Georgianenglishrussian

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად სიკვდილიანობის საერთო მონაცემებიდან 31% შეადგენს სიკვდილიანობა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო. ამ ყველასათვის აქტუალურ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კარდიოლოგი ქალბატონი მაკა ჯიბლაძე.

– რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი?
ჩვენ საუკუნეში გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა, რომელიც ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. მიოკარდიუმის ინფარქტი ეს არის გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის კვდომა, რომლის მიზეზიც არის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის რომელიმე ტოტის სანათურის დახშობა თრომბით, ხანგრძლივი სპაზმით ან ემბოლიით, ყოველივე ამას მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა, შემდგომ იშემიის და ნეკროზის განვითარება. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დამოკიდებულია დახშული სისხლძარღვის კალიბრზე, მნიშვნელოვანია ასევე ინფარქტული უბნის ზონა, სადაც ვითარდება ეს პროცესი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ინფარქტის შემდგომი გამოსავალი.

– რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები?
გამომწვევი მიზეზებია: გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი და ჰიპერტენზია, გაცხიმოვნება, ძლიერი სტრესი, მოწევა და ალკოჰოლი. მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს ცხოვრების არაჯანსაღი წესი (თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის მოხმარება), ფიზიკური აქტივობის არქონა.
ამ დაავადებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები, მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ ჯგუფსაც, მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად ვითარდება 45-50წლის ზემოთ, თუმცა ამ ბოლო დროს მიოკარდიუმის ინფარქტი ,, გაახალგაზრდავდა,, რაც უკავშირდება ამ დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას და მავნე ჩვევებს.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელია მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც ირადირებს მარცხენა ბეჭში, ზურგში, მარცხენა ზემო კიდურში (შასაძლოა მარჯვენა ზემო კიდურშიც), კისერში, ქვედა ყბაში. მიოკარდიუმის ინფარქტი შესაძლოა გამოვლინდეს ატიპიურად: აბდომინური ფორმა, ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, პაციენტი უჩივის სლოკინს, მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას. ასთმური ფორმა ვითარდება მზარდი სულხუთვა და ქოშინი. ცერებრული ფორმა: პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და ნევროლოგიური სიმპტომები. არსებობს ინფარქტის უმტკივნეულო ფორმებიც, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მოხუცებში, უმთავრესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომელთაც შაქრიანი დიაბეტის გამო გულის კუნთის ქსოვილში მგრძნობელობა აქვთ დარღვეული. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს განვითარებულ ტკივილი ხანგრძლივი, ძლიერი და ინტენსიურია. თან ახლავს სიკვდილის შიში. უნდა გვახსოვდეს, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის ერთბაშად და ელვისებურად არ იწყება. ზოგჯერ მას წინ უძღვის ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილები, რომლებიც თანდათანობით ძლიერდება, უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ბოლოს ინფარქტით სრულდება. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ვითარდება რიგი გართულებები: რითმის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.

–როგორ ვმკურნალობთ?
მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის შემთხვევაში სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, დროულად დასმულ დიაგნოზზე და შესაბამის მკურნალობაზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის ჩივილების და ანამნეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია: 12 განხრიანი ეკგ, ექოკარდიოგრაფია, გულის სპეციფიური მარკერების (ტროპონინ I და კრეატინფოსფოკინაზას MB ფრაქციის განსაზღვრა), დიფერენციალური დიაგნოზის გატარება სხვა დაავადებებთან. მნიშვნელოვანია ოქსიგენოთერაპია. კომპლექსური ფარმაკოლოგიური მკურნალობის მიზანია იშემიის შემცირება და მძიმე გამოსავლის პრევენცია. ასეთი მიდგომა მოიცავს: ანტიიშემიურ, ანტიაგრეგაციულ, ანტიკოაგულაციურ და ანტიანგინალურ თერაპიას. აუცილებელ პირობას წარმოადგენს პაციენტის ფსიქო-ემოციონალური სიმშვიდის უზრუნველყოფა. პაციენტს სათანადო მომზადების შემდეგ უტარდება კორონაროგრაფია. გულის მკვებავი სისხლძარღვების დათვარიელების პარარელურად მას სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნია, ხდება ინფარქტდამოკიდებული სისხლძარღვის ინტერვენცია- სისხლმომარაგების აღდგენა. კორონარული ანგიოპლასტიკა (ბალონირება, სტენტირება) ან აორტო-კორონარული შუნტირება.
მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი, საჭიროა სწორი კვება, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა და მუდმივად მედიკამენტების მიღება. ასევე პერიოდულად გამოკვლევების ჩატარება.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. ეპითელიუმზე სენსიბილაზიის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>