ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ტკიპისმიერი ენცეფალიტი

რა საფრთხის შემცველია ტკიპის ნაკბენი

გვსურს, გესაუბროთ ერთი შეხედვით უცნაურ, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თანმდევ დაავადებაზე, რომელიც ბუნების შვილებისთვის დღემდე აქტუალურად რჩება - ეს არის ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ამ დაავადებას სეზონურობა ახასიათებს და თავს იჩენს ტკიპების მაქსიმალური აქტიურობის პეროდში -  შემოდგომა-გაზაფხულზე.  წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ ტყეებს, ვაწყობთ ლაშქრობებსა და ექსკურსიებს, გვძინავს ღია ცის ქვეშ, ვსხდებით კოცონთან და დავსეირნობთ ადგილებში, სადაც უამრავი ლამაზი მცენარეა. სწორედ ეს გარემოა ტკიპებისთვის ძალიან საყვარელი. 

მართალია, ტკიპისმიერი დაავადება არ არის ხშირი, მაგრამ მისი გამოვლენის შემთხვევაში შედეგები, უმეტესად ძალიან სავალალოა, რადგან ტკიპისმიერ ენცეფალიტს ახასიათებს ბევრი გართულება და ის საკმაოდ ძნელად სამკურნალოა.  ამ თემას დაწვრილებით გაგვაცნობს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი სარიშვილი.

- როგორ ვითარდება ტკიპისმიერი ენცეფალიტი?
ამ დაავადების გამომწვები მიზეზი არის არბოვირუსული ინფექცია. არბოვირუსები ტკიპის ენის მეშვეობით გადაეცემა მწერიდან ადამიანს. საინტერესოა, რომ ტკიპას გაჩნია ნერწყვის გამომყოფი პატარა ხორთუმი, რომელშიც ძლიერი გაუტკივარების საშუალებაც გამომუშავდება. შედეგად, ჩვენ ვერ ვგრძნობთ მწერის ნაკბენს. არბოვირუსები დიდი რაოდენობით სრულიად უმტკივნეულოდ ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და შეუძლიათ, გამოიწვიონ ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის ანთება. 

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეა, ძალიან იშვიათად შეიძლება გასტანოს 1-დან 60 დღემდე. დაავადება იწყება შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილით, ტეპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე. აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში. ტკივილი ასევე შეიძლება გამოიხატოს ხერხემლის მიდამოში. პაციენტს აქვს სახის ჰიპერემია (გაწითლება) და ხშირად ეს სიწითლე მთელ სხეულზეც ვრცელდება ხოლმე.

- რა ადგილებშია ტკიპა გავრცელებული?
საბედნიეროდ, ეს მწერი ყველგან ვერ მრავლდება. ტკიპას აქვს თავისი გავრცელების არეალი, ე.წ. ენდემური ზონები. ის ძირითადად ტყის ბინადარია. ასევე, განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს შინაური ცხოველების - ძაღლის, კატის, ძროხის, კამეჩის და ა.შ. ბეწვზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ტკიპის არბოვირუსები ძალიან ხშირად გადაეცემა თერმულად დაუმუშავებელი რძის მეშვეობით, წყალიც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. წყლისა და რძის გადადუღება კი კლავს ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევ მიზეზს.

- როგორია ტკიპისმიერი ენცეფალიტის განვითარების რისკი?
მართალია ეს დაავადება არც თუ ისე ხშირია, მაგრამ მისი განვითარების რისკი ერთნაირია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანისთვის. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ის პირები არიან, ვინც თავისი პროფესიული საქმიანობით დაკავშირებულნი არიან ტყესთან, პირუტყვთან. დიდი სიფრთხილე მართებთ გეოლოგებს, ექსპედიციის მონაწილეებს, ნავთობსადენებსა და გაზის მომპოვებელ ობიექტებზე მომუშავე ადამიანებს, მონადირეებს, მოლაშქრეებს და ა.შ. ყველა მათგანისთვის რეკომენდებულია პროფილაქტიკური აცრის ჩატარება. 

- როგორ დავიცვათ თავი ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან?
ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან თავდასაცავად არსებობს სპეციფიური და არასპეფიციური მეთოდები. ამ უკანასკნელში, პირველ რიგში, იგულისხმება ტანსაცმლის ხშირად შემოწმება. ტკიპის გავრცელების ადგილებში ყოფნისას რეკომენდებულია ტანსაცმლის ხშირი დათვალიერება. პერიოდულად, 2-3 სთ.-ში ერთხელ შევამოწმოთ, ხომ არ აგვეკრო ტკიპა. ასევე, კარგი იქნება, თუ ექსკურსიაზე ყოფნის დროს, მოკლე შარვლის ნაცვლად, ჩავიცვამთ გრძელს და ტოტებს მოვაქცევთ მაღალყელიანი ფეხსაცმლის ან წინდების ქვეშ. ამ გზით ტკიპა ვერ მოხვდება ჩვენს ქვედა კიდურებზე. სასურველია, დავიხუროთ ქუდი ან კაპიუშონი ტყეში სეირნობისას, რათა დავიცვათ თმა.  

ტკიპას ძალიან უყვარს ხმელი ფოთლები და ბალახი. ამიტომაც, რეკომენდებულია ბალახის მოთიბვა და ფოთლების ერთ ადგილზე მოგროვება დასაწვავად, რათა გავათავისუფლოთ სასიარულო ბილიკი „ზედმეტი საფრთხისგან“. ამასთანავე, ცნობილია, რომ ტკიპა ერიდება ქვიშაყრილს, კენჭებსა და სიმშრალეს, ასე რომ, კარგი იქნება, ქვიშითა და პატარა ქვებით მოიფინოს სავალი ადგილი. დაბოლოს, რეკომენდებულია ლაშქრობის მოწყობამდე 2 კვირით ადრე ჩავიტაროთ სპეციალური პროფილაქტიკური აცრა.

- დავუშვათ, შევამჩნიეთ, რომ ტკიპა არის კანზე მიმაგრებული, როგორ მოვაშოროთ?
არსებობს ძალიან მარტივი და უტყუარი მეთოდი, რომელიც კანიდან ტკიპის სრულ მოშორებას უზრუნველყოფს. ამ მეთოდისგან გადახვევა კი იწვევს ტკიპის ხორთუმის ან თავის კანში დარჩენას. მაშასადამე, მოქმედების სწორი ტაქტიკა ასეთია: 

ავიღოთ ხელში მარლა ან პინცეტი ან ჩავიცვათ ხელთათმანი. მოვკიდოთ ტკიპას მისი კანზე მოჭიდების პარალელურად. გახსოვდეთ, მთავარია ჩვენი მიდგომა იყოს კანზე მიმაგრებული ტკიპის მიმართ პარალელური. შემოვატრიალოთ ტკიპა 360 გრადუსით და ავწიოთ კანიდან. ასეთი შემოტრიალების დროს ტკიპას ერღვევა მოჭიდულობა და ხორთუმი მთლიანად ტოვებს კანს, რაც თავიდან გვაცილებს ზედმეტ ადგილობრივ გართულებებს.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩინეთ ტკიპის ნაკბენი და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები?
ტკიპის ნაკბენის აღმოჩენისას რეკომენდებულია სპეციალურად მოწოდებული აცრის ჩატარება. ამ დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს. გახსოვდეთ, არავითარი თვითმკურნალობა! ენცეფალიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში კი აუცილებელია გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო ჩარევა, იმისათვის რომ ფატალური შედეგები თავიდან იქნას აცილებული. 

ასე რომ, მაქსიმალურად დატკბით ბუნების მშვენიერებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები