უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი კარდიული სიკვდილი

კარდიული სიკვდილი,ვინ არის რისკის ქვეშ და რა სიმპტომებით ვლინდება.

გსმენიათ უეცარი კარდიული სიკვდილის შესახებ? იცით რა სიმპტომებით ვლინდება? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი კარდიოლოგი ეკატერინე ინაური.

უეცარი კარდიული სიკვდილი წარმოადგენს სიკვდილობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს მთელს მსოფლიოში. უეცარი კარდიული სიკვდილის (უკს) შედეგად აშშ-ში ყოველწლიურად ≈450 000 ადამიანი იღუპება, საქართველოში ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ა.შ.შ.-ს სტატისტიკის საქართველოში პირდაპირ გადმოტანით, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება.

უეცარი კარდიული სიკვდილი – ეს არის გულის დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილი, რომელიც ვითარდება მწვავე სიმპტომების განვითარებიდან 1 საათის განმავლობაში. ამასთანავე, ავადმყოფს შესაძლოა ჰქონდეს გულის დიაგნოსტირებული დაავადება, მაგრამ სიკვდილი დგება მოულოდნელად და სწრაფად, ძირითადი დაავადების სიმტომატიკის დამძიმების გარეშე.

ვინ არის რისკის ქვეშ?
უეცარი კარდიული სიკვდილი ხშირად ვითარდება აქტიურ, ერთი შეხედვით ჯანმრთელ პაციენტებში, რომელთაც დადგენილი არ ჰქონდათ გულის რაიმე დაავადება, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. მაგრამ სინამდვილეში, უეცარი კარდიული სიკვდილი არ არის შემთხვევითი მოვლენა ანუ არ ვითარდება უსაფუძვლოდ. ასეთი პაციენტების უმრავლესობას აქვს გულის დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, მიუხედავად იმისა თვითონ იციან თუ არა ამის შესახებ. უეცარი სიკვდილის მიზეზი ძირითადად ხდება არითმია : პარკუჭთა ტაქიკარდია/ფიბრილაცია ან გამტარებლობის დარღვევები. უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზს შემთხვევათა 50%-ში წარმოადგენს გულის იშემიური დაავადება; უფრო მეტიც, არც თუ იშვიათად, იგი ამ დაავადების პირველი და ერთადერთი გამოვლენა ხდება. სხვა პათოლოგიებიდან აღსანიშნავია მიოკარდიუმის გენეტიკური არითმოგენური პათოლოგიები, კარდიომიოპათიები, კორონარების ანატომიური ანომალია და სხვა. აღსანიშნავია რომ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს აქვთ 35%-ზე ნაკლები განდევნის ფრაქცია.

კლინიკური სურათი:
უეცარი კარდიული სიკვდილი შეიძლება განვითარდეს როგორც ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გადატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში. ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარში აღინიშნება ძლიერი ანგინოზური ტკივილი, რასაც ხშირად თან ახლავს სიკვდილის შიში, შემთხვევათა მეოთხედში უეცარი კარდიული სიკვდილი ელვისებურად ვითარდება ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გამოვლენის გარეშე. დანარჩენ პაციენტებში 1-2 კვირით ადრე აღინიშნება განსხვავებული ხშირ შემთხვევაში არასპეციფიური პროდრომული ნიშნები, რაც დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს: გულის არეში ტკივილების გახშირება (ზოგჯერ ატიპიური ლოკალიზაციის), ქოშინი, ზოგადი სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება. უშუალოდ ფიბრილაციის ან ასისტოლიის დროს ვლინდება მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტის შედეგად ავადმყოფი კარგავს გონებას, ვითარდება ჩონჩხის კუნთების ტონური შეკუმშვები, ხმაურიანი სუნთქვა. გარეგანი დათვალიერებისას კანის საფარველი ფერმკრთალია, მონაცრისფრო ელფერით, შეხებით ცივი. სწრაფად ფართოვდება გუგები, პულსი საძილე არტერიაზე არ ისაზღვრება, გულის ტონები არ ისმინება. აღინიშნება გუგისა და რქოვანას რეფლექსის გაქრობა, სუნთქვა ხშირდება, ხდება აგონიური. ვლინდება ცალკეული კრუნჩხვითი სუნთქვითი მოძრაობები, 2.5-3 წუთის შემდეგ კი სუნთქვა ჩერდება. ფიბრილაციიდან ან ასისტოლიის განვითარებიდან 3 წუთის შემდეგ თავის ტვინის ქერქში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება.

რისკ-ფაქტორების გამოსავლენი ტესტები
არსებობს გულის გაჩერების მაღალი რისკის მქონე პაციენტების გამოსავლენი მრავალი ტესტი. ესენია:

ექოკარდიოგრამა
უმტკივნეულო გამოკვლევაა. გულის მოძრავი გამოსახულების მისაღებად გამოყენებულია ულტრაბგერითი ტალღები. აღნიშნული ტესტი იძლევა გულის განდევნის ფრაქციის და უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის შემცველი სხვა პრობლემების გამოვლენის საშუალებას.

ელექტროკარდიოგრამა (ეკგ)
უმტკივნეულო გამოკვლევაა. ელექტროდები მაგრდება გულმკერდზე და კიდურებზე, რის საშუალებითაც ხდება გულის ელექტრული სიგნალების ჩაწერა. მისი საშუალებით ხდება არითმიის გამოვლენა. ზოგიერთი არითმია შეიცავს უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალ რისკს (არის სიცოცხლისათვის საშიში).

ჰოლტერის მონიტორინგი
მობილური ტელეფონის ზომის აპარატი, რომელიც პაციენტს უმაგრდება გულმკერდზე და 24 ან 48 საათის განმავლობაში იწერს მის რიტმს. აპარატის მოხსნის შემდეგ ექიმი აკეთებს ჩანაწერის ანალიზს.

მარყუჟოვანი ჩამწერი (ივენთ-რეკორდერი)
მცირე ზომის (მეხსიერების ბარათის ზომის) აპარატი, რომელიც პაციენტზე უფრო ხანგრძლივი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ჰოლტერის მონიტორინგისგან განსხვავებით მუდმივად არ იწერს გულის რიტმს, ჩაწერის რეჟიმი აქტიურდება მხოლოდ არითმიის ავტომატურად დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ პაციენტი იგრძნობს არითმიას და გააქტიურებს აპარატს.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა (EPS)
კვლევა ტარდება კლინიკაში ადგილობრივი ანესთეზიით; საზარდულის ან ლავიწქვეშა არეში კეთდება გამაყუჩებელი. ვენების საშუალებით, რენტგენის კონტროლით გულში შეჰყავთ წვრილი, რბილი მავთული ელექტრული სიგნალების ჩასაწერად. კვლევის დროს ელექტროფიზიოლოგი იკვლევს გულიდან მომდინარე ელექტრული სიგნალების სისწრაფეს და ნაკადს და პირიქით ასტიმულირებს გულს იმის დასადგენად, გამოიწვევს თუ არა არითმიას. ექიმმა ასევე წინასწარ უნდა გაარკვიოს პაციენტს აქვს თუ არა გადატანილი ინფარქტი, ან ხომ არ ფიქსირდება გადატანილი ინფარქტისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები. ყველა ეს ინფორმაცია ექიმს ეხმარება განსაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი.

პრევენცია 
არსებობს უეცარი კარდიული სიკვდილისაგან დაცვის მრავალი საშუალება. პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი (Heart-Healthy Life), რაც ამცირებს გულის გაჩერებით ან გულის სხვა დაავადებებით სიკვდილის ალბათობას. ეს ღონისძიებებია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი საკვებით კვება, ნორმალური წონის შენარჩუნება და მოწევისგან თავის შეკავება. ასევე მნიშვნელოვანია იმ დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობა და მონიტორინგი რომლებიც ხელს უწყობენ გულის პრობლემების განვითარებას; ასეთებია არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და შაქრიანი დიაბეტი. და ბოლოს, ზოგიერთ პაციენტთან უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენცია გულისხმობს დარღვეული გულის რითმის მკურნალობას, რათა აღნიშნული არითმია არ გახდეს პარკუჭთა ფიბრილაციის გამომწვევი (ტრიგერი). არითმიის მკურნალობა ხდება 3 გზით:

მედიკამენტების საშუალებით, როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის არხების ბლოკერები და ანტიარითმიული საშუალებები, შესაძლებელია არითმიის კონტროლი ან სხვა მდგომარეობების მკურნალობა, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდნენ გულის დაავადებების განვითარებას და უეცარ კარდიულ სიკვდილს. მაგრამ, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ძალიან ეფექტურ დაცვას უეცარი კარდიული სიკვდილისაგან.ყველაზე ეფექტურ საშუალებად უკს-ის მსხვერპლთა გადასარჩენად ითვლება დეფიბრილაცია. შესაბამისად, კარდიოლოგიურ პრაქტიკაში უკვე ფართოდ დაინერგა იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების გამოყენება უკვე დიაგნოსტირებული კარდიოლოგიური დაავადების მქონე მაღალი რისკის პაციენტებისთვის. იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი; შეიცნობს რითმის ფატალურ დარღვევას და ასრულებს შესაბამის თერაპიას (გადაძაბვა, სტიმულაცია, შოკი).

კათეტერული აბლაცია
აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს რადიოსიხშირული ენერგიით (გაცხელებით), კრიოთერაპიით (გაცივებით) ან ენერგიის სხვა ფორმებით გულის კუნთის იმ მცირე უბნის დაზიანებას, საიდანაც მომდინარეობს საშიში, სწრაფი არითმია. ენერგიის გულამდე მიწოდება ხდება სპეციალური კათეტერების საშუალებით რომლებიც გულში შეყვანილია ვენების და/ან არტერიების გავლით. ზოგჯერ კათეტერული აბლაცია ტარდება იმ პაციენტებთან, რომელთაც უკვე აქვთ იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი; ამ დროს კათეტერული აბლაციის მიზანია არითმიის დამართების სიხშრის და დეფიბრილატორის ელ. შოკების შემცირება.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD)
ეს აპარატი არის უეცარი კარდიული სიკვდილისაგან დაცვის ძალიან ეფექტური საშუალება მაღალი რისკის პაციენტებში. პეისმეიკერების (სტიმულატორების) მსგავსად დეფიბრილატორების ჩანერგვაც ხდება კანქვეშ. ელექტროდების ერთი ბოლო მიერთებულია კანქვეშ მოთავსებულ აპარატთან, ხოლო მეორე ბოლო უკავშირდება გულს; ამგვარად კანქვეშ მოთავსებული აპარატი აკონტროლებს გულის მუშაობას და ახდენს რითმის დარღვევის ამოცნობას. სიცოცხლისათვის საშიში არითმიის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროდის საშუალებით გულში აგზავნის ელექტრულ მუხტს (ელექტრულ შოკს), აღადგენს გულის ნორმალურ რიტმს და ახდენს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციას. გულისცემის შენელების შემთხვევაში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს ასევე შეუძლიათ პეისმეიკერის ფუნქციის შესრულება. დადასტურებული კარდიული დაავადებების მქონე პაციენტებში მსგავსი მოწყობილობების იმპლანტაციის რიცხვი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კოლოსალურად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ძვირადღირებულ მკურნალობას წარმოადგენს. საქართველოში პირველი იმპლანტირებადი კარდიოვერტერი 2003 წელს ჩაიდგა, დღეისთვის უკვე მრავალი ასეთი პროცედურაა ჩატარებული. ვინაიდან უცარი კარდიული სიკვდილის მსხვერპლთა უმრავლესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი სათანადოდ არ არის შეფასებული, ასეთ შემთხვაში უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს ჰოსპიტალგარე რეანიმაციის სწორი და ეფექტური ამუშავება, მისი მიზანია მიზანია შეამციროს უეცარი კარდიული სიკვდილის ხანგრძლივობა, ანუ დრო მდგომარეობის განვითარებიდან სისხლის მიმოქცევის ადეკვატურ აღდგენამდე, რათა არ დავუშვათ სასიცოცხლო ორგანოების, პირველ რიგში, თავის ტვინის შეუქცევადი ცვლილებები. ამ ჯაჭის პირველი რგოლია მდგომარეობის, როგორც უეცარი კარდიული არესტის, შეფასება, დროული განგაში და კვალიფიციური სამედიცინო ბრიგადის გამოძახება შემთხვევის ადგილზე. ამასთანავე, საჭიროა შემთხვევის მოწმე ფლობდეს კარდიოპულმონური რეანიმაციის საფუძვლებს. უკანასკნელ პერიოდში ინტენსიურად განიხილება დეფიბრილატორების ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გარეგანი ხმარების ავტომატური დეფიბრილატორი. ავტომატური დეფიბრილატორი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ იარაღს უეცარი კარდიული სიკვდილის წინააღმდეგ არსებულ საბრძოლო არსენალში. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები, როგორც კვლევებმა აჩვენა, ამცირებს სიკვდილობას აეროპორტებში, თვითმფრინავებში და ისეთი მაღალი რისკის გარემოში, როგორიცაა სამორინეები. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი შექმნილია სამედიცინო განათლების არმქონე პირებისთვის, გამოსაყენებლად არის მარტივი და საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებამდე; ანუ ეს მოწყობილობა შეიცნობს გონების კარგვის მიზეზს, გვთავაზობს შესაბამისს თერაპიას ან მოქმედების ალგორითმს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

დასკვნა: უეცარი კარდიული სიკვდილი კვლავ რჩება მედიცინის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მიუხედავად მისი მექანიზმის შესწავლისა და პროფილაქტიკის საკითხებში მიღწეული წარმატებებისა, რისკის შეფასებისა და მასთან ბრძოლის მეთოდები კვლავ შორსაა იდეალურისაგან. სანამ კარდიოლოგები და ელექტროფიზიოლოგები ცდილობენ რისკის სტარიფიკაციისა და პრევენციის მეთოდების დახვეწას, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის, ისევე როგორც მთლიანად სამედიცინო საზოგადოების მობილიზაცია, რათა ქართულ სინამდვილეში დაინერგოს და ამუშავდეს უეცარი კარდიული სიკვდილის პირველადი და მეორადი პრევენციის სადღეისოდ აპრობირებული და მიღებული სტრატეგიები.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მის. დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები