კორონარული არტერიული დაავადებები

კორონარული არტერიული დაავადებები

რა სიმპტომები ახასიათებს გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადებას?

ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენის ხელმძღვანელი, ბატონი დავით იოსებაშვილი განგვიმარტავს მნიშვნელოვან დეტალებს კორონარული არტერიული დაავადებების შესახებ:

- რას მოიცავს კორონარული არტერიული დაავადებები?
კორონარული არტერიული დაავადება გამოწვეულია გულის მკვებავ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარებით, რომლებიც ამ არტერიების შევიწროებას იწვევს და შედეგად მნიშვნელოვან გართულებებს ვიღებთ. კორონარულ არტერიულ დაავადებებში მოიაზრება: მიოკარდიუმის ინფარქტი, სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია.
სტაბილური სტენოკარდია ესაა მდგომარეობა, როდესაც პაციენტს გარკვეული ფიზიკური დაკვირთვის შედეგად მკერდის ძვლის უკან ეწყება ძლიერი ტკივილი, რომელიც ქრება პაციენტის მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ. იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობის დატვირთვაზე აღმოცენდება ტკივილი, სტაბილური სტენოკარდია იყოფა 4 სტადიად.
რაც შეეხება არასტაბილურ სტენოკარდიას, ის გულისხმობს გულმკერდში ტკივილის განვითარებას ფიზიკური დატვირთვის გარეშე. არასტაბილური სტენოკარდია არ უკავშირდება არავითარ ფიზიკურ აქტივობას, ამიტომ თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როდის დაიწყება და როდის ალაგდება, მისი მართვა გაცილებით რთულია, შესაბამისად - პროგნოზულად უფრო მძიმეც.
არასტაბილური სტენოკარდია მწვავე კორონარული სინდრომის ერთ-ერთი ვარიანტია, დანარჩენი სიმპტომები გულისხმობს: ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტს და არა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიოის ინფარქტს (ე.წ. მიკროინფარქტი).

- რა იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას?
მიოკარდუმის ინფარქტი გამოწვეულია მწვავე იშემიით - გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების კრიტიკული შეზღუდვით. ამ დროს მიოკარდიუმი განიცდის „ჟანგბადის შიმშილს“, რადგანაც სახეზეა დისბალანსი ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, გულის კუნთის იშემია საბოლოოდ იწვევს ქსოვილის ნეკროზს და სამწუხაროდ, ყალიბდება ინფარქტი.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროს განვითარებული ტკივილი იშემიასთან ერთად იმაზეც მიუთითებს, რომ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, სანამ ტკივილს ვგრძნობთ, ესე იგი, საქმე ნეკროზამდე ჯერ კიდევ არ მისულა. როცა ტკივილი გაივლის, ეს ნიშნავს, რომ გულის კუნთის კონკრეტულმა უბანმა უკვე შეუქცევადი დაზიანება მიიღო.

- რა ჩივილებია საყურადღებო?
გულის მწვავე იშემიის მთავარი სიმპტომიარის სტენოკარდია - მოჭერითი, ძლიერი, შეტევითი, მოვლითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ტკივილის გადაცემა კიდურებში, ზურგში ,ყბაში. ასევე საყურადღებოა ჩივილები, რომლებიც ე.წ. სტენოკარდიის ექვივალენტებს წარმოადგენს. ესენია: უჰაერობა, მოხრჩობის შეგრძნება, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში, ქალბატონებსა და მოხუცებში.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მიოკარდიუმის იშემიის დროს ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება არ იყოს ყოველთვის ძალიან ძლიერი, ამიტომაც,ეს სიმპტომი, სამწუხაროდ, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება იქამდე, ვიდრე გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგება გულს. ეს განსაკუთრებით ხშირია დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც დიაბეტური ნეიროპათიების გამო დაქვეითებული აქვთ ტკივილის შეგრძნება.
დროულ რეაგირებას კი სასიცოცოხლო მნიშვნელობა აქვს. ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია,სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია, რათა მოხდეს მდგომარეობის შეფასება, ჩატარდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ინფარქტის დიაგნოზის ვერიფიცირების შემთხვევაში დაიწყოს ადეკვატური მკურნალობა.

- როგორ ხდება გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკა?
კლინიკაში ზემოთ აღნიშნული ჩივილებით შემოსულ პაციენტს არაუგვიანეს პირველი 10 წუთისა უტარდება ელექტროკარდიოგრამა, რომლის ინტერპრეტაციაც მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრის მიერ ხდება. აქვე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მიოკარდიუმის ინფარქტების დაახლოებით 50% კარდიოგრამაზე არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ანალიზები, კერძოდ, ტროპონინის ტესტი. თუ ტროპონინი მომატებულია კონკრეტულ მაჩვენებლამდე, ამ შემთხვევაში ისმება ინფარქტის დიაგნოზი, თუ ამ მაჩვენებელზე ნაკლებია მისი რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ არ დაზიანებულა გულის კუნთი და საქმე არასტაბილურ სტენოკარდიასთან გვაქვს. ორივე შემთხვევაში იწყება შესაბამისი ანტიიშემიური მკურნალობა.

- როგორია მიოკარდიუმის ინფარქტის მართვა ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში მიოკარდიუმის ინფარქტის მართვა მიმდინარეობს მსოფლიო სტანდარტებით დაწესებული გაიდლაინების მიხედვით, რაც გულისხმობს კორონაროგრაფიას, პერკუტანეულ კორონარულ ინტერვენციას PCI (ანუ სტენტირებას და ა.შ.) და აორტოკორონარულ შუნტირებას შესაბამისი ჩვენებიდან გამომდინარე.
PCI კორონაროგრაფია კორონარების შევიწროების ხარისხის დასადგენად კეთდება. ეს პროცედურა შემდეგნაირად ტარდება: სხივის არტერიიდან აორტის გავლით კორონარებში (გულის არტერიებში) შეგვყავს დიაგნოსტიკური კათეტერი. ამ დროს სპეციალური რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მეშვეობით ვავლენთ კორონარული შევიწროების ხარისხს. კარდიოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას და იგეგმება, როგორ მოხდეს მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია, ანუ გულის კუნთის სისხლმომარაგების აღდგენა.არჩევის მეთოდი კი ორია: კორონარული ანგიოპლასტიკა (ბალონირება, სტენტირება ა.შ.) ან აორტო-კორონარული შუნტირება.
ასევე, შესაძლოა, კორონაროგრაფიით გაირკვეს, რომ პაციენტი საერთოდ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, რადგან აღმოცენებული ტკივილი გულმკერდის არეში არ აღმოჩნდა გულისმიერი, ან განპირობებული იყო გულის სხვა დაავადებით.მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სტენტირების, ისე შუნტირების ოპერაცია წარმატებით ტარდება ჩვენს კლინიკაში, და საბედნიეროდ, ამ გზით ბევრი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით.

- რას ურჩევდით პაციენტებს, რომელსაც დადგენილი აქვთ კორონარული არტერიული დაავადება?
პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა - ამ დაავადების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტს გულის მკვებავ სისხლძარღვებში უკვე განვითარებული აქვს ათეროსკლეროზული ფოლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია, ასეთმა ადამიანმა მუდმივად აკონტროლოს გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა, 6 თვეში ერთხელ გაესინჯოს კარდიოლოგს, ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის დანიშნულება.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს: ალკოჰოლის მიღების შემცირება, უარის თქმა თამბაქოს მოხმარებაზე, ჯანსაღი კვება და ა.შ. განსაკუთრებით რეკომენდებულია, შევზღუდოთ ცხოველური ცხიმების მიღება, რადგან ამ დროს ჩვენს ორგანიზმში იზრდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობა, რაც პირდაპირ ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას.
და რაც მთავარია, ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით: 

ტეგები

ტეგები