამრავლებას და დიდი რისკია მათი ავთვისებიან წარმონაქმნად ჩამოყალიბებისა. 
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ:
  • მელანომა, 
  • კანის ბრტყელუჯრედული კიბო, 
  • ბაზალიომა, 
  • ისეთი კიბოსწინარე დაავადებები, როგორიცაა: აქტინური კერატოზი, ფიბრომატოზული კვანძები, 
  • საშვილოსნოს, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების კვანძოვანი დაავადებები,
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, 
  • ვარიკოზული ვენები
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა.
ამ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია, მოვერიდოთ მზის აქტიურ ზემოქმედებას. რადგანაც ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებს სიმსივნის ზრდას. მექანიკური დაცვასთან ერთად (ქოლგა, ტენტი, ქუდი) აუცილებელია, წაისვათ სპეციალური კრემები და ლოსიონებიც.
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ ფოტოსენსიბილიზაციის შესახებ, ეს ორგანიზმის ჭარბი მგრძნობელობაა სხივური ზემოქმედებისადმი, რომელიც გამოვლინდება ფოტოალერგიული რეაქციებით, ფოტოდერმატოზებით. 
ეს მდგომარეობა შეიძლება მეტად გამოიხატოს გარკვეული მედიკამენტების  -ანტიბიოტიკების, ფიქოტროპული საშუალებების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვა ფოტოტოქსიკური მედიკამენტების მიღებისას, ამ დროს მეტად უნდა დავიცვათ თავი მზისგან, რადგან მომატებულია ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ზოგ ადამიანს უვლინდება  ფოტო ფიტოდერმატოზი, ანუ დერმატოზი, რომელიც ვითარდება ერთდროულად გარკვეულ მცენარესთან კონტაქტით და მზის ზემოქმედებით.

- როგორ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები?
ძალიან მიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების სწორად გამოყენება. ზოგი ფიქრობს, რომ უშუალოდ მზეზე გასვლის წინ უნდა წაისვას კრემი ტანზე. ეს არასწორია. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ფილტრი 25-30 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას. ე.ი. საჭიროა, დამცავი წავისვათ მზეზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კრემების ზემოქმედება 1,5-2 საათის განმავლობაში გრძელდება და თუ მზეზე  ხანგრძლივად ყოფნას ვაპირებთ, საჭიროა, თავიდან დავიტანოთ კანზე დამცავი საშუალება. 

- რამდენად მისაღებია ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებით გარუჯვა და სოლარიუმი?
მაღალი ხარისხის ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების წყარო ჯანმრთელობისთვის არაა საზიანო. სოლარიუმის ნათურები  დახვეწილია და მავნე სხივებს ნაკლებად შეიცავს. თუმცა ჭარბი არაფერი ვარგა. საერთოდ, თუ ადამიანი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც მზის ნაკლებობა არაა, მისი ჯანმრთელობისთვის ნაკლებადაა რეკომენდებული სოლარიუმის სისტემატური გამოყენება. 
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა ნათურები იყოს მაღალ დონეზე კონტროლირებული, აუცილებელია გვყავდეს ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელიც ინდივიდუალურდ შეარჩევს ექსპოზიციის დროსა და ინტენსივობას. სამწუხაროდ, ეს პირობები ხშირად დაცული არ არის, რის შედეგადაც სტატისტიკურად მომატებულია სოლარიუმის მომხმარებლებში კანის სხვადასხვა ტიპის დაზიანების და მათ შორის კანის კიბოს განვითარების შემთხვევებიც.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოლარიუმის ნათურები არ შეიცავს B  სხივებს და D ვიტამინის სინთეზისთვის მზის ბუნებრივი გამოსხივება შეუცვლელია.

- რასურჩევდით რუჯის მოყვარულებს?
მთავარია - ზომიერება! ყოველმა ადამიანმა უნდა გაითვალიწინოს საკუთარი კანის ტიპი, მხედველობაში იქონიოს ხალები და სხვა წარმონაქმნები, მუდმივად შეიმოწმოს ისინი სპეციალისტთან და ასევე, აკონტრილოს თავისი ენდოკრინოლოგიური სტატუსი, საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობა. აუცილებელია, მხოლოდ რეკომენდებულ დროს გავიდეთ გასარუჯად, მოვერიდოთ ღია მზეს, გამოვიყენოთ დამცავი საშუალებები, დავლიოთ ბევრი წყალი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოება და გამოვიყენოთ კანის დამატენიანებლები.
არავითარი ალკოჰოლი მზის ქვეშ! რადგან ამ დროს ძალიან დიდი დატვირთვაა ორგანიზმზე. გვახსოვდეს, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ზომიერება კი ჯანმრთელბის და სილამაზის გარანტია!
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები