ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი

რა არის ალერგიული რინიტი,როგორ ვიმკურნალოთ, რა პრევენციულ ზომებს მივმართოთ ?

რა არის ალერგიული რინიტი,როგორ ვიმკურნალოთ, რა პრევენციულ ზომებს მივმართოთ რათა თავი დავიცვათ და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ, ამ თემის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმი-ალერგოლოგი, ქალბატონი თამარ ბარბლიშვილი.

– რა არის ალერგიული რინიტი?
ალერგიული რინიტი წარმოადგენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელიც გამოწვეულია IgE-გაშუალებული იმუნური პასუხით ალერგენის ინჰალაციაზე სენსიბილიზირებულ ინდივიდებში. ის გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა და გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან.

– რა იწვევს ალერგიულ რინიტს?
ალერგიული რინიტი შეიძლება გამოიწვიოს სახლშიდა და სახლგარეთა ალერგენებმა. მაგალითად: ხემცენარეებისა და ბალახების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, სოკოს სპორები, ცხოველების ეპითელიუმი და ა.შ.
ადრეულ გაზაფხულზე უპირატესად ცირკულირებს ხემცენარეების მტვერი, შემდგომ, გაზაფხულსა და ზაფხულში სხვადასხვა ბალახის ალერგენები, გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე კი სარეველა მცენარეთა ალერგენები. სოკოს, ოთახის მტვრის და ცხოველთა ალერგენები აქტიურია მთელი წლის განმავლობაში. იმის და მიხედვით, თუ რაზე არის სენსიბილიზირებული ინდივიდი, ალერგიულ რინიტს შეიძლება ჰქონდეს სეზონური ხასიათი ან გრძელდებოდეს მთელი წლის განმავლობაში.

– არსებობს თუ არა ალერგიული რინიტის განვითარების რისკ-ფაქტორები?
ალერგიული რინიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში თუ მოხდა სენსიბილიზაცია ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. მაგრამ თუ ინდივიდს აქვს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ბრონქული
ასთმა და ატოპიური ეგზემა, უფრო მაღალია რისკი ალერგიული რინიტის ჩამოყალიბების. ზოგიერთ გარეგან ფაქტორებს კი შეუძლიათ პროვოცირება ან მდგომარეობის გაუარესება. ესენია: კვამლი (თამბაქოს, ხის ნამწვის), ქიმიური საშუალებები, ცივი ჰაერი, ტენიანობა, ქარი, ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვი, სუნამოები და სხვა.

– რითი შეიძლება გართულდეს ალერგიული რინიტი?
არანამკურნალებ ან ცუდად კონტროლირებად რინიტს შეიძლება თან დაერთოს ძილის დარღვევა და ღამის აპნოე, დაღლილობა და თავის ტკივილი დღის განმავლობაში, სწავლის, კოგნიტიური ფუნქციების, პროდუქტიულობის და ცხოვრების ხარისხის გაუარესება, გართულდეს მწვავე ან ქრონიკული სინუსიტით, ნაზალური პოლიპოზით, შუა ყურის ანთებით, კბილების პრობლემებით (ხანგრძლივად პირით სუნთქვის გამო) და ა.შ.

– რა კვლევები გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის?
ყველაზე ხშირად გამოყენებადი კვლევის მეთოდია კანის ალერგიული სინჯები გარკვეულ ალერგენებზე. ასევე მივმართავთ ხოლმე ლაბორატორიულ კვლევებს სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრისთვის, ნაზალური ნაცხის ციტოლოგიური კვლევისთვის და ზოგჯერ გვესაჭიროება ისეთი კვლევები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

– როგორ ვმკურნალობთ ალერგიულ რინიტს?
ალერგიული რინიტის მართვა გულისხმობს სამ ძირითად კომპონენტს: პრევენციულ ღონისძიებებს, რათა მაქსიმალურად იქნას თავი არიდებული ალერგენთან კონტაქტს, მედიკამენტურ მკურნალობას და იმუნოთერაპიას.
პაციენტებისთვის საინტერესო იქნება განემარტოთ პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება მედიკამნტურ ჩარევას და იმუნოთერაპიას, შერჩეულ და დაგეგმილ უნდა იქნას ექიმ ალერგოლოგის მიერ თითოეული ინდივიდის მდგომარეობის და სიმძმის გათვალისწინებით.

პრევენციული ღონისძიებები:

  1. უნდა მოერიდონ გარეთ ყოფნას ცხელ და ქარიან ამინდში, ვინაიდან ამ დროს მცენარეთა მტვერი მაღალი კონცენტრაციითაა ჰაერში.
  2. მიიღონ შხაპი გარეთ ყოფნის შემდეგ, რათა ჩამოიშორონ თმასა და კანზე დარჩენილი მტვერი.
  3. სახლის ფანჯრები ჰქონდეთ მჭიდროდ დახურული მცენარეთა მტვრის აქტივობის პერიოდში, ასევე, მანქანით გადაადგილებისას.
  4. სახლში გამოიყენონ HEPA ფილტრის მქონე კონდიციონერი და მტვერსასრუტი
  5. საწოლის თეთრეული გარეცხონ მაღალ ტემპერატურაზე 54,4°C (130°F), როდესაც არიან სენსიბილიზირებული ოთახის მტვრის ტკიპაზე, ასევე, აიღონ სახლიდან ხალიჩები, ხშირად დაალაგონ სველი წესით და სპეციალური ფილტრის მქონე მტვერსასრუტით.
  6. აკონტროლონ ტენიანობა სახლში, ვინაიდან მაღალი ტენიანობისას (მეტი 50%-ზე) ხელსაყრელი პირობები იქმნება ოთახის მტვრის ტკიპის აქტივობისთვის.
  7. ნუ იყოლიებენ სახლში შინაურ ცხოველებს და მოერიდონ მათთან კონტაქტს კატის, ძაღლის და ა. შ.


თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები