ალადაშვილის კლინიკის მულტიპროფილური ქირურგიული დეპარტამენტის მიმართულებებზე, აქ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ქირურგის პროფესიის უნიკალურ მხარეებზე გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, პროქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კახა ჭუბაბრია.
მოკლე პროფესიული ბიოგრაფია
ჩემი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო სწორედ ახლანდელი ალადაშვილის სახ. კლინიკიდან (იმ დროს თბილისის #2 სასწრაფო დახმარების საავადმყოფო), სადაც სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დასრულებისთანავე გავიარე ინტერნატურის ერთწლიანი კურსი ზოგად ქირურგიაში. განაწილებით 3 წელი ვიმუშავე აფხაზეთში გალის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად. შემდგომში მივლინებული ვიყავი მოსკოვის სკლიფოსოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ვეწეოდი პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას წლების განმავლობაში. მოსკოვში შესრულებული სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოს საფუძველზე დავასრულე სამეცნიერო ნაშრომი ჩირქოვან მედიასტინიტებზე, თუ არ ვცდები, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი დისერტაცია აღნიშნულ თემაზე.
საქართველოში დაბრუნებისთანავე დავიწყე მუშაობა მაშინდელ თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის #1 კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად, თანადროულად ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ამავე კლინიკის ბაზაზე არსებული ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. ამჟამად განახლებულ ალ. ალადაშვილის სახელობის მულტიპროფილურ კლინიკაში ვხელმძღვანელობ ქირურგიის დეპარტამენტს.
ეს გზა მრავალი საინტერესო გამოწვევით იყო აღსავსე. სიახლეების ძიება, განვითარების უწყვეტი რეჟიმი, წარმატებები, წინააღმდეგობების გადალახვა - ალბათ სწორედ ამ თვისებებმა განაპირობეს ჩემი წინსვლა.
ალადაშვილის კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტი
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალლკვალიფიციური პროფესიონალებით. კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ტარდება მრავალფეროვანი, რთული ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, სრულდება როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური ჩარევები, მათ შორის: ზოგადქირურგიული აბდომინური (როგორც ღია წესით, ასევე ლაპაროსკოპიული ტექნიკის გამოყენებით), თორაკალური, ტრავმატოლოგიური, ყბა-სახის, კარდიოქირურგიული, ანგიოლოგიური, გინეკოლოგიური, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, პროქტოლოგიური, ოფთალმოლოგიური პროფილის. ასევე, ოპერაციები ფარისებრ და სარძევე ჯირკვალზე. აღსანიშნავია ფართო მასშტაბის კომბინირებული ონკოქირურგიული, ონკოუროლოგიური და ონკოგინეკოლოგიური ჩარევები.
ჩვენი კლინიკა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლინიკის ადმინისტრაციის თანადგომას რაზეც მეტყველებს კლინიკაში არსებული ფუნქციონირებადი თანამედროვე სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო აპარატურა, ასევე ახლახან შეძენილი უნიკალური მიკროსკოპი ნეიროქირურგიული ანგიოგრაფიისა და ფლუორესცენციის რეჟიმებით; თანამედროვე „Conmed„-ის წარმოების ლაპაროსკოპული ტექნიკა, ბოლო თაობის მამოგრაფი. ამასთანავე, დაგეგმილია ახალი თაობის „General Electric“-ის წარმოების კომპიურეტული ტომოგრაფის მონტაჟი, იგეგმება და ხორციელდება კლინიკის სპეციალისტების სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ხელს უწყობს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას; გვაძლევს საშუალებას, ვაწარმოოთ ჩარევა ნაკლები ოპერაციული აგრესიითა და ტრავმით, რაც ამცირებს პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დროს და ადრეულ და სწრაფ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული.
პაციენტებთან ურთიერთობა
ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დეონტოლოგიის საკითხებს, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას პაციენტისა და მისი ახლობლების დადებით განწყობას, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს. ყოველივე კი წარმატებული მკურნალობისა და დადებითი შედეგის საწინდარია.
წარმატების საიდუმლო
ჩემს სტუდენტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ზოგადი ქირურგიის კურსის გავლის პერიოდმა და პედაგოგთან ურთიერთობამ შემდგომში გარკვეულწილად განაპირობა მათი პროფესიის არჩევანი. ეს ჩემთვის, რასაკვირველია, სასიამოვნოა და თანადროულად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მათთან საუბარში ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ექიმის და კონკრეტულ შემთხვევაში ქირურგის წარმატების საწინდარი პროფესიის სიყვარული და ერთგულებაა. ქირურგია დარგია, რომელიც მოითხოვს თავდადებას, თავდაუზოგავ შრომას უანგარობას, დიდ მოთმინებას, რასაც ხშირად თან ახლავს უძილო ღამეები, წარმატებები და სამწუხაროდ ზოგჯერ არამხოლოდ დადებითი ემოციები. მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ამეხსნა მათთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ქირურგის ქცევა და გადაწყვეტილების მიღება გართულებულ, არასტანდარტულ სიტუაციაში, რაც მოითხოვს ცივ გონებაზე სწრაფი, ადექვატური, ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან სწორედ სირთულის გადალახვის უნარი, ჩემი აზრით, თვალნათლივ წარმოაჩენს ქირურგის ძლიერ თუ სუსტ მხარეებს.
ექიმის რეკომენდაცია
წარმატებული მკურალობისა და კარგი გამოსავლის საწინდარი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და ადექვატური, დროული მკურნალობაა, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეული სიმპტომების გამოვლინებისას ექიმთან დროულ ვიზიტს, პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და სკრინინგს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.