თუ თავის ტკივილი გაწუხებთ

თუ თავის ტკივილი გაწუხებთ

თავის ტკივილი საყურადღებო სიმპტომია და მნიშვნელოვან დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს!

ყველაფერი თავის ტკივილის შესახებ - რა დაავადებების არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს სიმპტომი და რა შემთხვევაშია აუცილებელი, მივმართოთ ექიმს? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ნევროლოგი, ქალბატონი ნანა ღვალაძე.

- რა იწვევს თავის ტკივილს? როგორია ამ ტკივილის აღმოცენების მექანიზმი?
თავის ტკივილს იწვევს ნერვული დაბოლოებების - ე.წ რეცეპტორების გაღიზიანება, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას შიგნით და გარეთ: მსხვილი სისხლძარღვების კედლებში, ვენურ სინუსებში, ტვინის მაგარ გარსში, ძვლისსაზრდელაზე, კუნთებსა და მყესებში, კანქვეშა ქსოვილში, თვალში, ცხვირის დანამატ ღრუებსა და ლორწოვანში. აგრეთვე, თავის ქალადან გამოდიან  მგრძნობიარე ნერვები (მაგ. სამწვერა), რომელთა გაღიზიანება აგრეთვე იწვევს ძლიერ ტკივილს.

გაღიზიანების შემდეგ ეს რეცეპტორები ნერვული ბოჭკოების გავლით  აგზავნიან სიგნალს თავის ტვინში, სადაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება და  აღქმა ტკივილის სახით. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს:

  • სისხლძარღვების სპაზმის, გაფართოების ან დაჭიმვის შედეგად, 
  • ვენური სინუსების დაჭიმვის ან გადანაცვლების დროს,
  • თავის ტვინის ნერვების კომპრესიის, დაჭიმვის ან ანთების დროს, 
  • თავისა და  კისრის კუნთებისა და მყესების ტრავმის, გადაძაბვის  ან ანთების დროს, 
  • მაგარის გარსის გაღიზიანებისას ქალასშიდა წნევის მომატებისას.

- რა დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები ხასიათდება თავის ტკივილით?
უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც ავლენს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ან ფარულ პათოლოგიას, რაც  საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ამ სიმპტომის ხშირი მიზეზებია: 

  • სისხლძარღვოვანი დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, 
  • ქალასშიდა წნევის მომატება (ჰიდროცეფალიის, თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების დროს), 
  • შაკიკი, 
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია, 
  • ქალა-ტვინის და ქალას ძვლების მოტეხილობა, 
  • პოსტტრამული მდგომარეობები,
  • მედიკამენტების ჭარბი მოხმარება,
  • ანთებითი მოვლენები მიმდინარე ცხვირის დანამატ ღრუებსა და თვალის მიდამოში,
  • ვირუსული დაავადებები.

თავის ტკივილის პროვოცირება ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

  • კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ,
  • ემოციურმა გადაძაბვამ ხშირი სტრესული სიტუაციების დროს,
  • არაჯანსაღი საკვების მიღებამ, 
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ,
  • მზეზე დიდხანს ყოფნამ და სხვა. 

- რა სახის თავის ტკივილები არსებობს?
არსებობს ე.წ პირველადი და მეორადი თავის ტკივილი. 

პირველადი არის უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც არაა გამოწვეული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით. მისი დიაგნოსტიკა ხდება, ძირითადად, ანამნეზის შეკრებით და კლინიკური გასინჯვით. მისი სახეებია:  

  • შაკიკი, 
  • დაძაბულობის ტიპის  თავის ტკივილი 
  • და ე.წ ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები.

შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და ვლინდება ცალმხრივი და მფეთქავი თავის ტკივილით, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში  წინ უსწრებს უგუნებობა, მხედველობითი და სმენითი დარღვევები. ტკივილი გრძელდება 72 საათამდე, რის დროსაც ადამიანი არის შრომის უუნარო, ფიზიკური აქტივობა უძლიერებს ტკივილს და არჩევს სიწყნარეში და სიბნელეში წოლას.

დაძაბულობის თავის ტკივილი -ყველაზე ხშირია პირველად თავის ტკივილებს შორის. იგი ლოკალიზდება შუბლში, საფეთქლებში, მთელს თავში. აქვს მოჭერის, ზეწოლის ხასიათი; ორმხრივია, წინ არ უსწრებს კონკრეტული შეგრძნებები, არ ახლავს თან სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, ფიზიკური აქტივობა არ აძლიერებს ტკივილის განცდას. გრძელდება რამდენიმე წუთიდან  რამდენიმე დღემდე.

ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები,რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილის ცალმხრივობა,მოკლე ხანგრძლივობა,განმეორადობა და ვეგეტატიური სიმპტომების თანხლება (ცრემლდენა, კონიუნქტივიტი,სახის გაწითლება შეშუპება,თვალის ნაპრალის შევიწროება,ცხვირიდან გამონადენი და სხვა).

აღსანიშნავია, რომ სანამ დაისმის პირველადი თავის ტკივილის დიაგნოზი,ზოგ შემთხვევაში გამოსარიცხია მეორადი თავის ტკივილი, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. მაგ. ტრავმა, ინფექცია, ინტოქსიკაცია მედიკამენტებით, სისხლძარღვების ადგილობრივი დაზიანება (ანევრიზმა, არტერიულ-ვენური მალფორმაცია) და სხვა. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასითებელი კლინიკური სურათი აქვს და  მასზე ეჭვის მიტანის შემდეგ საჭიროებს როგორც ანამნეზის შეკრებასა და კლინიკურ შეფასებას, ასევე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს თავის ტივილს შემთხვევაში? 
ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ იმ შემთხვევებში, თუ: 

  1. ტკივილი პროგრესირებს, 
  2. ძლიერდება პოზის შეცვლის დროს, 
  3. ადრე არსებულმა ტკივილმა იცვალა ხასიათი, 
  4. ტკივილი აღმოცენდა ონკოლოგიური დაავადების ან აივ ინფექციის დროს დროს, 
  5. თავის ტკივილი აღმოცენდება ხოლმე  დილით და თან ახლავს ღებინება, 
  6. ხასიათით არის ძალიან ძლიერი და თავზარდაცემი, 
  7. თან ახლავს კიდურების სისუსტე ან რაიმე სხვა შეგრძნებები (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი), 
  8. ტკივილი ცალმხრივია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პაციენტები ხშირად დიაგნოსტიკის გარეშე, თვითნებურად იღებენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რაც იწვევს დაავადების ეპიზოდური ფორმის ქრონიკულში გადასვლას. გარდა ამისა, მედიკამენტების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის ზღურბლის დაქვეითება და ტკივილების გახშირება. 

ზოგჯერ შესაძლებელია ქრონიკული თავის ტკივილი სინამდვილეში იყოს მეორადი და წარმოადგენდეს  სერიოზული დაავადების  ერთადერთ გამოვლინებას, რაც დროულ დიაგნოსტიკასა და ჩარევა-მკურნალობას მოითხოვს.

- რას ურჩევდით პაციენტებს?
პაციენტებს ვურჩევთ ფიზიკურ  და სპორტულ აქტივობას შეძლების ფარგლებში, წონის კორექციას, ძილ-ღვიძილის რიტმისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას, სტრეს ფაქტორების შემცირებას ან შეგუებას მათთან, თვითმკურნალობაზე უარის თქმასა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციის მიღებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით:

ტეგები

ტეგები