გაინტერესებთ ძუძუს კიბოს სტატისტიკა? გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი მამოლოგი ზაზა ყატაშვილი.
ძუძუს კიბო წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ხშირ სიმსივნურ დაავადებას ქალებში. ამ პათოლოგიის ავადობის საერთო სტრუქტურაში მამაკაცების ხვედრითი წილი შეადგენს 1–2 % –ს. დედამიწაზე დაავადების გავრცელება არათანაბარზომიერია. მაგალითად: ამერიკაში და შვეციაში ის იკავებს პირველ ადგილს ქალთა სიმსივნურ დაავადებას შორის და შეადგენს 20–24 % –ს. 100 000 ქალთა მოსახლეზე ძუძუს კიბოთი ავადობის სტანდარტიზირებული მაჩვენებელი შეადგენს : ამერიკაში – 59,5, დანიაში – 23, იტალიაში – 14, იაპონიაში – 3, საქართველოში – 52,4. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება ქალის ასაკთან ერთად. 25– წლამდე ეს პათოლოგია იშვიათია და მისი სიხშირე მკვეთრად იზრდება მენოპაუზის დადგომის შემდეგ ( 65 წელი ). ძუძუს კიბოს ყველა შემთხვევებიდან 10 % –ზე მეტში ფიგურირებს ოჯახური მემკვიდრეობითი ანამნეზი. ამ პათოლოგიით დაავადების გენეტიკური წინასწარგანწყობა გადაეცემა აუტოსომურ–დომინანტური ხაზით. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება გადაეცეს იგივე სქესის ოჯახის ზოგიერთ წევრს, მაგრამ ამ მუტანტური გენის მატარებელი თვითონ არ დაავადდეს. აღმოჩენილია ზოგიერთი გენი BRCA-1, რომლის მუტაცია განაპირობებს მომატებულ რისკს დაავადების განვითარებისათვის. აღწერილია მისი 200– მდე მუტაცია, ამათგან ზოგიერთი პირდაპირ კავშირშია ძუძუს კიბოს განვითარებასთან. მაგალითად გენის დისტალური პორციის მუტაცია იწვევს ტრიპლნეგატიური ძუძუს კიბოს განვითარებას. გენი მდებარეობს მე–17 ქრომოსომის გრძელ მხარში. BRCA-2 , რომელიც მდებარეობს მე–13 ქრომოსომის გრძელ მხარში, მუტაციისას იწვევს ჰორმონდადებითი ძუძუს კიბოსა და მამაკაცის მკერდის კიბოს განვითარების რისკის მომატებას. P-53 , რომელიც მდებარეობს მე– 17 ქრომოსომის მოკლე მხარში წარმოადგენს შედარებით მცირე წინასწარგანმწყობ რისკ–ფაქტორს. ატაქსია– ტელეანგიექტაზიის გენი შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს ძუძუს კიბოს განვითარებაში. ამ გენის მატარებელ პაციენტთა უმრავლესობა მგრძნობიარეა რადიაციის მიმართ და განმეორებითი ხშირი მამოგრაფია მათში იწვევს ძუძუს კიბოს. ლინჩის სინდრომი, ლი–ფრაუმენის სინდრომი: აღნიშნულ გენთა მუტაცია ხშირად განაპირობებს პირველად– მრავლობით სიმსივნეგანვითარებას. მაგალითად: საკვერცხის, პროსტატის, თავის ტვინის, ფილტვის და ა.შ. კეთილთვისებიანი პროცესები ძუძუში: ქალები ძუძუში პალპირებადი კისტებით, ინრადუქტული პაპილომებით , მასკლეროზირებელი ადენოზით, რომელთაც მიკროსკოპულად აღენიშნებათ ეპითელის ატიპია ( 80 % ) ან პროლიფერაცია ( 15–20 % ) – აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების მომატებული რისკი. რადიაცია: მაიონიზირებელი რადიაცია , გულმკერდის დასხივება ლიმფოგრანულომატოზის დროს, განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკსა და 30 წლამდე – წარმოადგენს მაღალ რისკს.
გეოგრაფიული ფაქტორი: ნაჩვენებია, რომ ერთი და იგივე ნაციონალობის მქონე პირებში ძუძუს კიბოთი ავადობა განსხვავდება ემიგრანტებსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის.
მენარხეს დაწყებისა და მენოპაუზის ასაკი– ქალებში, რომელთაც ფიზიოლოგიური მენოპაუზა დაუდგათ 55 წლის ზემოთ – რისკი 2 ჯერ მეტია, ვიდრე იმ ქალებში, ვისაც ეს პროცესი 45 წლამდე განუვითარდათ. ქალებს ვისაც გაკეთებული აქვთ ორმხრივი ოვარექტომია 35 წლამდე ასაკში – გააჩნიათ კიბოს განვითარების 40% –ით მეტი რისკი, ვიდრე სხვა ფიზიოლოგიურ ასაკში მენოპაუზის მქონე ქალებს.
მენარხეს დადგომა 11 წელზე ადრე ან 15 წელზე გვიან ასევე წარმოადგენს მომატებულ რისკს კიბოსწინარე და სიმსივნური დაავადებების განვითარებისთვის 1,3 და 1,1 –ჯერ შესაბამისად.
პირველი ორსულობის ასაკი: გაუთხოვარი ან გვიანი პირველი ორსულობის მქონე ქალები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს. 30 წლის ასაკის ზემოთ პირველად ნამშობიარებ ქალებში რისკი დაახლოებით 2 –ჯერ მეტია ,ვიდრე იმ ქალებში, რომელთაც პირველი ორსულობა ჰქონდათ 20 წლამდე ასაკში, ხოლო იმ ქალებს, ვისაც მეორე მშობიარობა 35 წლის ზემოთ ჰქონდათ– რისკი უფრო მეტი აქვთ ვიდრე გაუთხოვრებს. ადრეულ ასაკში მეორე მშობიარობა მნიშვნელოვნად ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.
ძუძუთი კვება: კვლევებმა აჩვენეს, რომ ძუძუთი კვება მინიმუმ 6 თვე– ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს 22%–ით ,მაგრამ უფრო გაფართოვებულმა და ახალმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ძუძუთი კვების მნიშვნელობა რისკის შემცირების თვალსაზრისით.
გენეტიკური სიმსივნეების წარმოშობის რისკი შემჩნეულია 65 წლამდე. ამ ასაკის ზემოთ გენეტიკური (მემკვიდრეობითი) კიბოს რისკი მინიმალურია.
სიმსივნის განვითარების რისკის ხარისხი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ნათესავებში პათოლოგია გამოვლინდა 50 წლამდე. მაგალითად ქალს, რომლის დასაც აქვს ძუძუს კიბო 39 წლის ასაკში, კიბოს განვითარების კუმულაციური რისკი გააჩნია 10–15 %–ში (65 წლის ასაკამდე) , მაგრამ რისკი მხოლოდ 5%–ია თუ მის დას კიბო განუვითარდა 50–54 წლის ასაკში.
რისკი იზრდება 4 – 6–ჯერ თუ ორ ან მეტ ნათესავს აქვს ეს პათოლოგია. მაგალითად თუ ქალს ყავს 50 წლამდე ასაკის ორი ნათესავი ძუძუს კიბოთი ავად, მას 25%–ით მეტი შანსი აქვს , რომ განვითარდეს ეს პათოლოგია 65 წლამდე.
წონა: ჭარბი წონა არ წარმოადგენს დის რისკ–ფაქტორს რეპროდუქციული ასაკისა და პრემენოპაუზის ქალებში. მაგრამ პოსტმენოპაუზაში, განსაკუთრებით თუ ჭარბი წონის ინდექსი აღემატება 35 ( მასას– სიმაღლეს– 100 ) , ეს რისკი იზრდება 2– ჯერ, ვინაიდან პოსტმენოპაუზის პერიოდში ცხიმი წარმოადგენს ესტროგენების პროდუქციის მნიშვნელოვან წყაროს და ამ პაციენტთა სისხლში აღინიშნება მისი შემცველობის მაღალი დონე.
დიეტა: ზოგიერთ კვლევებში ნაჩვენებია , რომ ცხიმის მაღალშემცველმა დიეტამ შეიძლება ექსპერიმინტში გამოიწვიოს ძუძუს სიმსივნეები. ასევე გამოკვლეულია, რომ ძუძუს კიბოთი ავადობა სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრ კორელაციაშია საკვებში ცხიმის შემცველობასთან. თუმცაღა, ნათესაური კავშირის ხარისხთან კორელაციაში ( დედა, და, ქალიშვილი ) იმ პაციენტთა უმრავლესობა არ აღნიშნავს რაციონში ცხიმის მიღების ანამნეზს. ამ შემთხვევებში ალბათ მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა თვით ცხიმს, არამედ რაციონის საერთო კალორაჯს. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს ხილისა და მწვანე ბოსტნეულის პროტექტორულ მნიშვნელობას ძუძუს კიბოს განვითარებაში.
ალკოჰოლი: წარმოადგენს ზომიერ რისკ–ფაქტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღება ატარებს ყოველდღიურ ხასიათს , თუნდაც ერთი ჭიქა დღეში.
ორალური კონტრაცეპტივები: კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ წარმოადგენენ მსუბუქ რისკ–ფაქტორს. თანამედროვე მეტაანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულთა 30% იღებდა ამ პრეპარატებს 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში.
პოსტმენოპაუზური შენაცვლებითი ესტროგენული ჰორმონოთერაპია: ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს იმ შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება 15 წელს. პროჟესტერონით კომბინირებული თერაპია – კიდევ უფრო აძლიერებს ამ რისკს.
ხშირი აბორტები: არღვევს რა ნეიროენდოკრინულ მექანიზმებს– იწვევს ჰორმონულ დისბალანსს ორგანიზმში.
არარეგულარული და შეწყვეტილი სქესობრივი ცხოვრება: ნეიროენდოკრინული დარღვევების ხარჯზე წარმოადგენს მსუბუქ რისკ–ფაქტორს.
ნეიროენდოკრინული მეტაბოლური დაავადებები: როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, აკრომეგალია და სხვა წარმოადგენს ძუძუს კიბოს განვითარების გარკვეულ რისკ–ფაქტორს ჰორმონული ბალანსის დარღვევის საფუძველზე.
ტრავმა: მისი მნიშვნელობა ძუძუს კიბოს ეტიოლოგიაში საბოლოოდ დადგენილი არ არის. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით ავადმყოფთა ანამნეზში ტრავმა აღნიშნულია შემთხვევათა 15–25 %–ში.
თუ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ხდება 4 ან მეტის თანხვედრა, აღნიშნული პაციენტი უნდა განვიხილოთ როგორც ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე პირად და ექვემდებარება სისტემატიურ გამოკვლევებსა და კონტროლს.
ძუძუს კიბოს პათოლოგ–ანატომიური ფორმები:
კვანძოვანი ფორმა: სიმსივნე წარმოადგენს მოთეთრო მონაცრისფრო კვანძს, არამკვეთრი კონტურებით. განაკვეთზე მოყვითალო ჩანართებით. ხელის დაჭერით სიმსივნიდან შეიძლება გამოიყოს ჭიის მაგვარი დეტრიტი, რომელიც შედგება დაღუპული სიმსივნური უჯრედებისგან. კვანძი მდებარეობს ძუძუს ქსოვილში (მასტოპათიის ფონზე).ზოგჯერ კვანძს შედარებით რბილი კონსისტენცია აქვს და კარგად კონტურირდება.
ძუძუს კიბოს დიფუზური ფორმა: სიმსივნე წარმოადგენს მორუხო –მოყვითალო ფერის მკვრივ ჭიმებს ან ინფილტრატს. იკავებს მთლიან ორგანოს ან მის ნაწილს. ამ ფორმას მიეკუთვნებიან: მასტიტისებური, ინფილტრაციულ–შეშუპებით, ჯავშნისებური, ერიზიპელოიდური. ჩამოთვლილის გარდა არსებობს ძუძუს სიმსივნეები, რომლებიც წარმოიშობა სადინარებიდან, წილაკებიდან და მოსაზღვრე ეპითელიუმიდან – პეჯეტისა და სხვა იშვიათი ფორმის სიმსივნეები.
პეჯეტის კიბო: წარმოიშობა დვრილის მსხვილი გამომტანი სარძევე სადინარებიდან . მიკროსკოპულად ხასიათდება ნათელი უჯრედებით ან ექსცენტრიულად მდებარე ბირთვით. 80 –90 % შემთხვევაში ასოცირებულია სადინროვან მაინფილტრირებელ კარცინომასთან ან სადინარშიდა კარცინომასთან, ამიტომ აუცილებელია ძუძუს კონტრასტული MRI კვლევა ოკულტური კიბოს აღმოჩენისთვის.
მეტასტაზირება ძუძუს კიბოს დროს ძირითადად ხდება ლიმფოგენურად – რეგიონულ ლიმფურ ჯირკვლებში (იღლიის, ლავიწიქვედა და ლავიწზედა ). შორეული მეტასტაზები ვითარდება ჰემატოგენური გზით ( ძვლები, ფილტვები, ღვიძლი, ტვინი, საკვერცხეები და ა.შ ). მიკროსკოპულად მეტასტაზების უჯრედული შენება შეესაბამება პირველადი კერის შენებას. თუმცაღა მეტასტაზებს ახასიათებს შედარებით ნაკლები დიფერენცირების ხარისხი.
კლინიკა:
ყველაზე ხშირად გვხვდება კვანძოვანი ფორმა. ორგანოში ლოკალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზეა ზედა გარეთა კვადრატი. მარცხენა და მარჯვენა ძუძუ ზიანდება თანაბარი სიხშირით.
ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (1–2 ) კლინიკური ნიშნები:
პალპაციით ძუძუში კვანძის არსებობა.
მკვრივი კონსისტენცია.
სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კვანძის მოძრაობის შეზღუდვა.
სიმსივნის ზემოთ კანის გადაჭიმვისას შეჭმუხვნა.
სიმსივნური კვანძის უმტკივნეულობა.
იღლიის ფოსოში ერთი ან რამდენიმე მოძრავი კვანძის არსებობა.
გვიანი სტადიების ( 3 – 4 ) კლინიკური ნიშნები:
პალპირებადი კვანძის საპროექციო არეში კანის თვალით შესამჩნევი ჩაბრუნება –უმბილიკაციის სინდრომი.
დვრილის გასქელება და არეოლას დანაოჭება (კრაუზეს სიმპტომი ).
დვრილის ჩაბრუნება და ფიქსაცია.
ლიმფოსტაზის მოვლენები – „ლიმონის ქერქის“ სიმპტომი.
კანის დაწყლულება ან სიმსივნის ჩაზრდა კანში.
სიმსივნის დიდი ზომები.
ძუძუს დეფორმაცია.
იღლიის ფოსოში უმოძრაო, დიდი, მკვრივი ლიმფური ჯირკვლების არსებობა.
ლავიწზედა ან ჯვარედინი მეტასტაზები.
ტკივილები ძუძუში.
შორეული მეტასტაზები.
დიფუზური ფორმები:
ერიზიპელოიდური კიბო – გვხვდება იშვიათად . პროგრესირება სწრაფი აქვს. რთულად ემორჩილება მკურნალობას. ახასიათებს ძუძუს კანის დიფუზური შეწითლება და სწრაფი გავრცელება გულმკერდის კედელზე. კანის ტემპერატურა მცირედ მომატებულია . ძუძუ დიფუზურად ზომიერად გამკვრივებულია, მცირედ მტკივნეული. ისინჯება რეგიონული ლიმფური ჯირკვლები.
მასტიტისებური კიბო – გვხვდება იშვიათად. ახასიათებს: ძუძუს დიფუზურად გამკვრივება, ზომებში მომატება, კანის მცირედი შეწითლება, მტკივნეულობა, რეგიონული მეტასტაზების არსებობა და ცუდი პროგნოზი.
ინფილტრატულ – შეშუპებითი ფორმა – ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში. ახასიათებს: ძუძუს დიფუზური ან ნაწილობრივი გამკვრივება, კანი ფორთოხლის ქერქის შესახედაობის, შეშუპება ვრცელდება არეოლაზე და დვრილზეც. ზოგჯერ მსუბუქი ჰიპერემია. უმეტეს შემთხვევაში მეტასტაზები იღლიისა და ლავიწზედა ფოსოებში.
პეჯეტის კიბო – შეადგენს 5 % –ს ძუძუს ყველა სიმსივნეებიდან. იწყება დვრილის შეწითლებით და მაცერაციით. დვრილზე ჩნდება მშრალი ფუფხები, მიმდინარეობს სველი ეგზემის მსგავსად. ფუფხის მოცილებისას შიშვლდება სველი მარცვლოვანი ზედაპირი. მოგვიანებით ცვლილებები ვრცელდება არეოლასა და ძუძუზეც. ხშირია პეჯეტის კიბოსთან ასოცირებული სადინროვანი კიბოს შემთხვევები ( როგორც ინვაზიურის, ასევე სადინარშიდა ). რეგიონული მეტასტაზები გვიან ვითარდება. თუ პალპატორულად მამოგრაფიულად და ექოლოგიურად კვანძის აღმოჩენა ვერ ხერხდება , ნაჩვენებია ძუძუს MRI ი/ვ კონტრასტით.
დიაგნოსტიკა: ძუძუს სიმსივნეების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ მონაცემებსა და დამატებით ინსტრუმენტულ–ლაბორატორიულ გამოკვლევებს. მეორე სტადიიდან დაწყებული ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა სიძნელეს არ წარმოადგენს.
ანამნეზი: დაავადების ხანგრძლივობა, მისი განვითარება, ტკივილების არსებობა ძვლებში, სიმსივნის ზრდის ტემპი. ამასთან ერთად, აუცილებელია სამეანო გინეკოლოგიური მონაცემების შეკრება, კერძოდ: ოჯახური მდგომარეობა, შვილების რაოდენობა, ორსულობის რაოდენობა, აბორტების რიცხვი, პირველი ორსულობისა და მშობიარობის ასაკი, პირველი მენსტრუაციის დაწყების ასაკი, მისი ხანგრძლივობა, რეგულარულობა, ინტერვალი, მიმდინარე მენსტრუალური სტატუსი. ძუძუს ანთებითი და ტრავმული
ანამნეზი. ოჯახური სიმსივნური ანამნეზი. ენდოკრინული დაავადებები ( ჩიყვი, დიაბეტი ), ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების ანამნეზი, გინეკოლოგიური დაავადებები. მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი კერძოდ: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი ( დდტ ) ან სხვა ქლოროორგანული შემცველი ქიმიკატები, ინსოლაციის ანამნეზი და სხვა.
დათვალიერება: ფორმა, ს/ჯ –ების დგომის დონე, დეფორმაცია, კანის, დვრილისა და არეოლას მდგომარეობა, დვრილებიდან გამონადენის არსებობა.
პალპაცია: ხდება 1) ვერტიკალურ მდგომარეობაში ხელები ზევით, მუცელზე, ხელები დოინჯის პოზაში. 2) მწოლიარე მდგომარეობაში– ხელები თავქვეშ. მოწმდება პალპაციით ს/ჯ–ების კონსისტენცია, ხელისგულის სიმპტომი და ა.შ. ასევე აუცილებელია რეგიონული ლიმფური კვანძების პალპაცია: იღლიის, ლავიწქვედა და ლავიწზედა. დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპია ასპირაციული ბიოფსია მასალის ციტოლოგიური კვლევით, რომელიც 80–85%–ში იძლევა სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას. თუმცა უარყოფითი პასუხი არ გამოირიცხება კიბოს არსებობას დარჩენილ 15–20%–ში , რომელიც უნდა დაისვას დიაგნოსტიკური საშუალებების ერთობლიობით, რაც ითვალისწინებს კლინიკური გამოკვლევის მონაცემებსა და დამატებითი რენტგენო– ექოსკოპიური მეთოდების გამოყენებას.
მამოგრაფია კონტრასტული და უკონტრასტო: კონტრასტული მამოგრაფიის ტექნიკა – განოიყენება სპეციალური წვრილი სილიკონის კათეტერი. კონტრასტი– სერგოზანის 40%–იანი ხსნარი. გვეხმარება გაფართოებული სადინარის , კისტის ან ინტრადუქციული პაპილომის დიაგნოსტიკაში. უკონტრასტო მამოგრაფია ტარდება ორ პროექციაში. კიბოს დროს ჩრდილს ახასიათებს: სხივისებრი ჭიმები ირგვლივ მდებარე ქსოვილებში, არასწორი კიდეები და კონტურის მთლიანობის დარღვევა მიკროკალცინატების არსებობა.
მასტოპათიის დროს – აღინიშნება დიფუზური ზონრების მაგვარი ჩრდილები წვრილკეროვანი ნათელი უბნებით, კისტა და ფიბროადენომის კვანძი რენტგენოლოგიურად იძლევა– მკვეთრად კონტურირებად, სფერული ან ოვალური ფორმის ჩრდილს. ძუძუს აბსცესი მამოგრამაზე წარმოდგენილია მკვეთრად შემოსაზღვრული , არაჰომოგენური, ინტენსიური დაჩრდილვის სახით.
მამოგრაფიის ბაზაზე ამჟამად შექმნილია საბიოფსიო კომპიუტერული აპარატი მამოტომი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დამიზნებითი ბიოფსიის დიდი სიზუსტით ჩატარება. ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია და არაა საზოგადოდ ხელმისაწვდომი.
ექოსკოპია: ექოსკოპიის ჩვენებას წარმოადგენს:
მნიშვნელოვანი მიღწევაა ექოდოპლეროგრაფიის გამოყენება ( ფერადი და ენერგეტიკული დოპლერი ). მისი საშუალებით განისაზღვრება სიმსივნის სისხლმომარაგების თავისებურებები: ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის დამახასიათებელია მკვებავი არტერიული სისხლძარღვები, რომლებიც სიმსივნის მიმართ მართი ან ბლაგვი კუთხით მდებარეობენ, მკვეთრად დაკლაკნილია, განლაგებული არიან ქაოსურად როგორც პერიფერიაზე, ისე ცენტრალურად. კეთილთვისებიანი სიმსივნეებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ვასკულარიზაცია.
ძუძუს MRI კონტრასტით, გამოიყენება მაღალი რისკის კონტინგენტში ( ცხოვრებისეული რისკი 20–25 % და მეტი ), ან პეჯეტის კიბოს დროს , ან იღლიის ადენოკარცინომის დროს. ზრდის მგრძნობელობას 75% –მდე მამოგრაფიასთან შედარებით (32%).
ბიოფსია: ოთხი ტიპის ბიოფსიაა მოწოდებული ძუძუს კვანძოვანი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის ( ასპირაციული, COR ბიოფსია, ინციზიური ბიოფსია, ექსციზიური ბიოფსია ). ყველაზე ხშირად გამოიყენება პირველი ორი ტიპი.
მაკროსკოპულად ძუძუს კიბოს ახასიათებს: კვანძისა ან გამკვრივების არამკვეთრი კონტურები, ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გავრცელება ჭიმების სახით, ზედაპირის ჩავარდნა განაკვეთზე და მახვილი კიდის შენარჩუნება გაკვეთისას ( „ყველის სიმპტომი „), მოვარდისფრო–მორუხო კვანძი მოყვითალო ჩანართებით ( „მწიფე მსხლის სიმპტომი „). კონსისტენცია მკვრივია, ხრტილისებური.
კიბოსწინარე დაავადებების გარდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა საჭიროა ასევე სხვა პათოლოგიურ პროცესებთან: ფიბროადენომა– სიხშირით შეადგენს დაახლოებით 12%–ს ძუძუში პალპირებად წარმონაქმნებს შორის. უმეტეს წილად გვხვდება 15–დან 25–წლამდე ასაკობრივ ინტერვალში. განასხვავებენ: ბანალურ, გიგანტურ, ფოთლისებურსა და იუვენირულ ფიბროადენომებს. მორფოლოგიური კლასიფიკაციით განასხვავებენ: ინტრა და პერიკანალიკულურ ფიბროადენომებს. ძუძუში უხშირესად ლოკალიზდება ზედა გარეთა კვადრატში. პალპაციით ახასიათებს მკვეთრად გამოკვეთილი საზღვრები, მობილურობა ძუძუს ქსოვილების მიმართ ( ამ თვისების გამო მას ხშირად ეძახიან „ძუძუს თაგვს“ ), სადა ზედაპირი, რბილი ან მკვრივ–ელასტიური კონსისტენცია. იშვიათად იწვევს კანისა ან დვრილის სიმპტომებს. ხშირად ორმხრივი ლოკალიზაციისა და მრავლობითი. ფიბროადენომები 5 % შემთხვევაში განიცდიან გაავთვისებიანებას. დიაგნოზის დადასტურებაში გვეხმარება: მამოგრაფია ( პაციენტის ასაკი < 35 წელზე), ულტრასონოგრაფია ( პაციენტის ასაკი > 35 წელზე ).
ლიპომა – გვხვდება იშვიათად. არამკვეთრი, წაშლილი კონტურების, რბილი კონსისტენციის, გამკვრივების გარეშე ცენტრში ( რაც ზოგჯერ ახასიათებს პატარა ზომის კიბოს კვანძს, განსაკუთრებით სკირს ან ლიმფოსარკომას ).
ლიპოგრანულომები: ძუძუში წარმოიქმნება ტრავმის , ანთებითი პროცესების ან სარძევე ჯირკვლების ქსოვილში რაიმე პრეპარატის ინექციის შედეგად ( ანტიბიოტიკი, ნოვოკაინი ). არ გააჩნიათ მკვეთრი საზღვრები. შეიძლება გამოხატული იყოს კანის უმბილიკაციის დადებითი სიმპტომი– რაც იძლევა სკირის სიმულაციას. ამ შემთხვევებში აუცილებელია ციტოლოგიური ან მორფოლოგიური კვლევის ჩატარება ( ექსციზიური ან ტრეპანბიოფსია ) დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის. დიდი ზომის კისტებმა ზოგჯერ შეიძლება მოგვცეს ძუძუს კიბოს სიმულირება. წარმონაქმნის პუნქცია, სითხის ევაკუაცია და მისი ციტოლოგიური გამოკვლევა – სწორი დიოაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.
გალაქტოცელე: გავს მსხვილ კისტას. ვითარდება ლაქტაციის პერიოდში და შეიძლება დიდხანს იარსებოს ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ. დიაგნოსტიკური მეთოდია– პუნქცია, ციტოლოგიური კვლევით ან ექსციზიური ბიოფსია.
ანგიომა: გვხვდება იშვიათად, არ ახასიათებს მკვეთრი საზღვრები, ხელის დაჭერისას მცირდება ზომებში. ზედაპირული მდგომარეობისას ახასიათებს კანის მოლურჯო–მოყვითალო დამახასიათებელი შეფერილობა.
ტუბერკულოზი და აქტინომიკოზი გვხვდება იშვიათად. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია ანამნეზური მონაცემები, გამონაყოფის პუნქტატის ციტოლოგიური კვლევა ( აქტინომიცეტის დრუზები, ტუბერკულოზის მიკრობაქტერია ). ტუბერკულოზს ახასიათებს ფისტულების წარმოშობა ძუძუს კანზე, ცივი ჩირქგროვები.
სიფილისი: სეროლოგიური რეაქცია ( ვასერმანის ) იძლევა დიაგნოსტიკის საშუალებას. გვხვდება უკიდურესად იშვიათად.
ერიზიპელოიდური და მასტიტის მაგვარი კიბოსა და მწვავე ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკაში დაშვებული შეცდომა და არასწორი მკურნალობა შეიძლება სავალალო იყოს პაციენტისთვის. დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რთულია ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში.
მასტიტს ახასიათებს მწვავე დასაწყისი, სხეულის ტემპერატურის მომატება, დაავადების დასაწყისში ძლიერი ტკივილი, ლაქტაციის პერიოდი. ყველა აღნიშნული ნიშანი საშუალებას იძლევა დაისვას სწორი დიაგნოზი.
თუ მწვავე მასტიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ( რეტრომამარული ნოვოკაინის ბლოკადა, ზეთოვან–ბალზამის ნახვევები, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბიოტიკოთერაპია და რენტგენოთერაპია ) უეფექტოა რამდენიმე დღის განმავლობაში , აუცილებელია დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება ანთებით–ინფილტრაციული კიბოს გამოსარიცხად.
სარკომა შეადგენს 1–3 % ძუძუს ყველა სიმსივნური დაავადებიდან. კლინიკურად ხასიათდებიან სწრაფი ზრდით, დიდი ან გიგანტური ზომებით, ხორკლიანი, არასწორი ზედაპირით, კანის ჰიპერემიით, ვენების კანქვეშა ქსელების გაძლიერებით, კანის გათხელებით სიმსივნის ზემოთ, ინტაქტური რეგიონული ლ/კვ–ის არსებობით.
ძუძუს კიბოს მინიმალური ფორმების გამოვლენისა და პროფილაქტიკის რეალური შეასაძლებლობები:
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!