გულის იშემიური დაავადება

გულის იშემიური დაავადება

დავით იოსებაშვილი - კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, გულის იშემიური დაავადების შესახებ.

ინტერვიუერი: პირველ რიგში, მადლობა, რომ დრო გამონახეთ. როგორია ზოგადი სტატისტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების?

კარდიოლოგი: მადლობა, რომ მომიწვიეთ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება. გულ-სისხლძრაღვთა დაავადებები - არის გულისა და სისხლძარღვების დაავადებების ჯგუფი და მოიცავს გულის იშემიურ დაავადებას ცერებროვასკულარულ დაავადებას, გულის რევმატულ დაავადებას და სხვა მდგომარეობებს. გულ-სისხლძრაღვთა დაავადებები  სიკვდილიანობის ხუთიდან ოთხზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით, ინსულტით და ამ სიკვდილობის მესამედი ნაადრევად ხდება 70 წლამდე ასაკის ადამიანებში.

ინტერვიუერი: შეგვიძლია განვმარტოთ, რა არის  გულის იშემიური დაავადება და როგორ ვითარდება ის?

კარდიოლოგი:  იშემიური გულის დაავადება (გიდ) გულისხმობს გულის სისხლძარღვების, ანუ კორონარული არტერიების, დაავადებას, რომლის დროსაც არტერიები ნელ-ნელა ვიწროვდება, ხშირად ათეროსკლეროზის შედეგად. ეს იწვევს გულის კუნთის არასაკმარის სისხლმომარაგებას, რასაც "იშემია" ეწოდება.

ინტერვიუერი: რა არის ძირითადი ფაქტორები, რაც ზრდის ამ დაავადების რისკს?

კარდიოლოგი: რისკ-ფაქტორები მრავალმხრივია. პირველ რიგში, ესენია მაღალი ქოლესტეროლი, არტერიული ჰიპერტენზია, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და მჯდომარე ცხოვრების წესი. გენეტიკურ ფაქტორსაც დიდი როლი აქვს - თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, ეს ზრდის რისკს. ასაკი და სქესიც მნიშვნელოვანია - მამაკაცებს 40 წლის უფრო მაღალი რისკი აქვთ, თუმცა მენოპაუზის შემდეგ რისკი ქალებშიც იზრდება დაახლოებით 50 წლის შემდეგ.

ინტერვიუერი: რა სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს იშემიურმა გულის დაავადებამ?

კარდიოლოგი: ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სტენოკარდია – გულის ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას ან ემოციური სტრესის დროს ძლიერდება. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ეს ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, ზურგში, კისერში ან ყბაში. თუ გულის კუნთს მუდმივად არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი.

ინტერვიუერი: რა ზომების მიღება შეუძლია ადამიანს, რათა შეამციროს ამ დაავადების განვითარების რისკი?

კარდიოლოგი: მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მოწევის შეწყვეტა და არტერიული წნევის, ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონის კონტროლი. პრევენცია არის მთავარი, რადგან თუ დაავადება განვითარდა, მისი მართვა რთული ხდება, ის მუდმივად პროგრესირებადია

ინტერვიუერი: და ბოლოს, როგორია მკურნალობის ვარიანტები, თუ ადამიანს უკვე აქვს იშემიური გულის დაავადება?

კარდიოლოგი: მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს, როგორიცაა ასპირინი, სტატინები და ბეტა-ბლოკერები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ინვაზიურ ჩარევებს, როგორიცაა კორონარული ანგიოპლასტიკა ან გულის შუნტირება. მთავარი მიზანი მკურნალობის დროს არის გულის კუნთის ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესება და დაავადების პროგრესის შეჩერება.

ინტერვიუერი: თუ არის ამ ყველაფრის შესაძლებლობა თქვენს კლინიკაში, ვგულისხმობ გულის იშემიური დაავადების მართვას?

კარდიოლოგი: რა თქმა უნდა, ალადაშვილის სახელობის კლინიკა, რომელსაც 100 წლიანი ისტორია აქვს, არის წამოდგენილი კარდიოლოგიის ყველა სერვისით, როგორიცაა ამბულატორიული კარდიოლოგია, ინტენსიური და თერაპიული კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია.

 

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

+(995) 595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები