ორალური ალერგიის სინდრომი

ორალური ალერგიის სინდრომი

რა არის ორალური ალერგიის სინდრომი, როგორ ვლინდება და როგორია დიაგნოსტიკა.

რას ნიშნავს ორალური ალერგიის სინდრომი? რა სიმპტომებით ვლინდება და როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი.

– რა არის ორალური ალერგიის სინდრომი?
ორალური ალერგიის სინდრომი (OAS), იგივე მტვერ-საკვების ალერგიის სინდრომი (PFAS) არის კვებითი ალერგიის შედარებით ხშირი ფორმა გამოწვეული თერმულად დაუმუშავებელი უმი ხილის, ბოსტნეულის, სანელებლების და თხილეულის მიღებით. ის გვხვდება იმ პირებში, რომლებიც სენსიბილიზირებული არიან მცენარეთა მტვრის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები). ალერგიული რეაქცია არის IgE-დამოკიდებული და განპირობებულია ალერგენული კომპონენტებით, რომლებიც მცენარეული საკვებისა და მცენარეული მტვრის მსგავსია (ე.წ. ჰომოლოგიურია)

– რა სიმპტომებით გამოვლინდება ორალური ალერგიის სინდრომი?
პაციენტების უმრავლესობაში სიმპტომები ლიმიტირებულია და შემოიფარგლება პირ-ხახის სიმპტომატიკით. 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისტემური გამოვლინება, თანმხლები ატოპიური დერმატიტის არსებობის შემთხვევაში კი გამწვავება და კანის მდგომარეობის გაუარესება.

სიმპტომები თავს იჩენს ძალიან მალე (დაახლოებით 5-10 წუთში) პრობლემური საკვების მიღებიდან. ჩვეულებრივ, სიმპტომები საკვების გადაყლაპვიდან მალევე უკუვითარდება, რადგან ალერგენის სტრუქტურა იშლება კუჭის მჟავას და პროტეოლიზური მომნელებელი ფერმენტების მოქმედების შედეგად. ეს სიმპტომებია:

  • ქავილი, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება პირში, ხახაში, ზოგჯერ ტუჩებზე.
  • ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანის, სასის და ხახის მცირედი შეშუპება და სიწითლე.
  • შედარებით იშვიათად, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ქავილი, სიწითლე და შეშუპება ხელებზე პრობლემური საკვების გათლისას ან ხელით შეხებისას.

– ვის ემართება ორალური ალერგიის სინდრომი?
ორალური ალერგიის სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს როგორც ბავშვებში, ისე დიდებში, მაგრამ უფრო ხშირია მოზრდილებში. პაციენტებს ორალური ალერგიის სინდრომით აქვს სენსიბილიზაცია მცენარეთა მტვრის მიმართ.

– ახდენს თუ არა გავლენას სიმპტომების განვითარებაზე საკვების მომზადება, თერმული დამუშავება სხვადასხვა გზით?
შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები ვითარდება მაშინ, როდესაც საკვებად იყენებენ უმ ხილსა და ბოსტნეულს. ზოგიერთი პაციენტი უპირატესად რეაგირებს უმი ხილის და ბოსტნეულის ქერქზე და ტოლერანტულია რბილობის მიმართ. პაციენტები ჩვეულებრივ ტოლერანტულები არიან თერმულად დამუშავებული ე.წ. ,,დამნაშავე“ პროდუქტის მიმართ, რაც არ ვრცელდება თხილეულზე. ამ უკანასკნელს, როგორც უმი ფორმით, ასევე თერმული დამუშავების შემდეგ, ერთნაირი წარმატებით შეუძლია გამოიწვიოს ორალური ალერგიის სინდრომი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ არამცენარეული საკვები, როგორიცაა რძე, კვერცხი და ზღვის პროდუქტები არ იწვევენ ორალური ალერგიის სინდრომს.

– მოვიყვანოთ მაგალითი, რომელ პროდუქტებზე შეიძლება განვითარდეს ეს სინდრომი?
მაგალითად, თუ პირი სენსიბილიზირებულია სარეველა მცენარე ამბროზიაზე, მას ორალური ალერგიის სინდრომი შეიძლება განუვითარდეს ისეთ საკვებ პროდუქტებზე, როგორებიცაა: სტაფილო, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, კომბოსტო, ბროკოლი, ნიორი, ხახვი, წიწაკა, ატამი.

– როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
დიაგნოზი ემყარება დეტალურ ანამნეზურ მონაცემებს და ზოგჯერ საჭიროა სპეციფიკური ლაბორატორიული ალერგოლოგიური გამოკვლევები.

– როგორ ვუმკურნალოთ ორალური ალერგიის სინდრომს?
დიეტის დაცვა და საკვები რაციონიდან „საეჭვო“ პროდუქტის ამოღება არის პირველი და მარტივი გზა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. ასევე, მათი თერმული დამუშავება, თუმცა ამ შემთხვევაში მცირედი რისკი კვლავ რჩება. ჩვეულებრივ, მსუბუქი გამოვლინების სიმპტომები თვითონ უკუგანვითარდება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევას. სხვა შემთხვევაში პაციენტებს ენიშნებათ ანტიჰისტამინური და გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები და ეპინეფრინის აუტოინექტორი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები