Georgianenglishrussian
გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა

რა იწვევს გულის უკმარისობას და როგორია მკურნალობა, რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ.

გაინტერესებთ რა იწვევს გულის უკმარისობას? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი მაკა ჯიბლაძე.

– რა არის გულის უკმარისობა?
გული წარმოადგენს მძლავრ კუნთოვან ორგანოს. ყოველი შეკუმშვისას იგი გადაისვრის 60–75 მლ სისხლს, ხოლო წუთში 4–5 ლიტრს სისხლს. 70 წლის განმავლობაში გული აწარმოებს 2.5 მილიარდ შეკუმშვას და გადაისვრის 156 მილიონ ლიტრ სისხლს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ამ სამუშაოს გული აწარმოებს უწყვეტად და საკმარისია ამ მუშაობის შეფერხება სულ 3 წამით და ვითარდება სიცოცხლისათვის სახიფათო პრობლემები.

გულის უკმარისობა რთული კლინიკური სინდრომია, რომელიც გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის დასუსტებაზე მიუთითებს. იგი გულის სტრუქტურული და ფუნქციური დაზიანებით შეიძლება იყოს განპირობებული. რიგ შემთხვევაში გულის უკმარისობა განპირობებულია მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითებით ხასიათდება. სხვა შემთხვევაში გულის უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის ფონზე ვითარდება. გულის უკმარისობა არის სინდრომი, რომლითაც შესაძლოა დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია. მიუხედავად მრავალი მიზეზისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება - ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.

მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიხედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმარისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება.

არსებობს გულის უკმარისობის ოთხი ფუნქციური კლასი:
I კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც არ იწვევს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას არ ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
II კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს ფიზიკური აქტივობის მცირედ შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
III კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც კი ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
IV კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, სიმპტომურია მინიმალურ დატვირთვასა და მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
როდესაც გული, როგორც ტუმბო არ მუშაობს კარგად ვითარდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენების მდგომარეობაში, ხდება სითხის დაგროვება ფილტვებში, მუცლის ღრუში, ქვედა კიდურებში ან სხეულის სხვა წილებში. არაიშვიათად პაციენტს აწუხებს მშრალი ხველა (წამოხველება), უჭირს ყოფნა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და იძულებით ზის, ან იყენებს დამატებით ბალიშს. გულის უკმარისობა ყველაზე ხშირია პაციენტებში გულის იშემიური დაავადებითა და ჰიპერტენზიით. გულის უკმარისობის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შორის გ.უ-ის გამომწვევი უფრო ხშირი მიზეზი მაინც გულის იშემიური დაავადებაა - პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონული დაავადება. განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების აგებულება, რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას. მიოკარდიტი ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი) ასევე შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ხშირად პაციენტებში, რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მწვავდება სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე, რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.
პირველადი ჯანდაცვის დონეზე გულის უკმარისობის დიაგნოზი ემყარება დეტალურ ანამნეზს, ასევე კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების შეფასებას. პაციენტები გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, ვისთანაც საეჭვოა გულის უკმარისობა საჭიროებენ ტრანსთორაკალურ 2- განზომილებიან ექოკარდიოგრაფიას. თუ პაციენტს ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი არ აღენიშნება, მაგრამ გულის უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები სახეზეა, რეკომენდებულია შრატში ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) ან N-ტერმინალ პრო-B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის განსაზღვრა (NTproBNP). შრატში ნატრიურეზული პეპტიდის დონის მომატება ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ნატრიურეზული პეპტიდის დონის მომატება მოსალოდნელია სხვა დაავადებების ფონზეც.

– როგორია დიაგნოსტირება?
გულის უკმარისობის დიაგნოზტიკისთვის მნიშვნელოვანია:
ანამნეზის სრულად შეკრება;
ფიზიკალური გამოკვლევა;
ლაბორატორიული კვლევები — პაციენტის საწყისი კვლევა მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს, შარდის ანალიზს, შრატში ელექტროლიტების (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის ჩათვლით), გლიკოლიზებული ჰემოგლობინის და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციურ ტესტებს;
ელექტროკარდიოგრაფია(ეკგ) სრულ წარმოდგენას გვაძლევს გულის ისეთ ფუნქციურ მდგომარეობაზე, როგორიცაა ავტომატიზმი, აგზნებადობა და გამტარებლობა. ეკგ საშუალებას იძლევა დადგინდეს ჰიპოქსიასთან და ელექტროლიტურ დარღვევებთან დაკავშირებული ცვლილებები მიოკარდიუმში. ექოკარდიოგრაფიით იკვლევენ გულის საკნების მოცულობის ცვლილებას, მათი კედლების სისქეს, მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარს, გულის სისტოლური და წუთმოცულობას.

გულის უკმარისობის დროს გულის შეკუმშვის უნარი ქვეითდება, ის აორტაში უფრო ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული. შედეგად მის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი, რომლის გადატყორცნაც გულმა ვერ უზრუნველყო, გროვდება ვენებში, რომლებიც ამ სიტუაციაში ერთგვარი დეპოს ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება.
გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებია:

  • დისპნოე;
  • ადვილად დაღლა;
  • დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვა;
  • სითხის შეკავება, რაც იწვევს შეგუბებას მცირე წრეში, ყოველივე ამცირებს პაციენტის ფუნქციურ შესაძლებლობას და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.

არ არის აუცილებელი რომ სითხის შეკავება და დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვა გამოვლინდეს ერთდროულად, ზოგ პაციენტს აქვს დატვირთვის უნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება და ჰიპერვოლემიის მცირე გამოხატულება მაშინ, როდესაც ზოგჯერ თავდაპირველად ვლინდება შეშუპება და ნაკლებად დისპნოე და ადვილად დაღლა. გულის უკმარისობა პროგრესირებადი პათოლოგიაა. მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია იწყება მიოკარდიუმის დაზიანებით ან სტრესით.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ მოცირკულირე და ქსოვილოვანი ნორეპინეფრინის, ანგიოტენზინ II-ის, ალდოსტერონის, ენდოთელინის, ვაზოპრესინის და ციტოკინების მომატებული რაოდენობა, რომელებსაც შეუძლია იმოქმედონ გულის სტრუქტურასა და ფუნქციაზე. ეს ფაქტორები არა მარტო ზრდის ჰემოდინამიკურ სტრესს ნატრიუმის შეკავების და ვაზოკონსტრიქციის გზით, არამედ ახდენს პირდაპირ ტოქსიურ გავლენას გულის უჯრედებზე და ასტიმულირებს მიოკარდიუმის ფიბროზს, რაც შემდგომ კიდევ უფრო აუარესებს გულის მუშაობას.

– როგორ ვუმკურნალოთ გულის უკმარისობას ?
გულის უკამრისობის მკურნალობისა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმ პათოლოგიის მკურნალობა რომელმაც მკვეთრად დააქვეითა გულის ფუნქცია. გულის უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გააუმჯობესებს გულის შეკუმშვის უნარს, შეამცირებს მის დატვირთვას ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოყოფისა და ვენური და არტერიული სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. წინა წლებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა საგულე გლიკოზიდები. დღეს მათ უფრო იშვიათად - მხოლოდ განსაზღვრული ჩვენებისა და დაავადების შორსწასულ შემთხვევებში - იყენებენ.
გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება შარდმდენები. ეს პრეპარატები ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. მათი დანიშვნა აუცილებელია, როცა აღინიშნება სითხის შეკავების სიმპტომები – ქვემო კიდურების შეშუპება, სხეულის მასის მატება, მუცლის მკვეთრი ზრდა. ბოლო ხანს გულის უკმარისობის სამკურნალო მთავარ პრეპარატებად მიიჩნევა ანგიოტენზინგარდაქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ისინი გულის უკმარისობის დროს თითქმის ყველა პაციენტს ენიშნება. აგფ-ინჰიბიტორები ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. ასევე ინიშნება ბეტა ბლოკერები, რომლებიც აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვეითებს ჟანგბადზე გულის მოთხოვნილებას.

– როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი გულის უკმარისობის დროს ?
პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. დაუშვებელია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება. დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არათუ ზიანს არ აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს.

– რა ელის დაავადებულს?
გულის უკმარისობა ადამიანის ორგანიზმისთვის მკაცრი გამოცდაა. სამწუხაროდ, ბევრი ქოშინს, ადვილად დაღლასა და გულისცემის შეგრძნებას უმნიშვნელო მოვლენებად მიიჩნევს. გულის ქრონიკული უკმარისობა თავდაპირველად ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება. თუ პაციენტი ხანში შესულია, ამ სიმპტომებს სიბერეს მიაწერს და სამკურნალო დაწესებულებას მაშინღა მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრეულ ეტაპზე. როდესაც ავადმყოფი ექიმს დაავადების პირველი გამოვლინებისთანავე მიმართავს, მკურნალობაც დროულად იწყება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პროგნოზს. პროგნოზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია გულის უკმარისობის გამომწვევი პათოლოგიის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების წყალობით შეიძლება გულის უკმარისობის მართვა და პაციენტისათვის არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტის გამოსავალი, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა თუკი არ მოხერხდა ძირითადი პათოლოგიის გამოსწორება.
გულის უკმარისობით მსოფლიოში 20 მილიონი ადამიანია და საბედნიეროდ, თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, მათ გააჩნიათ შედარებით უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების გაცილებით მეტი შანსი ვიდრე წინათ. წარმატებები გულის უკმარისობის მკურნალობაში განპირობებულია იმით, რომ: 1. ერთის მხრივ გაცილებით ბევრად უფრო მეტი ვიცით ამ დაავადების განვითარების მიზეზების შესახებ და მეორეს მხრივ გაჩნდა უფრო ზუსტი სადიაგნოსტიკო საშუალებები; 2. კარგად ჩამოყალიბებულია დიეტური, თუ სხვა არამედიკამენტოზური რეკომენდაციების ნუსხა; 3. შექმნილია ახალი მაღალეფექტური პრეპარატები; 4. საჭიროების შემთხვევაში უფრო აქტიურად გამოიყენება ე.წ. გულის დამხმარე მოწყობილობები.
გულის უკმარისობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული წარმატებების მიუხედავად, საჭიროა იმის ცოდნა, რომ ეს დაავადება სერიოზულ კარდიოლოგიურ მდგომარეობად რჩება და მისი არსი იმაშია, რომ გულს არ შესწევს ძალა ორგანიზმში გადატუმბოს სისხლის ის მოცულობა, რომელიც საჭიროა სასიცოცხლოდ მნივნელოვან ორგანოთა ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
სამკურნალო ღონისძიებების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სუფრის მარილის (ნატრიუმის) და წყლის მოხმარების შეზღუდვა, სხეულის წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობის დოზირება (სპეციალური პროგრამით). მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ ექიმი შეგირჩევთ მედიკამენტებს, რომელთა მიღება სავალდებულოა იმ წესით, რომელსაც ექიმი განგისაზღვრავთ. ზოგიერთი ტიპის რიტმის დარღვევის მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, სათანადო ჩვენების არსებოსბის დროს გამოიყენება მცირე ზომის, კანქვეშ ჩასანერგი ელექტრული დეფიბრილატორები, ხოლო შეკუმშვადი ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ხელს უწყობენ გულის უფრო ეფექტურ მუშაობას.
განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისაათვის, რომლებთანაც მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური გათვალისწინებულია გულის გადანერგვა.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>