წინაგულთა ფიბრილაცია

წინაგულთა ფიბრილაცია

რა არის წინაგულთა ფიბრილაცია, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორ ვმკურნალობთ.

იცით რა არის წინაგულთა ფიბრალაცია? რა გართულებები შეიძლება მოყვეს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი ქალბატონი ლია ბირკაძე.

– რა არის წინაგულთა ფიბრილაცია?
წინაგულთა ფიბრილაცია არის გულის რითმის დარღვევა, რომელსაც მარტივად მოციმციმე არითმიას უწოდებენ. ის ექსტრასისტოლური არითმიის შემდეგ ყველაზე ხშირ რითმის დარღვევას წარმოადგენს და მისი რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. წინაგულთა ფიბრილაციას საფუძვლად უდევს გულის კუნთის შემცვლელი ელექტრული აქტივობა, რაც განაპირობებს მის არარეგულარულ და არაკოორდინირებულ მუშაობას. წინაგულთა ფიბრალაციის დროს წინაგული ვერ იკუმშება ეფექტურად, მხოლოდ ირხევა მისი კედელი, რის გამოც ვერ იცლება სისხლისგან, რაც ქმნის სისხლის შეგუბების და თრომბის წარმოქმნის პირობას. დღეისათვის არსებობს წინაგულთა ფიბრალაციის შემდეგი ფორმები: პაროქიზმული, პერსისტული, გახანგრძლივებული პერსისტული და პერმანენტული ანუ მუდმივი. ამათგან გამოყოფენ ორ ძირითად ფორმას: პაროქსიზმულს და პერმანენტულს. გულისცემის მიხედვით განასხვავებენ ბრადისისტოლურ, ნორმოსისტოლურ და ტაქისისტორულ ფორმებს.

– რა იწვევს წინაგულთა ფიბრილაციას?
არსებობს უამრავი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს წინაგულთა ფიბრილაციის განვითარებას: გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, სარქვლოვანი პათოლოგია, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ელექტროლიტური დისბალანსი, ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მოხმარება. თუმცა შესაძლებელია წინაგულთა ფიბრილაცია დაიწყოს რაიმე გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. აღნიშნულ არითმიას უწოდებენ ეულ მოციმციმე არითმიას "Lone AF".

– რა სიმპტომებით ვლინდება?
წინაგულთა ფიბრილაციას ახასიათებს გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, იშვიათად გონების დაკარგვის შეგრძნება.

– როგორია დიაგნოსტირება?
დიაგნოზი ისმება ელექტროკარდიოგრამის საფუძველზე. ეკგ უნდა გადაეღოს ყველა სიმპტომების მქონე და უსიმპტომო პაციენტს, სადაც არარეგულარული პულსის გამო საეჭვოა წინაგულთა ფიბრილაციის არსებობა. ზოგჯერ საჭირო ხდება ხოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი.

– როგორია მკურნალობა?
მუდმივი ფორმის წინაგულთა ფიბრილაციის დროს აუცილებელია სიხშირის კონტროლი. პაროქსიზმული ფორმის წინაგულთა ფიბრილაციის დროს სტრატეგია არის რითმის კონტროლი. სინუსური რითმის აღდგენა ხდება სტაბილური ჰემოდინამიკის დროს მედიკამენტური კარდიოვერსიით, არასტაბილური მდგომარეობის დროს ელექტრული კარდიოვერსიით. სასწრაფო ფარმაკოლოგიური კარდიოვერსიისთვის გამოიყენება ინტრავენური ბეტაბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები და კორდარონი. პაციენტების ნაწილთან რეკომენდებულია აბლაცია. ეს გახლავთ ინვაზიური პროცედურა, რომელიც ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. გულში შეყავთ კათეტერი, ხდება არითმოგენური უბნის მოძებნა და მოცილება, თუმცა აბლაცია ყოველთვის ეფექტური არაა.

– რამდენად სერიოზული პრობლემაა წინაგულთა ფიბრილაცია?
წინაგულთა ფიბრილაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, ინსულტი და სიკვდილიც კი. ყველაზე ხშირი გართულება არის ინსულტი. წინაგულთა ფიბრილაციის დროს ინსულტის განვითარების რისკი ხუთჯერ მატულობს.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები