რა არის ინსულტი?

რა არის ინსულტი?

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის სიმპტომები

ინსულტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მას სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით მე-3 ადგილი უკავია.  ამ მძიმე დაავადების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგი, ქალბატონი მარიამ ხელაძე.

- რა არის ინსულტი?
ინსულტი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ირღვევა თავის ტვინის სისხლმომარაგება. არსებობს ინსულტის ორი სახე: იშემიური და ჰემორაგიული. იშემიური ინსულტი თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევაა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ინსულტი არის სწრაფად განვითარებული კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ფუნქციის ადგილობრივი (ფოკალური) ან  გავრცელებული (გლობალური) დარღვევის შედეგად განპირობებული სიმპტომებით. ის გრძელდება 24 სთ. და მეტი ხნის განმავლობაში ან იწვევს ადამიანის სიკვდილს დროის ამავე ინტერვალში.

ინსულტების სიხშირის პროცენტული განაწილება მსოფლიოში ასეთია: იშემიური ინსულტი ემართება მოსახლეობის 70-65%, ჰემორაგიული - 25-20%, დანარჩენი შემთხვევები კი სუბარაქნოიდულ (ქერქქვეშა) სისხლჩაქცევებზე მოდის.

სამწუხაროდ, შეინიშნება ინსულტების სიხშირის მატების ტენდენცია. თუ 1999 წელს ასი ათას მოსახლეზე 224,4 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2005 წლისთვის შემთხვევათა რიცხვმა 344,7-ს მიაღწია. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 84,7-დან 111,3-მდე გაიზარდა. 

- რა რისკ-ფაქტორები განაპირობებენ ინსულტის განვითარებას?
ინსულტის რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი - 60 წელზე მეტი,
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • გულის იშემიური დაავადებები, არითმიები, მანკები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გენეტიკური წინასწარ განწყობა, რაც გულისმობს პაციენტის ოჯახის წევრების ავადმყოფობის ისტორიაში ინსულტის არსებობას
  • თამბაქოს მოხმარება
  • ნარკოტიკების მოხმარება
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი, უმოძრაობა
  • ჭარბი წონა
  • ფსიქოემოციური გადაძაბვა, სტრესი

ასევე, თუ ადამიანს წარსულში უკვე აქვს გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, არსებობს გამეორების მაღალი რისკი. 

- რა სიმპტომებით გამოვლინდება ინსულტი?
ინსულტს ძირითადად ახასიათებს ზოგადტვინოვანი - დიფუზური (გავრცელებული) სიმპტომატიკა და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა.

ზოგადტვინოვან სიმტომებს მიეკუთვნება:

  • უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • ორიენტაციის დაკარგვა
  • ცნობიერების დათრგუნვა (ამ დროს ადამიანი შეიძლება კომაშიც კი ჩავარდეს)
  • გულისრევა
  • ღებინება
  • წამოხურება, წამოწითლება
  • პირის სიმშრალე და სხვ.

რაც შეეხება კეროვან ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, ამ დროს აუცილებლად უნდა მივაქციოთ უირადღება, ხომ არ არის გამოხატული სახის ასიმეტრია ან კიდურებში ძალის დაქვეითება, განსაკუთრებით ცალ მხარეს, ჰემიპლეგია ან ჰემიპარეზი. პაციენტს ასევე შეიძლება აღენიშნოს მხედველობის გაორება (დიპლოპია), დაქვეითება ან დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში, ნისტაგმი, თავბრუსხვევა (ვერტიგო), უეცარი გონების დაკარგვა, მეტყველების გაძნელება ან სრული გაქრობა, სხვისი საუბრის აღქმნის უნარის დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის უნარის მოშლა, ცნობიერების დაბინდვა.

- როგორ მკურნალობთ ამ დაავადებას ალადაშვილის კლინიკაში?
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინსულტის მართვა უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ძირითადად თერაპიული მეთოდით ვმკურნალობთ. გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი მაქსიმალური ყურადღებით მართავს პაციენტის მდგომარეობას როგორც ინსულტის დროს, ასევე რეაბილიტაციურ ეტაპზე. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კლინიკისთვის დროულად მომართვას და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ყველა მოცემული დარიგების ზედმიწევნით შესრულებას.

- რა შედეგებს ტოვებს ინსულტი ადამიანის ჯანმრთელობაზე?
სტატისტიკური შეფასებით, შეიძლებ აითქვას, რომ შემთხვევათა 1/3-ში ინსულტი იწვევს სიკვდილს, 1/3-ში - ღრმა ინვალიდიზაციასა და მძიმე ნევროლოგიურ დეფიციტს, დანარჩენ შემთხვევებში კი სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. 

სიმპტომების უკუგანვითარების მხრივ ინსულტები იყოფა: 

საკუთრივ ინსულტები, როდესაც აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომატიკა აღინიშნება 30 და მეტი დღის განმავლობაში. 

ტრანზიტორული იშემიური შეტევა, როცა გამოვლენილი ნევროლოგიუი სიმპტომატიკა სრულად ალაგდება 24 სთ.ში და არანაირ ნევროოგიურ დეფიციტს არ ტოვებს.

მცირე ინსულტები - როცა ნევროლოგიური სიმპტომატიკა ალაგდება 30 დღის განმავლობაში სრულად. 

- როგორ აღმოვუჩინოთ პაციენტს პირველადი დახმარება კლინიკაში გადაყვანამდე?
ინსულტის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პირველად გადაუდებელ დახმარებას. თანმხლები პირის სწორ ქმედებას ძალიან დიდი სამსახური შეუძლია გაუწიოს პაციენტის შემდგომ გამოჯანმრთელებას. პირველ რიგში, აუცილებელია, პაციენტი დავაწვინოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გავათავისუფლოთ ზედმეტი ტანსაცმლისგან, გამოვაღოთ ფანჯარა, რათა მივცეთ თავისუფლად სუნქთვის საშუალება. თუ პაციენტი ატარებს პროტეზს, საჭიროა მისგან გავათავისუფლოთ პირის ღრუ, ასევე გავწმინდოთ პირნაღები ნაღებინები მასისგან. უკვე შემდგომ კი დიდი ყურადღება ექცევა არტერიული წნევის გაზომვას, რადგან თუ დაფიქსირდება წნევის მაღალი მაჩვენებელი, აცილებელია მივცეთ ხანმოკლე მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება. ამ დროს წნევის 10-15 ერთეულით დაწევაც კი აუმჯობესებს ინსულტის შედეგებს. არ დაგავიწყდეთ, დადებინოთ პაციენტს თავი ბალიშზე, რათა არ მოხდეს მკვებავი სისხლძარღვების კომპრესია. და რაც მთავარია, დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება!

- შესაძლებელია თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება?
ინსულტის განვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომაც, რთულია ცალკეული პრენევციული ზომების დასახვა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ამ დაავადების განვითარების მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები, როგორიცაა მავნე ჩვევები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფსიქოემოციური გადაძაბვა და სხვა.

გარდა ამისა, არსებობს ინსულტის რისკების სპეციალური შკალები, რომლის მიხედვითაც შეიძლება წინასწარ იქნეს შეფასებული და განსაზღვრული თუ რამდენად მაღალია ინსულტის განვითარების ალბათობა კონკრეტულ პაციენტთან უახლოესი 10 წლის განმავლობაში. ეს კი მაქსიმალური ყურადღების მოკრებისა და ეფექტური სამედიცინო ჩარევის საშუალებას გვაძლევს.

გახსოვდეთ, ინსულტის ნებისმიერი ჩამოთვლილი ნიშნის შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დროულ რეაგირებას შეუძლია თავიდან აგვაშოროს მძიმე გართულებები და ლეტალური შედეგი. საკუთარ თავზე და ახლობლებზე ზრუნვა კი დიდ ყურადღებას იმსახურებს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ–პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები