კანის ონკოლოგიური დაავადებები

კანის ონკოლოგიური დაავადებები

კანის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზირება და მკურნალობა ალადაშვილის კლინიკაში

ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან გავრცელებულია კანის ონკოლოგიური დაავადებები. რომლებია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე ხშირი და ყველაზე აგრესიული ფორმები? რა უახლესი მეთოდით მკურნალობენ ამ დაავადებას ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში? ამ აქტუალური საკითხების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ციტოლოგი, პროფესორი დალი თუშიშვილი.

არსებობს კანის ონკოლოგიური დაავადებების რამდენიმე ფორმა, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. ესენია კანის ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი სიმსივნეები (ბაზალიომები).  კანის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ  კიბოს წარმოადგენს ბაზალიომა, შედარებით უფრო აგრესიულ ფორმას კი - კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. რა თქმა უნდა, ვხვდებით კანის ონკოლოგიური დაავადებების სხვა სახეებსაც (მაგალითად არაეპითელური სიმსივნეები), მაგრამ ისინი შედარებით იშვიათია. 

კანის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნე განიცდის მეტასტაზირებას, ჯერ ახლომდებარე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ხოლო შემდგომ, თუ დროულად არ იქნა სათანადო ზომები მიღებული, მეტასტაზები შორეულ ორგანოებამდეც აღწევს. სწრაფი სამედიცინო ჩარევის გარეშე ამ დაავადების გამოსავალი უმეტესად ლეტალურია, რადგანაც შორს წასული ბრტყელუჯრედოვანი კიბო სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

- რას გულისხმობს კანის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნის მკურნალობა?
საწყის ეტაპზე აღმოჩენილი კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. აუცილებელია, დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოპერაცია და რადიკალურად იქნას მოცილებული პათოლოგიური წარმონაქმნი. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პროცესი უკვე შორს წასულია და გამოხატულია მეტასტაზირება, ონკოლოგი, როგორც წესი, ნიშნავს სისტემურ თერაპიას.

როგორც კი შეამჩნევთ კანზე თუნდაც მცირე ზომის უცხო წარმონაქმნის გაჩენას ან შეუხორცებელი წყლულის არსებობას, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ წინასწარი ციტოლოგიური კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ, რასთან გვაქვს საქმე. მკურნალობის შემდგომი  ტაქტიკა კი დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე.

- რა უნდა ვიცოდეთ კანის ბაზალურუჯრედოვანი სიმსივნის შესახებ?
რაც შეეხება ბაზალურუჯრედოვან კიბოს, იგი ნაკლებად აგრესიული ფორმაა. საერთოდ, ბაზალიომები შუალედურ სიმსივნეებად ითვლება. ავთვისებიანად იმიტომ არ მიიჩნევა. ბაზალიომა, როგორც წესი, არ იძლევა მეტასტაზებს. შესაბამისად, ამ ფორმის სიმსივნეები იშვიათად არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი და დაავადებულ პირს არ ელის ფატალური შედეგი ამ მიზეზით, თუმცა ბაზალიომა ადგილობრივად იწვევს კანის დესტრუქციას. მარტივი და გასაგები ენით რომ ვთქვათ, ბაზალიომა დაზიანების უბანზე „კანს ჭამს“, შესაძლოა, გავრცელდეს მიმდებარე უბნებზეც. 

შორს წასული პროცესის შედეგად ვიღებთ საკმაოდ უსიამოვნო, სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელონად გამაუარესებელ დაზიანებებს  - ბაზალიომას შეუძლია, გამოიწვიოს კანის სრული დესტრუქცია და შედეგად, დაავადებული ადამიანი ზოგჯერ მთელ გარეგან ორგანოს კარგავს. მინახავს ბაზალიომით დაავადებული პაციენტები, რომლებმაც სიმსივნის გავრცელების ლოკალიზაციის შესაბამისად დაკარგეს ყური, ცხვირი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ კანზე გაჩენილი ბაზალიომები, შესაძლოა, ძალიან დიდ ხანს, წლების განმავლობაშიც კი დარჩეს პაციენტის ყურადღების მიღმა.

- როგორ გამოიყურება ბაზალიომა, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ბაზალიომა ზოგჯერ მოვარდისფრო, ზოგჯერ მოწითალოა. ხშირად იკეთებს ფუფხს. დროთა განმავლობაში ეს ფუფხი განიცდის მოვარდნას, შემდეგ კი ისევ თავიდან წარმოიქმნება. ის გარეგნულად სულაც არ გამოიყურება ძალიან ცუდად და საშიშად, ძირითადად უმტკივნეულოა. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება დიდ ხანს ეჭვი არც კი შეეპაროს, რომ საქმე კანის სიმსივნესთან აქვს. ამიტომაც, მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ კანზე ნებისმიერი უცნობი წარმონაქმნის შემჩნევისთანავე მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს მისი წინასწარი დიაგნოზირება და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს დროული მკურნალობა.

- რა მეთოდით მკურნალობთ ბაზალიომას ალექსანდრე ალადაშვილის  სახელობის კლინიკაში?
ბაზალიომის მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. სიმსივნური წარმონაქმნის მოცილება ხდება სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად ელექტრო დანით, კრიოქირურგიული მეთოდით და ა.შ. 

განსაკუთრებით მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენს კლინიკაში დანერგილ ახალ მეთოდზე. ესაა კანის სიმსივნური წარმონაქმნების მოცილება რადიო სკალპელით, რომელიც სწრაფი, უმტკივნეული და ძალიან წარმატებული მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს. რადიო სკალპელის მეშვეობით კანზე არ რჩება არავითარი ნაწიბური ან რამე სახის მეორადი დაზიანება.  

- რა უნდა ვიცოდეთ კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ?
კანის ავთვისებიან სიმსივნეებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინოშნოს კანის პიგმენტური წარმონაქმნები, ხალები, ნევუსები, რომლებსაც გაავთვისებიანების მაღალი პოტენციალი აქვთ. ხალი შეიძლება იყოს სრულიად უვნებელი. თუმცა, შესაძლოა, პაციენტს ჰქონდეს პროლიფერირებული ნევუსი, ე.ი. როცა პიგმენტური წარმონაქმნის უჯრედები იწყებენ გამრავლებას. ეს უკვე საყურადღებო ნიშანია!

ნევუსი ასევე შეიძლება იყოს დისპლაზიური ანუ გადაგვარებული. არსებობს დისპლაზიის სამი ტიპი: მსუბუქი, ზომიერი და მძიმე. მძიმე დისპლაზიური ნევუსის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. აღებული მასალა შესასწავლად მორფოლოგს გადაეცემა და დიფერენციალური გამოკვლევის შედეგად განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. თუ დადგინდა მელანომის არსებობა, იწყება ინტენსიური და კომპლექსური ონკოლოგიური თერაპია. 

- რა არის მელანომა?
მელანომა პიგმენტის შემცველი მელანოციტებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს და დროული ჩარევის გარეშე, პაციენტი შესაძლოა 1 წელიწადშიც კი დაიღუპოს. ის კანის ავთვისებიან სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ვერაგია, თუმცა, საბედნიეროდ, საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მელანომა უმოკლეს დროში იწყებს ახლო და შორს მდებარე ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირებას, მალე ედება სხვა ორგანოებსაც. 

მელანომის მართვის პირველ საფეხურს მისი ზუსტი მორფოლოგიური დიაგნოსტირება წარმოადგენს. ამ დაავდების მკურნალობა კომპლექსურია. 

მორფოლოგი კლინიცისტს აწვდის ინფორმაციას  და სიმსივნის გენეზის, ბიოლოგიური თავისებურებების, გავრცელების და სხვა სპეციფიკური მაჩვენებლების შესახებ, რის საფუზველზეც ხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ონკოლოგის მიერ. 

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ, სიმსივნის შორსწასული შემთხვევების გამო, მკურნალობის შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ პიგმენტური წარმონაქმნები, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ  და პერიოდულად ესინჯებოდნენ ონკოლოგს. დაუგვიანებელი რეაგირების გზით ფატალური შედეგების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. 

არ მინდა, პაციენტების შეშინება გამომივიდეს, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დღეს, როცა ასეთი მაღალია კანცეროგენული ფაქტორების გავლენა, კანზე ნებისმიერი სახის წარმონაქმნმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს გაავთვისებიანება. იმისათვის, რომ არ გამოგვეპაროს ზემოთ აღნიშნული დაავადებები, საჭიროა ხშირად დავითვალიეროთ სხეული, ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვები. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები