კოლონოსკოპიური კვლევის მნიშვნელობა

კოლონოსკოპიური კვლევის მნიშვნელობა

კოლონოსკოპია - მსხვილი ნაწლავის დაავადებების გამოკვლევა და მკურნალობა

კოლონოსკოპია წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის მეთოდს. ის ენდოსკოპიის ერთ-ერთი სახეა. რა დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას გვაძლევს ეს მეთოდი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაშია რეკომენდებული კოლონოსკოპიის ჩატარება, რა მნიშვნელობა აქვს მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ენდოსკოპისტი, ბატონი გიორგი სიჭინავა.

- რა არის კოლონოსკოპია?
ეს არის სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი სპეციალური ზონდის მეშვებით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას. კოლონოსკოპია მთელი მსხვილი ნაწლავის ტოტალური გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს.

- რა შემთხვევებში ხდება კოლონოსკოპიური კვლევის ჩატარება საჭირო?
კოლონოსკოპიური კვლევა ტარდება ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა:

  • წყლულის წარმოქმნა
  • პოლიპები
  • დივერტიკულები
  • სიმსივნეები და სხვა

ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკასთან ერთად კოლონოსკოპიის მეშვეობით ასევე ხორციელდება ბიოფსიის ჩატარება, დაზიანების მოცილება, პოლიპექტომია. პოლიპის მოცილებისთანავე შესაძლებელია მისი გამოკვლევა და დადგენა, არის თუ არა პოლიპი კიბოსწინარე. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზოგ შემთხვევებში კოლონოსკოპია სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება. მაგალითად მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს, კოლონოსკოპიის მეშვეობით სისხლდენის მიზეზის დიაგნოზირებასთან ერთად ადგილზევე ხდება ენდოსკოპიური ჰემოსტაზი - სისხლდენის შეჩერება. 

- რა აპარატურით ხორციელდება კოლონოსკოპიური კვლვევა ალადაშვილის კლინიკაში?
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ენდოსკოპიურ განყოფილებაში ფუნქციონირებს OLYMPUS-ის თანამედროვე ვიდეოაპარატი. მინდა, აღვნიშნო, რომ იმისათვის, რათა ეს ძვირადღირებული კვლევა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, ალადაშვილის კლინიკაში მოქმედებს სპეციალური აქცია, რომელიც განსაკუთრებული ფასდაკლებით სთავაზობს პაციენტებს მსხვილი ნაწლავის სრულ გამოკვლევას. 

- რა მნიშვნელობა აქვს კოლონოსკოპიას მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ბრძოლაში?
კოლორექტალური კიბოს მკურნალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ გამოვლენას, რაც დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ხორციელდება. ამასთანავე, მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების თავიდან აცილების მიზნით მთელ მსოფლიოში უდიდესი როლი ენიჭება სკრინინგს, ანუ დაავადების რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, რათა დროულად მოხდეს კიბოს წინარე პათოლოგიების გამოვლენა და მკურნალობა. ყველა ამ გამოკვლევაში კი კოლონოსკოპია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს რგოლს, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაციას გვაწვდის დაავადების შესახებ. 

- ძირითადად რა სიმპტომების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ კოლონოსკოპიური გამოკვლევა?
მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები მრავალფეროვანი სიმპტომებით შეიძლება გამოიხატოს, თუმცა ყველაზე ხშირი შემდეგი ჩივილებია:

  • შებერილობა ან მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში
  • ფაღარათი
  • სისხლიანი, ჩირქიანი ან ლორწოს შემცველი გამონადენი უკანა ტანიდან
  • ყაბზობა
  • მეტეორიზმი
  • ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე და სხვ.

თუ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების წარმატებულ მართვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: სრული კოლონოსკოპიური კვლევა და გასტრო-ენტეროლოგის კონსულტაცია 200 ლარის ნაცვლად 130 ლარად!

ტეგები

ტეგები