ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომატიკა.

იცით რა იწვევს ლეპტოსპიროზის გვარის ბაქტერიას? გაინტერესებთ რამდენად საშიშია ეს დაავადება და როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი თერაპევტი ნინო ქუხილავა.

– რა არის ლეპტოსპიროზი?
ლეპტოსპიროზი საკმაოდ სახიფათო ზოონოზური დაავადებაა. მას იწვევს ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია ლეპტოსპირა. ის შეიძლება შეგვხვდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყველაზე ხშირია ზაფხულში. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია ღია წყალსატევები, რომელსაც ადვილად აბინძურებს შინაური და გარეული ცხოველი. ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ცხოველის შარდის ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ნერწყვის ჩათვლით) უშუალო კონტაქტის დროს. ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება.
ლეპტოსპირა შეიჭრება ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
არსებობს ორი კლინიკური ფორმა: სიყვითლით მიმდინარე და სიყვითლის გარეშე. ინკუბაციური პერიოდია 3-28დრე. დაავადებას აქვს მიმდინარეობის ორი ფაზა, პირველ ფაზაში გამოხატულია ცხელება, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, პირღებინება, დიარეა. მეორე ფაზაში ავადმყოფს უზიანდება ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემა, ვითარდება ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. ჰემორაგიული სინდრომი. მესამე დღიდან მთელ ტანზე ჩნდება სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და სისხლჩაქცევები. ჩნდება მენინგიალური მოვლენები-ლეპტოსპიროზული მენინგიტი. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

ლეპტოსპიროზი საკმაოდ რთული დაავადებაა, ამიტომ საჭიროა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, დაავადებული საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას და სიმპტომურ მკურნალობას. რაც აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს. დაავადების თავიდან აცილების მიზნით უპირველესად საჭიროა წყლისა და საკვები პროდუქტების დაცვა ბაქტერიებით დაბინძურებისგან, არ უნდა დავლიოთ წყალი ღია წყალსატევებიდან. ასევე საჭიროა ავადმყოფი ცხოველების იზოლაცია და მკურნალობა, პირადი ჰიგიენის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები დაავადებულ ცხოვლთან კონტაქტისას). გამოვიჩინოთ სიფრთხილე წყალსატევებში ბანაობისას.

– რას ურჩევდით მკითხველს?
არ ჩაიტარონ მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე და ზოგადად არ უნდა დაგვავიწყდეს ჰიგიენის წესების დაცვა ,რომ ავირიდოთ არა მარტო ლეპტოსპიროზი ,არამედ ბევრი ვირუსული და ბაქტერიული დაავადება.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები