Georgianenglishrussian

ქრონიკული დაღლილობის ანუ „მენეჯერის“ სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის ანუ „მენეჯერის“ სინდრომი

ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ცხოვრების არასწორი წესი, შრომითი საქმიანობის მძიმე პირობები.

ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგი, ქალბატონი ნანა ღვალაძე გვესაუბრება თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ძალიან საინტერესო დაავადების, ქრონიკული დაღლილობის ანუ „მენეჯერის“ სინდრომის შესახებ.

- რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და რითია იგი გამოწვეული?
ქრონიკული დაღლილობის ანუ ,,მენეჯერის‘’ სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც ავადმყოფი სულ მცირე, ბოლო 6 თვის განმავლობაში მუდმივად გრძნობს ფიზიკურ და სულიერ დაღლილობას. ის არ გაივლის ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი და მეტად ძლიერდება ფიზიკური და ფსიქო–ემოციური გადაძაბვის შემდეგ.

გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა იხრება ვირუსული ეტიოლოგიისკენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ებშტეინ–ბარეს ვირუსი, ჰერპესული ჯგუფის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი.

- რა რისკ-ფაქტორები უწყობს ხელს ამ დაავადების ჩამოყალიბებას?
ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ცხოვრების არასწორი წესი, შრომითი საქმიანობის მძიმე პირობები. აგრეთვე, გარემოს დაბალი სოციალური და ჰიგიენური დონე. ამ პათოლოგიით ავადდებიან ძირითადად მსხვილი ქალაქებისა და მეგაპოლისების მცხოვრებნი 25-45 წლის ასაკში. ეს იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის სწორედ ეს კატეგორია არის ძირითადად შრომისუნარიანი, რომელიც მიილტვის კარიერული ზრდისკენ, ოჯახის უზრუნველყოფისკენ. ისინი ეწევიან ინტენსიურ შრომას და ვერ ამჩნევენ განვითარებადი დაავადებების სიმპტომებს, არ მკურნალობენ ბოლომდე და ძირითადად ,,ფეხზე გადააქვთ“ ავადმყოფობა. ამ ადამიანებს აწევთ დიდი პასუხისმგებლობა, ესაჭიროებათ უდიდესი ყურადღება: მედპერსონალი, მფრინავები, რომელთაც უწევთ ღამის ცვლებში მუშაობა, სხვადასხვა სპეციალობის მენეჯერები, რომელთა მუშაობა მუდმივ გონებრივ, ვიზუალურ და სტრესულ გადაძაბვასთანაა დაკავშირებული.

- როგორია ამ დაავადების კლინიკური გამოვლინდება?
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არ არის უბრალოდ დაღლილობა, იგი წარმოადგენს სომატურ პათოლოგიას, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ლაბორატორიული მარკერები. (ლიმფოციტების გარკვეული ტიპების, უჯრედი-კილერების, ინტერლეიკინების, ინტერფერონის მომატება). სეროლოგიური გამოკვლევებით ვლინდება ჰერპეს და სხვა სახის ვირუსების მიმართ ანტისხეულების მომატება. დადგინდა, რომ ელ კარნიტინის კონცენტრაციის კლება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებლებაშია შრომისუნარიანობასა და ადამიანის თვითშეგრძნებასთან.
კლინიკურად დაავადება გარდა მუდმივი დაღლილობისა ვლინდება კუნთებისა და სახსრების ტკივილით, თავის ტკივილებით, ხშირად ყელის ტკივილებით, გაცივების ხშირი ეპიზოდებით, დეპრესიითა და ფობიებით, ფარინგიტებით, ლიმფური კვანძების გადიდებით.

- რის საფუძველზე ისმება დიაგნოზი?
ქრ. დაღლილობის დიაგნოზი არის ,,გამორიცხვის დიაგნოზი“, რაც ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, (ჰიპოფუნქცია),ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებები, ნევროლოგიური დაავადებები, მოწამვლები (მაგალითად: მძიმე მეტალებით), ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, ვიტამინების ნაკლებობა, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი ხმარება და სხვა.
თუ არცერთი კვლევით არ დასტურდება რომელიმე დაავადება, დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის, ე.წ დიდი და მცირე კრიტერიუმების საფუძველზე.

- როგორია დაავადების მკურნალობა?
პირველ რიგში, აუცილებელია დასვენება, სრულფასოვანი ძილი და სწორი კვება. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი, კონტრასტული შხაპი. დადებითად მოქმედებს პირის ღრუსა და ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობა (კარიესი, ჰაიმორიტი, რინიტი, ტონზილიტი).
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, დღის ტრანკვილიზატორები, L- კარნიტინი, მაგნიუმის პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები, არასტეროიდები კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილების მოსახსნელად, ნოოტროპები, ფიზიოთერაპია. უნდა გვახსოვდეს, რომ მედიკამენტებით თვითმკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია მივმართოთ ექიმს, რომელიც მკურნალობის მეთოდს შეარჩევს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

ნევროლოგის რეკომენდაცია;

საჭიროა სამუშაო საათების სწორი განაწილება, ეფექტურია მოკლევადიანი დასვენება ყოველ 2 საათში (თუნდაც მუსიკის მოსმენა), ხილის მირთმევა, უარყოფითი ემოციებისგან თავდაცვა. შაბათ–კვირას ქალაქგარეთ დასვენება; უარის თქმა დიდი რაოდენობით ყავასა და ნიკოტინზე.
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს სპეციფიკა. რაც უფრო ჩვენთვის საინტერესო და საყვარელ საქმიანობას ვეწევით, მით ნაკლებია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების რისკი.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით:

  1. კომპლექსური ნევროლოგიური კვლევა 174 ლარის ნაცვლად 88 ლარად
  2. თავის ტვინის CT + ნევროლოგის კონსულტაცია

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>