დიაბეტური ნეიროპათია

დიაბეტური ნეიროპათია

მარიამ ხელაძე - ნევროლოგი

დიაბეტური ნეიროპათია არის ნერვების დაზიანების მდგომარეობა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი იწვევს. იგი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გართულებას. მისი პრევენციისთვის აუცილებელია სისხლში შაქრის დონის რეგულირება.

პირველ რიგში ზიანდება უმიელინო და მცირე მიელინიანი ნერვული ბოჭკოები, რასაც თან სდევს მსხვილი მიელინით ბოჩკოების დაზიანება. არსებობს მჭიდრო კორელაცია დიაბეტური ნეიროპათიის სიმძიმესა და დაავადების ხანდაზმულობას შორის, ანუ რაც უფრო ხანდაზმულია შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მეტად არსებობს დაავადების განვითარების რისკი.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა არსებოს ფაქტორთა კომბინაცია, მათ შორის ნერვებსა და სისხლძარღვებს შორის არსებული ურთიერთკავშირი. შაქრის მაღალი დონე ხელს უშლის ნერვული სიგნალების გადაცემას, ასევე ზიანდება მცირე კალიბრის სისხლძარღვები, რომლებიც ნერვებს სისხლით ამარაგებენ.

მოგეხსენებათ, რომ დიაბეტური ნეიროპათია უპირატესად გავრცელებულია წვივებსა და ტერფებში, ქვემო კიდურებზე, რასაც მოგვიანდებით თან ერთვის ხელებისა და მკლავების დაზიანებაც.

სიმპტომები ძლიერდება ღამის განმავლობაში, მათ შორის:

  • წვისა და დაბუჟების შეგრძნება;
  • ბასრი ტკივილი;
  • მგრძნობელობის გაუკუღმართება - პარესთეზია;
  • მომატებული მგრძნობელობა - ჰიპერესთეზია;
  • კუნთების სისუსტე;
  • რეფლექსების დაქვეითება, განსაკუთრებით კოჭებში;
  • წონასწორობისა და ბალანსის დარღვება;
  • ტერფების დეფორმაცია;
  • წყლულები;
  • ძვლებისა და სახსრების ტკივილი;
  • ხშირად ხდება ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია;
  • არტერიული წნევის ცვალებადობა;
  • გულისცემის სიხშირის ცვალებადობა;
  • ოფლიანობის მომატება ან შემცირება;
  • მამაკაცებში, ერექციული დისფუნქცია;
  • შარდვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევა;
  • ტერფის გაწყლულება და განგრენული პროცესების განვითარება.

საკუთრივაღვნიშვნის ღირსია კარპალური სინდრომი (გვირაბის სინდრომი), რომელიც ხშირად ვითარდება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მას ახასიათებს მტევნის მიდამოში ტკივილი და დაბუჟება. ასევე მგრძნობელობის მოშლა ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში, სისუსტე ხელებში, ასეთ პაციენტებს ხშირად უვარდებათ ხელიდან საგნები.

დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დიეტოთერაპია და გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ამ შემაწუხებელი სიმპტომების ინტენსიობის შემცირებას, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები, ანალგეზიური საშუალებები, მათ შორის ოპიატური ჯგუფის პრეპარატები.

აუცილებელია, მსგავსი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში მიმართოთ ნევროლოგს, რათა თავიდან აიცილოთ უფრო მძიმე გართულება და განახორციელოთ დაავადების სწორი მენეჯმენტი.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები