საძილე არტერიების ათეროსკლეროზის საფრთხე

საძილე არტერიების ათეროსკლეროზის საფრთხე

ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თავის ტვინის მკვებავი, ე.წ. საძილე, არტერიების ათეროსკლეროზი.

ეს დაავადება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს, რაც შეიძლება იშემიური ინსულტის მიზეზი გახდეს. ამ სავალალო შედეგების თავიდან აცილება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე მედიცინაში. რა ჩივილებით ვლინდება საძილე არტერიების ათეროსკლეროზი და როგორ შეიძლება მძიმე გართულებების თავიდან აცილება? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის ანგიოქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზაზა კევლიშვილი.

- რა არის ათეროსკლეროზი?
ათეროსკლეროზი არის გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც არტერიების კედლებზე ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა. სწორედ ეს ფოლაქები ავიწროვებენ და ზოგჯერ სრულიად ახშობენ არტერიების სანათურს. შესაბამისად, ხდება  სისხლის მოძრაობის შეფერხება, რაც შინაგანი ორგანოების ფუნქციურ დარღვევას იწვევს, რადგანაც მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება შემცირებული რაოდენობით ხდება. 

- რა ჩივილებით ვლინდება საძილე არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანება?
საძილე არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტს შესაძლებელია, აღენიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: 

  • ყურებში შუილი, 
  • თავის ტკივილი, 
  • თავბრუსხვევა, 
  • კოორდინაციის დარღვევა სიარულის დროს, 
  • შავი ან კაშკაშა წერტილების წარმოქმნა მხედველობის არეში, 
  • მომატებული აგზნებადობა, 
  • მეხსიერების დაქვეითება, 
  • ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. 

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არც თუ ისე იშვიათად საძილე არტერიების ათეროსკლეროზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მათი პირველი გამოვლინება არის იშემიური ინსულტი. 

ამ დროს ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან “შიმშილს”. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს უჯრედები გადარჩებიან და  განაგრძობენ ფუნქციონირებას. დაგვიანებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ინვალიდიზაციის განვითარება და სიკვდილი.  ამდენად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- როგორია ამ დაავადების მკურნალობა?
საძილე არტერიების მკურნალობა არის ქირურგიული. არსებობს ორი სახის მეთოდი: ღია წესით მკურნალობა, რაც ითვალისწინებს ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოღებას ე.წ. ენდარტერექტომია და დახურული წესით მკურნალობა - კერძოდ, სტენტირება - ანუ დახშული სისხლძარღვის გაფართოება ლითონის მილით. 

- შესაძლებელია თუ არა საძილე არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანების თავიდან აცილება? 
საძილე არტერიებისა და ზოგადად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის თავიდან აცილების მიზნით მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. კერძოდ:   

  • არტერიული წნევის კონტროლი; 
  • თამბაქოზე უარის თქმა; 
  • მაღალკალორიული და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღება;  
  • სხეულის მასის კონტროლი;   
  • შაქრიანი დიაბეტის დროს -  სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება;

და რაც მთავარია - ჯანსაღი ცხოვრების წესი! ფიზიკური აქტივობის გაზრდა, ვარჯიში, ფეხით სიარული, ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე ყოფნა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს არამხოლოდ ათეროსკლეროზული დაზიანების, არამედ სხვა უამრავი დაავადების განვითარების რისკებს. 

ჩემი რჩევა იქნება, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას. ხშირად სავალალო შედეგების მომტანი სწორედ პაციენტების დაუდევრობა ხდება, ამიტომაც, სასურველია, დროგამოშვებით პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. ამასთანავე, ჩვენს ორგანიზმში ნებისმიერი საეჭვო ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებელია მივმართოთ ექიმს, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება, შესაძლებელია, უდიდესი საფრთხის შემცველი იყოს. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები