facebook-pixel
Georgianenglishrussian

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ალადაშვილის კლინიკაში

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ალადაშვილის კლინიკაში

ექოსკოპია და სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ექოსკოპია, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტია. მსოფლიოში წლიდან წლამდე უმჯობესდება ულტრასონოგრაფიის აპარატები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ შინაგან ორგანოებში მიმდინარე დარღვევები და მივიდეთ ზუსტ დიაგნოზამდე. რა პათოლოგიების გამოვლენაში აქვს განსაკუთრებული როლი ექოსკოპიას, რას გულისხმობს სისხლძარღვთა დუპლექს სკანირება და რატომ არის აუცილებელი ყოველწლიურად პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება - ამ საკითხებს განგვიმარტავს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტის ხელმძღვანელი, ექიმი-რადიოლოგი თამარ დემეტრაშვილი.

- რას წარმოადგენს ულტრაბგერითი გამოკვლევა?
ულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე ექოსკოპია, რადიოლოგიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გულისხმობს ორგანოთა და რბილ ქსოვილთა გამოკვლევას ულტრაბგერითი ტალღებით. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ის არაინვაზიური, სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა და ამასთანავე, ძალიან ინფორმატიული.

- რის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას ექოსკოპია?
ექოსკოპიის მეშვეობით ხდება რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების სტრუქტურის შეფასება. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ სიმსივნური წარმონაქმნები, კისტები, კენჭები, უცხო სხეულები, სხვადასხვა ჩანართები და ა.შ. ამასთანავე, ექოსკოპია გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას შინაგანი ორგანოების ზომებისა და საზღვრების, სისხლძარღვების დიამეტრის შესახებ.
ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, უროლოგიაში და ა.შ. გარდა ამისა, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მიღებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია არამხოლოდ დაავადების დიაგნოსტიკის, არამედ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვისაც.

- რომელი ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და რბილი ქსოვილის სრულფასოვანი გამოკვლევა:

  • ექოკარდიოგრაფია,
  • ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია,
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა,
  • ლიმფური ჯირკვლების
  • სარძევე ჯირკვლის,
  • ელენთის, 
  • ღვიძლის, 
  • ნაღვლის ,
  • პანკრეასის, 
  • თირკმლების, 
  • შარდის ბუშტის, 
  • წინამდებარე ჯირკვლის,
  • საშვილოსნოს,
  • რბილი ქსოვილების, 
  • სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა,
  • სისხლძარღვების დუპლექს სკანირება და სხვ.

- რას ნიშნავს დუპლექს სკანირება?
დუპლექს სკანირება, იგივე ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, წარმოადგენს ულტრაბგერით გამოკვლევას დოპლერის ეფექტით, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად ხდება მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.

დოპლეროგრაფიის მეშვეობით ვლინდება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სისხლძარღვების თრომბოზს, სპაზმს, სტენოზს. ამასთანავე, დგინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი. ასევე ფასდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობა. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება, როგორიცაა:

  • ზემო კიდურების დაავადებები – ვენების თრომბოზი, რეინოს დაავადება, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი;
  • ქვემო კიდურების დაავადებები – ღრმა ვენების თრომბოზი; ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, ანევრიზმები, 
  • საძილე არტერიების ოკლუზიური დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
  • აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება;
  • აორტის ანევრიზმა და სხვ.

მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი - საშუალოდ ერთ საათს გრძელდება.

- რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას?
დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევა და დროული მკურნალობის დაწყება თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მხოლოდ მაშინ მიდის გამოკვლევაზე, როცა ესა თუ ის ჩივილი ძალიან აწუხებს და დაავადებაც ხშირად საკმაოდ შორს წასული აღმოჩნება ხოლმე. ასეთ შემთხვევებში რთულია სასურველი შედეგის მიღწევა. ჩემი რჩევა იქნება, ვეცადოთ და შეძლებისდაგვარად მივბაძოთ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას - ყოველ 6 თვეში/წელიწადში ერთხელ პროფილატიკის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევებს პრაქტიკულად მინიმუმამდე დაჰყავს ლეტალური შედეგები.
მინდა აღვნიშნო, რომ იმისათვის, რათა ყველა პაციენტისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ადრეული დიაგნოსტიკა, ალადაშვილის კლინიკაში ამოქმედებულია როგორც უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შემოთავაზებული აქცია საძილე არტერიების დუპლექს სკანირებაზე, სპეციალური ფასდაკლებები მოქმედებს გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კარდიოლოგიურ გამოკვლევებზე, ასევე ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინგი და სხვა უფასო თუ შეღავათიანი აქციები.

ასე რომ, ნუ გამოუტანთ საკუთარ თავს განაჩენს, დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და თავიდაც აიცილეთ შესაძლო გართულებები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>