მედიცინაში ხშირია შემთხვევები, როცა მხოლოდ ერთი წუთი წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს.
ჩვენს კლინიკაში ექიმებს ყოველდღიურად უწევთ მძიმე პაციენტების გადარჩენისთვის თავდადებული ბრძოლა და სწორედ ამ ბრძოლაში სიცოცხლის გამარჯვება წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ ღირსებას, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით.
გვინდა, გაუწყოთ კიდევ ერთი ბედნიერი გამარჯვებისა და გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ალადაშვილის კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ დავით იოსებაშვილს, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმს, ბატონ გიორგი ბარაბაძეს და კარდიოინტერვენციონისტს - ბატონ აკაკი არჩვაძეს.
20 ივლისს ალადაშვილის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ უმძიმეს მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი 64 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა გაუსაძლისი ტკივილი გულმკერდის არეში, მკვეთრად გამოხატული ოფლიანობა, გულისცემის სიხშირე წუთში 40-ზე ნაკლები. შედეგად - კრიტიკულად დავარდნილი არტერიული წნევა. კარდიოგრამაზე ქვედა კედლის მწვავე ინფარქტი და სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. დაფიქსირდა გულის მწვავე უკმარისობა, ხოლო კორონაროგრაფიით - მარჯვენა კორონარული არტერიის სრული დახშობა.
დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, მიმღები განყოფილების გუნდმა მაქსიმალური ოპერატიულობით დაიწყო პაციენტის მართვა. თუმცა გულის დროებითი რიტმის წამყვანის ჩადგმისა და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის მიუხედავად, პაციენტს, უმძიმესი მდგომარეობის გამო, 15 წუთის განმავლობაში 2-ჯერ აღენიშნა გულის გაჩერება (პარკუჭთა ფიბრილაცია). სამედიცინო გუნდის თითოეულ წევრს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში, მხოლოდ უზუსტეს მოქმედებასა და უკიდურეს ყურადღებას შეეძლო სიკვდილის აშორება.
საბედნიეროდ, ჩვენი კლინიკის ექიმების მაქსიმალური მობილიზებისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ძალიან მალე მოხერხდა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზება: ექიმებმა შეძლეს, აღედგინათ გულის სინუსური რიტმი. დაუყოვნებლივ ჩატარდა დახშული სისხლძარღვის სტენტირება, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა წარმატებით აღდგა პრობლემურ კორონარულ არტერიაში, მოიხსნა სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მოხდა წნევის კორექცია.
უფრო მეტიც, მეორე დღესვე მოხერხდა პაციენტის ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნა. ამ ეტაპზე კი პაცენტი არც ვაზოინოტროპულ მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. ის თავს კარგად გრძნობს, თავისუფლად იღებს საკვებს და რამდენიმე დღეში გაეწერება ბინაზე.
ვულოცავთ ამ წარმატებას ალადაშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში. ვამაყობთ ჩვენი კლინიკის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით და კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოვხატავთ, რომ ჩვენთის თითოეული პაციენტის სიცოცხლე ფასადაუდებელია!
პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.