იცით თუ რომელ დაავადებას ქვია ჩუმი სიკვდილი? გსმენიათ ნაღმზე რომელიც ადამიანის ორგანიზმშია? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ანგიოქირურგი ბატონი დავით კობახიძე.
– როგორი ვენური პათოლოგიები არსებობს?
სისხლძარღვთა ქირურგიაში არის ორი სისტემა, ეს არის ვენური სისტემის პათოლოგიები და არტერიული სისტემის პათოლოგიები. ვენური სისტემის პათოლოგიებში ყველაზე ცნობილია ვარიკოზული დაავადება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ძირითადად აწუხებთ ქალებს, თუმცა მამაკაცებთანაც გვხვდება.
– როგორია ამ დაავადების დიაგნოსტირება?
ამ დაავადების დიაგნოსტირება მარტივია, რადგანაც ის ხილულია და პაციენტები მოდიან ჩივილებით ქვემო კიდურების შეშუპებაზე ,სიმძიმის შეგრძნებაზე. ზუსტი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ქვემო კიდურების ტრიპლექს სკანირება, ანუ ვენების ექოსკოპია. უნდა აღინიშნოს რომ ამ დაავადებას ტკივილი არ ახასიათებს, თუ თან არ ახლავს ანთებითი პროცესი.
– როგორია არტერიული პათოლოგიები?
არტერიული პათოლოგიები წარმოადგენს დღევანდელ დღეს ურთულეს პრობლემას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან მოსახლეობის სიკვდილიანობაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. აღნიშნული პათოლოგიები გამოწვეულია სისხლძარღვების სანათურის შევიწროვებით ან პირიქით პათოლოგიური გაგანიერებით. მოდით ქვემო კიდურების არტერიულ პათოლოგიაზე ვისაუბროთ, რომელიც არის წარმოდგენილი ქრონიკული და მწვავე არტერიული უკმარისობით. თუ პაციენტი მოდის ამბულატორიულად ქრონიკული უკმარისობით, ეს იმით გამოიხატება რომ ადამიანს მკვეთრად ეზღუდება სიარულის მანძილი. თავიდან იწყება 500 მეტრზე გაჩერებით, შესვენებით როდესაც ეწყება ტკივილი კანჭის კუნთებში. შემდგომ ეს მანძილი მცირდება 300–მდე, 200–მდე და 150–მდე. მთავრდება იმით რომ პაციენტს ეწყება მოსვენებით მდგომარეობაში ტკივილები, ტროფიული დარღვევები კიდურის კანზე და საფარველზე, სისხლი არ მიეწოდება ქვემო კიდურს, რომელიც საბოლოო ჯამში მთავრდება განგრენით.
– როგორია მკურნალობა?
დღესდღეობით მედიცინა მუდმივად ვითარდება და წინ მიიწევს, თუ ადრე შეუძლებელი იყო მცირე დიამეტრის არტერიებზე ოპერაციის ჩატარება, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და მედიცინის განვითარებამ საშუალება მოგვცა მარტივი პროცედურით აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა 2-3 მმ სისხლძარღვშიც კი. ეს არის „უსისხლო“ მეთოდი , მას სტენტირება ქვია. როცა დახშული და დაზიანებული სისხლძარღვების გახსნა ხდება და საჭიროების შემთხვევაში ხდება სტენტის ანუ იმპლანტის ჩადგმა სისხლძარღვშიდა მიდგომით . ასევე ტარდება ღია წესის ოპერაციები, შუნტირება, როდესაც არტერიის დიდი მანძილია დაზიანებული და შეუძლებელია სტენტირების გაკეთება, შუნტირების ჩატარება შესაძლებელია როგორც საკუთარი ვენით ასევე ხელოვნური საკერებელი მასალით ე.წ პროტეზით..
– რა არის ამ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის თამბაქო, რომელიც ამ დაავადებას უფრო აღრმავებს და პაციენტი მიდის სავალალო მდგომარეობამდე. შაქრიანი დიაბეტი ასევე განეკუთვნება სისხლძარღვოვანი პათოლოგიების რისკ-ფაქტორს.
– რა არის ანევრიზმა?
არტერიული პათოლოგიის მეორე უკიდურესობა არა შევიწროება არამედ გაგანიერება, რასაც ანევრიზმას ვეძახით. ანევრიზმები შეიძლება იყოს ნებისმიერი არტერიის,მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი სისხლძარღვის აორტის გაგანიერება. აორტა იყოფა ტოპოგრაფიულად გულმკერდის და მუცლის ნაწილად . ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ უბანში და ასევე შესაძლებელია იყოს კომბინირებული, რაც გაცილებით ართულებს სიტუაციას.
– როგორია ამ პათოლოგიის მკურნალობა?
ამ შემთხვევაში ვიყენებთ ნაკლებად ტრავმულ მეთოდს, ეს არის სტენტგრაფტის ჩადგმა სისხლძარღვში- ეს არის სპეციალური გარსით შემოფარგლული სტენტი და ის გამოიყენება იმისათვის რომ , ის სისხლი რომელიც ცირკულირებს ანევრიზმის პარკში იმოძრაოს მხოლოდ სტენტგრაფტში , რის შედეგადაც თავიდან ხდება აცილება ანევრიზმის გასკდომისა და ადამიანის გარდაცვალების. ჩვენს გუნდს აქვს დიდი გამოცდილება ამ ოპერაციების წარმატებით ჩატარების, მათ შორისაა პირველად საქართველოში გაკეთებული სტენტგრაფტის იმპლანტაცია უკვე გამსკდარ ანევრიზმაზე, რომელიც წარმატებით დასრულდა . ასევე ვიყენებთ კლასიკურ ღია მეთოდსაც.
– როგორ ხვდება ადამიანი რომ მას ეს დაავადება აქვს?
ძნელია სამედიცინო განათლების გარეშე ამ დაავადების გამოვლენა. ზოგჯერ ეს დაავადება ვლინდება წელში გადაცემითი ტკივილით. ამ დროს ადამიანს გონია რომ თირკმელი, ხერხემალი აწუხებს. ანევრიზმის პარკი არის პულსირებადი, როდესაც ფეთქავს ეს გადაეცემა ტკივილის სახით. ხშირად ვერ ხერხდება დროული დიაგნოსტირება და მიყავს პაციენტი ლეტალურ გამოსავლამდე.
– რა შემთხევაში ითვლება მუცლის აორტის ანევრიზმა საოპერაციოდ?
საოპერაციო ანევრიზმა ითვლება როდესაც აორტის დიამეტრი შეადგენს 5 სმ და ზევით. ამ დაავადებას ჩუმ სიკვდილს ეძახიან, ეს არის ნაღმი ადამიანის ორგანიზმში.
– რას გვეტყვით საძილე არტერიის შევიწროებაზე?
საძილე არტერია ამარაგებს თავის ტვინს სისხლით, როდესაც ხდება ამ არტერიების შევიწროვება კრიტიკულ ნიშნულამდე (60%-ზე მეტი) ან დახშობა, მაღალია რისკი იშემიური ინსულტის განვითარების. ინსულტის თავიდან აცილების მიზნით ამ პაციენტებთან კეთდება როგორც ღია ტიპის ოპერაცია, როდესაც ღია წესით ხდება სისხძარღვიდან ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოღება, ასევე დახურული წესით საძილე არტერიის სტენტირება.
– რას უნდა მიექცეს ყურადღება ასეთ დროს?
უნდა მიექცეს ყურადღება თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ხშირი თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, კოორდინაციის დარღვევა.
ალ.ალადაშვილის კლინიკაში ტარდება ყველა სახის ამბულატორული გამოკვლევა სისხლძარღვოვან პათოლოგიებზე, დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა არის უმნიშვნელოვანესი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!