უნიკალური ოპერაცია საქართველოში - ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში წარმატებით ჩატარდა უპრეცედენტო ოპერაცია თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ.
სადიალიზო ჰეროგრაფტის იმპლანტაცია არტერიო-ვენური შუნტის ფორმირებით - ასე ჰქვია ოპერაციას, რომელიც ალექსანდე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოწვეულმა ანგიოქირურგებმა, ბატონმა გიორგი კენჭაძემ და ბატონმა გიორგი ჯინჭველაძემ ჩაატარეს ინგლისელი პროფესორის, ტრანსნაციონალური კორპორაცია „მერიტ მედიქალის“ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ექიმი რიჩარდ ლოუტონის მეთვალყურეობით.
პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა. პაციენტის ანესთეზიოლოგიური მართვა საკუთარ თავზე აიღო ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, ბატონმა ლევან ბესელიამ.
თირქმლის ქრონიკული უკმარისობის გამო პაციენტს 12 წლის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ ესაჭიროებოდა ჰემოდიალიზის გაკეთება. ჰემოდიალიზი არის პროცედურა, რომლის დროსაც სისხლი სხეულიდან გამოედინება და სპეციალური მექანიზმებით დიალიზატორში, (ანუ ხელოვნურ თირკმელში) იტუმბება. დიალიზატორი ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისგან წმენდს სისხლს და უკან აბრუნებს ორგანიზმში.
სამწუხაროდ, პაციენტის ვენური სისტემა ხანგრძლივი და მრავალჯერადი დიალიზის გამო ძალიან დაზიანდა და შეუძლებელი გახდა სასიცოცხლოდ საჭირო პროცედურის საკმარისი სიხშირით ჩატარება. შედეგად, მდგომარეობა კრიტიკულად უარესდებოდა, მკვეთრად იმატებდა ინფექციური დაავადებების განვითარების რისკიც. გადაწყდა გეგმიური ოპერაციის ჩატარება, რათა პაციენტი გამოსულიყო სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობიდან და შესაძლებელი გამხდარიყო სამომავლო დიალიზური პროცედურების საჭირო სიხშირით წარმოება.
ოპერაცია ჩატარდა 13 დეკემბერს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის წინ კრეატინინის რაოდენობა სისხლში 800 მმოლ/ლ-ს აღწევდა, რაც პაციენტის ანესთეზიოლოგურ მართვას კრიტიკულად ართულებდა, ჩვენი კლინიკის ერთიანი სამედიცინო გუნდის თავდაუზოგავი მონდომებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ოპერაციამ სრული წარმატებით ჩაიარა. პაციენტი ადვილად გამოვიდა ნარკოზიდან, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები შესაბამისი ნორმის ფარგლებში დროულად ჩადგა და მეორე დღესვე გაიწერა კლინიკიდან. ამიერიადან, მას დიალიზი ყოველგვარი გართულებისა და პრობლემის გარეშე ჩაუტარდება. ბედნიერ პაციენტს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე, ვულოცავთ ჩვენი კლინიკის ექიმებს, ბატონ ლევან ბესელიას, გუგა კენჭაძესა და გიორგი ჯინჭველაძეს შესანიშნავად ჩატარებულ ოპერაციას და მადლობას ვუხდით პროფესორ რიჩარდ ლოუტონს გაწეული თანადგომისთვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.