ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა

რა უნდა ვიცოდეთ ასთმის ალერგიული და არაალერგიული ბუნების შესახებ?

,,ასთმა“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სულხუთვას, გაძნელებულ, მძიმე სუნთქვას. იგი პირველად ჰიპოკრატემ გამოიყენა და მიუთითა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სინესტე და სიცივეა. წლების განმავლობაში იცვლებოდა ასთმის განმარტება. ზოგი მეცნიერი მას განიხილავდა როგორც სინდრომს, ზოგი კი როგორც ცალკე დაავადებას.
რას წარმოადგენს ასთმა თანამედროვე მედიცინის გადმოსახედიდან, რა ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას და როგორ შეიძლება ასთმური შეტევის თავიდან აცილება? ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმი-ალერგოლოგი, ქალბატონი თამარ ბარბლიშვილი:


თანამედროვე მედიცინაში ასთმა ასე განიმარტება: ეს არის ჰეტეროგენული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების ანთებით განპირობებული ჰიპერრეაქტიულობა და ამით განვითარებული სპონტანურად ან მკურნალობის შედეგად შექცევადი ბრონქოობსტრუქცია. კლინიკურად ვლინდება ხველით, მსტვინავი სუნთქვით, ქოშინით, შებოჭილობით გულმკერდის არეში.

- რა უნდა ვიცოდეთ ასთმის ალერგიული და არაალერგიული ბუნების შესახებ?
ასთმის ალერგიული და არაალერგიული ბუნების განსამარტად უნდა მოვიშველიოთ ისეთი ცნებები, როგორიცაა ეგზოგენური და ენდოგენური ასთმა. 

ეგზოგენურია ასთმა, რომელიც გამოწვეულია გარეგანი მიზეზებით (ალერგენებით) და უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში. უპირატესად მას საფუძვლად უდევს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია IgE-ის მონაწილეობით.
ენდოგენური ასთმა კი განპირობებულია შინაგანი მიზეზებით, ხშირად გვხვდება მოზრდილებში, ალერგენის იდენტიფიცირება შეუძლებელია. უპირატესად ატიპიური მიკროორგანიზმების ინფიცირების შედეგად ყალიბდება ან მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
არსებობს ბრონქული ასთმის შერეული ფორმაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაავადების გამწვავება ალერგიული და არაალერგიული ფაქტორებით. შერეული ფორმის დროს ერთდროულად არის წარმოდგენილი, როგორც კლასიკური IgE-თი გაშუალებული ბრონქული ასთმა, ისე ქრონიკული ბრონქული ასთმა და ამ უკანასკნელის პერსისტული (მუდმივი) ხასიათი განპირობებულია მწვავე რესპირაციულ-ვირუსული ინფექციებით, ან თანმხლები ჩირქოვანი რინოსინუსიტებით.

- რა სიმპტომები ახასიათებს ბრონქული ასთმის შეტევას?
ბრონქული ასთმის შეტევა იწყება სუნთქვის გაძნელებით, მშრალი ხველით, ზოგჯერ ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ახლავს ქოშინი, სულხუთვა, ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის გაძნელებული ამოსუნთქვა. პაციენტი იწყებს ღრმა ჩასუნთქვებს და უფრო დაძაბულ შემაწუხებელ ამოსუნთქვებს. ზოგჯერ სულხუთვის შეტევებს წინ უსწრებს პროდრომული პერიოდი: ქავილი ცხვირში, სასაში, ბეჭებსშუა და კისრის არეში და სხვა.

- რა პირობები უწყობს ხელს შეტევის განვითარებას?
როდესაც საქმე გვაქვს ატოპიურ (ალერგიულ) ბრონქულ ასთმასთან, სიმპტომები ვითარდება ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში ან საათში. ყინვების დადგომა და თოვლის მოსვლა აუმჯობესებს იმ პაციენტების მდგომარეობას, რომლებსაც აქვთ სენსიბილიზაცია შენობის გარე ალერგენების მიმართ. ზაფხულის პირობებში კი - წვიმა იწვევს რემისიას პოლინოზურ ასთმიან პაციენტებში. ბრონქული ასთმა, რომელიც მიმდინარეობს მთელი წელი, გამოწვეულია უპირატესად შენობის შიდა ალერგენებით.
რაც შეეხება არაალერგიულ ბრონქულ ასთმას, ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანია ინფექციური აგენტის როლი. გამწვავებები დაკავშირებულია ზემო სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციასთან, ბრონქიტთან და პნევმონიასთან.
ასევე აღსანიშნავია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებებთან მასიური და ხანგრძლივი კონტაქტი, ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებსაც პაციენტი ვერ იტანს, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასპირინული ასთმის დროს.

- როგორ ვმკურნალობთ ასთმას?
მინდა აღვნიშნო, რომ ბრონქული ასთმა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს მკურნალობის ინდივიდუალური სქემის შერჩევას დაავადების ეტიოლოგიის, პათოგენეზის (ალერგიული, არაალერგიული), მიმდინარეობის (მსუბუქი ინტერმისიული, პერსისტული - მსუბუქი, საშუალო, მძიმე), სამკურნალო საშუალებებისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მკურნალობაში გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას: სპეციფიკურ იმუნოთერაპიას და არასპეციფიკურ (პათოგენურ, სიმპტომურ) მკურნალობას.
სპეციფიკური იმუნოთერაპია არის მეთოდი, რომელიც მიმართულია დაავადების გამომწვევ ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტისკენ (ელიმინაციური თერაპია). იმ შემთხვევაში, როცა ალერგენის მოშორება ან კონტაქტის სრული შეწყვეტა შეუძლებელია, მიმართავენ გამომწვევი მიზეზის (ალერგენის) მიმართ სპეციფიკური მგრძნობელობის დაქვეითებას - სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციას.
ბრონქული ასთმის მედიკამენტურ მკურნალობაში გამოყოფენ ე.წ. ტაქტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის პრეპარატებს. ტაქტიკური მნიშვნელობის პრეპარატები გამოიყენება ბრონქული ასთმის შეტევის და ბრონქთა ობსტრუქციასთან დაკავშირებული სიმპტომების (ხველა, ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა) სწრაფად მოსახსნელად. ამ ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები. მათ სწრაფად მოქმედ, შეტევის მომხსნელ საშუალებებს უწოდებენ.
სტრატეგიული ანუ ბაზისური მნიშვნელობის საშუალებები გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის კონტროლის მიღწევის შენარჩუნების მიზნით. ამ პრეპარატების ჯგუფში შედის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კორტიკოსტეროიდები, განსაკუთრებით საინჰალაციო) და ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები.
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ასთმის მკურნალობა მაქსიმალურადაა მორგებული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს და ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების შერჩევა კომპლექსურად ხორციელდება.

- რას გულისხმობს პროფილაქტიკური ღონისძიებები?
განარჩევენ პირველად და მეორეულ პროფილაქტიკას. პირველადი პროფილაქტიკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული დაავადება, მაგრამ იმყოფებიან რისკის ქვეშ. ასეთ დროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მიმართულია რისკ-ფაქტორებისგან თავის არიდებისკენ. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს:

  • ალერგიული დაავადებების მიმართ მემკვიდრეობით წინასწარგანწყობილ პირებს, 
  • მწეველებს, 
  • მტვრიან გარემოში და ქიმიურ საწარმოებში მომუშავე პირებს, 
  • რესპირაციული ვირუსული ინფექციებით ხშირად მოავადეებს, 
  • სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, 
  • ატოპიური დერმატიტის მქონე და ცუდ ეკოლოგიურ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს და სხვ.

მეორეული პროფილაქტიკის ჯგუფი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ჩამოყალიბებული ბრონქული ასთმა და მთელი რიგი ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ ასთმის შეტევების სიხშირე შემცირდეს და მიმდინარეობა არ დამძიმდეს. ესენია:

  • დღის განმავლობაში 2 საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა, 
  • ალერგენთან კონტაქტისგან თავის არიდება, 
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, 
  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და ა.შ.

- რას ურჩევდით პაციენტებს?
პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ზუსტად შეასრულონ ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები და თვითნებურად არ შეწყვიტონ ამა თუ იმ მედიკამენტის მიღება. ასევე, დაუშვებელია პრეპარატების დოზის ცვლილება სანამ არ მოხდება მდგომარეობის შეფასება სათანადო კველვების საფუძველზე. მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ იყვნენ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოველ 3-6 თვეში ერთხელ, რათა მიღწეული იქნას ხანგრძლივი რემისია და მინიმუმამდე დავიდეს გამწვავებების სიხშირე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები