facebook-pixel
Georgianenglishrussian

ყველაფერი გლაუკომის შესახებ

ყველაფერი გლაუკომის შესახებ

მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემა.

მსოფლიოში მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზის, გლაუკომის შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ოფთალმოლოგი, ქალბატონი თამარ ბეზარაშვილი:
- რა არის გლაუკომა?
გლაუკომა არის დაავადებათა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ხასიათდება მხედველობის დაქვეითებით, მხედველობის ველის შემცირებით, თვალშიგა წნევის გაზრდით და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა დროული ჩარევა, პაციენტმა შეიძლება სრულად დაკარგოს მხედველობა. გლაუკომა მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა.
გლაუკომა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, გენეტიკური მემკვიდრეობით გადაცემული ან შეძენილი. შეძენილი ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებს უდასტურდებათ.
- როგორ ყალიბდება გლაუკომა?
ჯანმრთელ თვალში დაბალანსებულია თვალის კაკალში სითხის მიდინება და გადინება. შესაბამისად, სითხის ნორმალური ცირკულაციის გამო მუდმივია თვალშიგა წნევის მაჩვენებელი და 18-20 მმ ვწყ. სვ-ს შეადგენს.
გლაუკომის დროს კი ეს ბალანსი ირღვევა და თვალის კაკალში ჭარბი სითხე გროვდება. შედეგად ვიღებთ გაზრდილ თვალშიგა წნევას, რის გამოც მხედველობის ნერვი და თვალის სხვა სტრუქტურები დამატებით დატვირთვას განიცდიან. ირღვევა თვალის სისხლმომარაგება. რასაც საბოლოოდ მხედველობის ნერვის ატროფია მოჰყვება. ასე ვითარდება გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რასაც მხედველობის ნერვის თანდათანობით კვდომა და მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა მოსდევს.
წინა საკნის კუთხის აგებულების მიხედვით განასხვავებენ შემდეგ გლაუკომებს:

  • ღია კუთხიანი (ქრონიკული)
  • ვიწროკუთხიანი
  • დახურულკუთხიანი 

ამასთანავე, დღეს უკვე ცნობილია, რომ გლაუკომა შეიძლება მიმდინარეობდეს არა მარტო მომატებული, არამედ ნორმალური თვალშიგა წნევის ფონზეც.
- რა იწვევს ამ დაავადებას?
გლაუკომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ყველაზე ხშირად გლაუკომა ვითარდება თვალის სისხლმომარაგების დარღვევის გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, თვალის აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებანი და ანომალიები, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემათა პათოლოგიები. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ გლაუკომის რამდენიმე ფორმას: თანდაყოლილს, იუვენილურს ანუ ახალგაზრდულს, მოზრდილთა პირველადს და მოზრდილთა მეორადს.
თანდაყოლილი გლაუკომის მიზეზს წარმოადგენს ნაყოფის დაზიანება ემბრიონული განვითარების პერიოდში ან მშობიარობის დროს. დაავადება, როგორც წესი, თავს იჩენს სიცოცხლის პირველსავე კვირებში და მისი გამოწვევა შეუძლია დედის მიერ ორსულობისას გადატანილ ინფექციურ დაავადებებს, ასევე - თირეოტოქსიკოზს, ავიტამინოზს, მექანიკურ ტრავმას, მოწამვლას, მაიონიზებულ გამოსხივებას.
რაც შეეხება იუვენილურ ფორმას, ის 3 წლის შემდეგ ვითარდება და მისი ასაკობრივი ზღვარი დაახლ. 35 წელია.
გლაუკომის ყველაზე გავრცელებული ტიპი კი მოზრდილთა პირველადი გლაუკომაა, რომელიც თვალში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებებით არის განპირობებული. ხოლო,მოზრდილთა მეორეული გლაუკომა თვალის ან თვალშიგა წნევის ნორმალიზებაში მონაწილე ორგანოს დაზიანებითაა განპირობებული.

გლაუკომის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ასაკი (45 წლის შემდეგ)
  • გენეტიკური განწყობა
  • ვიწრო წინა საკანი
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება
  • ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვ.)
  • თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვ.)
  • მაღლი ახლომხედველობა
  • მაღალი თვალშიგა წნევა
  • ტრავმა

- რა სიმპტომები ახასიათებს გლაუკომას?
ღიაკუთხიანი გლაუკომა გლაუკომების დაახლოებით 85%–ს შეადგენს და ის უხშირესად წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თანდათან მნიშვნელოვნად იმატებს თვალშიგა წნევა, ვიწროვდება მხედველობის ველი და აღინიშნება მხედველობის პერიოდული დაბინდვა.
რაც შეეხება დახურულკუთხიან გლაუკომას, ამ დროს თვალშიგა სითხის დინების სრული ბლოკის შემთხვევაში ვითარდება გლაუკომის მწვავე შეტევა, რომლის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: სტრესი, სიბნელეში დიდხანს ყოფნა, გუგის მედიკამენტოზური გაფართოვება (ვიწრო წინა საკნის არსებობისას), დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მდგომარეობა მოითხოვს ოფთალმოლოგის დაუყოვნებლივ ჩარევას.
გლაუკომის მწვავე შეტევას ახასიათებს:

  • თვალშიგა წნევის მკვეთრი და უეცარი მომატება (60-80 მმ ვწყ. სვ.) 
  • თვალის ჰიპერემია (გაწითლება)
  • ძლიერი ტკივილი
  • რქოვანა გარსის დანისვლა და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • გუგის გაფართოეება და სინათლეზე რეაგირების შეწყვეტა
  • ხელით შეხებისას თვალის კაკალი ძალიან მაგარია

აღსანიშნავია, რომ მწვავე შეტევისას პაციენტები უჩივიან თვალისა და თავის შესაბამისი ნახევრის ტკივილს (განსაკუთრებით - შუბლის არეში), ზოგად სისუსტეს, მხედველობის დაბინდვას, სინათლის წყაროსთან კონტაქტისას მხედველობის არეში ცისარტყელას რგოლების გაჩენას. ძლიერი შეტევისას ასევე მოსალოდნელია გულსა და მუცლის არეში გადამცემი ტკივილი, რაც გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის იმიტაციას იძლევა. გლაუკომის შეტევა ხშირად ერევათ შაკიკში, ჰიპერტონიულ კრიზსა და ინტოქსიკაციაში. შეტევისას აუცილებელია ოფთალმოლოგის დაუყოვნებელი ჩარევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს თვალშიგა წნევის კორეგირება, სხვა შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოს მხედველობა.
- როგორ ვმკურნალობთ გლაუკომას?
გლაუკომების მკურნალობის მთავარი მიზანი თშვალშიგა წნევის დაქვეითება და თვალშიგა სითხის ნორმალური ცირკულაციის აღდგენაა. გლაუკომების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.
გლაუკომიანი პაციენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება, ამასთანავე ჯანსაღი რეჟიმის დაცვა. ავადმყოფისთვის აკრძალულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ეკრანთან მუშაობა დასაშვებია მხოლოდ განათებულ ოთახში, ისიც - შეზღუდულად. ასევე, უნდა ერიდოს უსიამოვნო განცდებს, გაციებას. შეიზღუდოს მარილიანი და ცხარე საკვები, მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციები. კატეგორიულად აკრძალულია თამბაქო, ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა, მსუბუქი ფიზიკური შრომა. სასურველია, პაციენტმა მზეზე მწვანემინებიანი სათვალე ატაროს.
- შესაძლებელია თუ არა გლაუკომის პროგრესირების თავიდან აცილება?
გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისთვის და სრული სიბრმავის განვითარების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის დროულად გამოვლენას და მკურნალობას. ამისათვის, რეკომენდებულია, რომ 40 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად მიმართოს ოფთალმოლოგს პროფილაქტიკური გასინჯვისთვის. თვალშიგა წნევის კონტროლი, რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა და დროული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 17:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით: ჩაიტარეთ სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევა

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>