როგორია მზის სხივების ზემოქმედება ჩვენს კანზე და რა უნდა ვიცოდეთ რუჯის შესახებ. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი რუსუდან კახიძე.
– რა არის ხალი და არის თუ არა ის თავისთავად საშიში?
ხალი ხალხური სიტყვაა და სამედიცინო ენაზე მას ნევუსი ეწოდება. იგი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ადამიანის კანზე შესაძლოა იყოს სხვადასხვა წარმონაქმნი. ყველა წარმონაქმნი ხალი არ არის. არსებობს კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნი. სხეულზე არსებული წარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია (პაპილომები, ანგიომები, დერმატოფიბრომები, სებორეული კერატომები და სხვა ).
სამწუხაროდ არსებობს საეჭვო წარმონაქმნები და შესაბამისად საჭიროა მათი დროული აღმოჩენა. კანის კიბო მსოფლიოში სიმსივნური დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მისი მკურნალობა მეტად ეფექტურია.
– არის თუ არა მზის სხივები საშიში "ხალებიანი" ადამიანებისთვის?
დედამიწაზე მზის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ზოგადად ზომიერად მზის სხივები ყველა ადამიანისთვის აუცილებელიც კი არის. მაგალითად D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების დახმარებით გამომუშავდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ არსებობს კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები. ამის გარდა არსებობს კანზე არსებული სხვა დაავადებები, რომლებიც ითვლება როგორც კიბოს წინარე მდგომარეობა. ასეთი დაავადებაა მაგალითად აქტინური კერატოზი. ძირითადად ემართებათ ასაკოვან ადამიანებს, სხეულის მზისგან დაუცველ მიდამოებში ( სახეზე, კისერზე, ყურებზე, ხელის მტევნებზე, თავზე ). იგი ვლინდება მოწითალო–მოვარდისფრო ლაქების სახით, რომელსაც აქვს გაუხეშებული ზედაპირი. სტატისტიკურად დაახლოებით 15%–20% შემთხვევაში შეიძლება მზის სხივების ზემოქმედებით გადაგვარდეს ბრტყელ უჯრედოვან კარცინომად, ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ დაავადებას იგი საკმაოდ ხშირად გვხვდება და აგრეთვე მზისგან დაუცველ მიდამოებში არის ლოკალიზებული. აღსანიშნავია აგრეთვე ბაზალიომა, რომელიც კანის ზედაპირზე წარმოქმნილი სიმსივნური დაავადებაა და მეტად გავრცელებულია კანის სიმსივნეებს შორის. მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში აზიანებს ქვეშ მდებარე ქსოვილებს და იწვევს მათ დაწყლულებას ანუ დესტრუქციას. კანის სიმსივნეებს შორის მეტად აგრესიულია მელანომა. საბედნიეროდ ის არ გვხვდება ხშირად. მელანომით ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც მოიცავს დერმატოლოგთან ვიზიტს ხალების შემოწმების მიზნით და მზის სხივებისგან სათანადო დაცვას.
- რას ურჩევდით რუჯის მოყვარულ ადამიანებს?
ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ეს თემა. ვინაიდან იმის გარდა რომ ყველა ადამიანი გარკვეულწილად მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ექცევა, მეტად გახშირდა რუჯის მოყვარულთა რაოდენობა. იმისათვის რომ ადამიანი უსაფრთხოდ გაირუჯოს მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ფოტომგრძნობელობის მიხედვით თუ რომელი ტიპის კანი აქვს. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს 6 ტიპის კანი. მაგალითად თუ ადამიანს აქვს ძალიან თეთრი კანი, იგი ყოველგვარი დაცვის გარეშე მზის სხივების ზემოქმედებით ძალიან სწრაფად წითლდება, მას კანი ეწვება. შედეგ ეს დამწვრობა გადის რამოდენიმე სტადიას, კანი იქერცლება და ისევ თეთრი ხდება. მაშასადამე პირველი ტიპის მქონე კანის ადამიანს არ შეუძლია რუჯის მიღება. ასეთი კანის შემთხვევაში და მითუმეტეს ხალების არსებობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მზის სხივების ზემოქმედების დროს. სასურველია მათ კონსულტაცია გაიარონ დერმატოლოგთან რათა დერმატოსკოპით დათვალიერდეს მათი ხალები და მიიღონ სათანადო რჩევები. ზოგადად ყოველთვის ყველა ადამიანმა თავი უნდა დაიცვას მზის ინტენსიური გამოსხივებისგან. გაირუჯონ მხოლოდ 10–11 საათამდე დილით და 6 საათის შემდეგ საღამოს. დანარჩენი დრო გაატარონ ჩრდილში. გამოიყენონ მზის დამცავი კრემები, რომელსაც აქვს UVA და UVB სხივების დამცველობითი ფაქტორი. უნდა ვიცოდეთ რომ აღნიშნული კრემები იწყებს მოქმედებას 25–30 წუთის შემდეგ და გვიცავს დაახლოებით 2–3 საათის განმავლობაში. მზის სხივების ზემოქმედება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის და 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის. ამიტომ აუცილებელია მათი სათანადო დაცვა. ყურადღება უნდა მიექცეს კანზე არსებულ წარმონაქმნებს განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც ისისნი იცვლიან ზომას, ფერს, კონტურს, იწვევს ქავილს და აქვს ტენდენცია დაწყლულებისკენ. ფოტომგრძნობელობა და ხალების არსებობა განაპირობებს რისკის ფაქტორს. მიუხედავად იმისა არის თუ არა ადამიანი მაღალი რისკის ქვეშ მან უნდა დაიცვას თავი კანის კიბოსგან. განსაკუთრებით პროფილაქტიკური ღონისძიებები საჭიროა იმ ადამიანებისთვის ვინც ცხოვრების მანძილზე იმყოფებიან მზის ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოსხივების ქვეშ.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!