ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი

რა არის ქლამიდიოზი, როგორ ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა.

გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება ქლამიდიოზი და როგორია მისი მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი გინეკოლოგი თეონა ბერიშვილი.

– რა არის ქლამიდიოზი?
ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, მისი გამომწვევია: Clamydia trachomatis. ქლამიდია გრამუარყოფითი ბაქტერიაა იგი იკავებს შუალედურ ადგილს ბაქტერიასა და ვირუსს შორის და აქვს ორივეს თვისებები. იგი ცხოვრობს ცილინდრულ ეპითელზე (ურეთრაში, ცერვიკალურ არხში, სწორ ნაწლავში, კონიუქტივაში და ხახაში). ქლამიდიას უჯრედის გარეთ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, მას არა აქვს საკუთარი ატფ, ამიტომ ენერგეტიკულად დამოკიდებულია სხვა უჯრედზე, ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე ვერ ცოცხლობს, მისი არსებობისათვის აუცილებელია ცოცხალი უჯრედი. არსებობს Clamydia trachomatis 15 ტიპი: 4- იწვევს თვალის დაავადებებს, 8-უროგენიტალურ ინფექციას ან კონიუქტივიტს, 3- ვენერიულ ლიმფოგრანულომას. ქლამიდიოზი არის: 1) ახალი (შარდ-სასქესო სისტემის ქვედა ნაწილის გაურთულებელი ქლამიდიოზი) და 2) ქრონიკული (ზედა სასქესო სისტემის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ხანგრძლივად მიმდინარე ქლამიდიოზი). ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეა.

– რა ჩივილები აქვს ამ დროს პაციენტს?
ჩივილიდან პაციენტს აღენიშნება: წვა, ქავილი, დისკომფორტი, ლორწოვან- ჩირქოვანი გამონადენი, ტკივილი მენჯის და მუცლის არეში, დიზურია, პოსტკოიტალური და მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი, უშვილობა, ერექციის დარღვევა მამაკაცებში. თუმცა არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე ქლამიდიური ურეთრიტი. Clamydia trachomatis იქწევს: 1) უშვილობას ქალებში (ხდება ფალოპიუსის მილის შევიწროება ან დახშობა რის შედეგადაც სპერმატოზოიდების გამავლობა ფერხდება.) 2) არის ანტისპერმალური ანტისხეულების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორი-ეს კი უშვილობის ერთერთი მიზეზია. 3) რეიტერის სინდრომის (ურეთრიტი, ართრიტი, კონიუქტივიტი) 90% -ში გამომწვევი არის ქლამიდია, თუ ამ ტრიადას ემატება დერმატიტი, ეს უკვე რეიტერის დაავადებაა. – როგორია დიაგნოსტირება? 

დიაგნოსტირებისათვის საჭიროა: 1. ბაქტერიოსკოპია, 2. ციტოლოგიური კვლევა, 3. სეროლოგიური ,4 . იმუნოფლუორესცენტრიული, 5. იმუნოფერმენტული, 6. დნმ დიაგნოსტიკა. კვლევისათვის საჭიროა: სისხლი, შარდი, ნაცხი ურეთრიდან. დაავადებიდან 2-3 კვირაში იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი საშოდან, ხდება საშვილოსნოს ყელზე ეროზიების განვითარება, აღნიშნება მქაჩავი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდვის დროს უსიამოვნო შეგრძნება, დანამატების ანთება, შეიძლება გაქრეს ორგაზმი. შესაძლებელია დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და აღინიშნებოდეს მხოლოდ მცირე ლორწოვანი გმონადენი სასქესო ორგანოებიდან. თუ ორსული ქალი დაავადებულია ქლამიდიოზით შესაძლებელია მშობიარობის დროს დაავადდეს ბავშვიც, რაც გამოვლინდება კონიუქტივიტით.

– როგორია მკურნალობა? ქლამიდიოზის მკურნალობა:
1) ორივე პარტნიორის მკურნალობა. 2) ანტიბიოტიკოთერაპია (მაკროლიდები, ფრორქინოლონები ტეტრაციკლინის ჯგუფი). 3) იმუნური სისტემის მოდულაცია. დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. პროფილაქტიკა: 1) დაცული სქესობრივი კონტაქტი 2) შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის გამორიცხვა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

 

ტეგები

ტეგები