რამდენიმე მცდარი შეხედულება ძუძუს კიბოს შესახებ
ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. მსოფლიოში ყოველი მე-8 ქალი ამ პათოლოგიით ავადდება და მისი სიხშირე კვლავაც იზრდება. ძუძუს კიბოს, ისევე, როგორც სიმსივნეთა დიდი უმრავლესობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ალბათ ამიტომაც არსებობს უამრავი მითი და მცდარი შეხედულება ამ დაავადების შესახებ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და შევეცდებით, გავაქარწყლოთ გავრცელებული მითები და არასწორი მოსაზრებები:
მითი N1. ძუძუს კიბო მემკვიდრეობითი დაავადებაა.
რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ახლო ნათესავებში ძუძუს კიბოს არსებობა რისკ-ფაქტორია, დაავადებული ქალების 90% ეს რისკ-ფაქტორი არ გააჩნია. მეორე მხრივ, ამ რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ სიმსივნე აუცილებლდად განვითარდება, თუმცა რისკი იზრდება.
მითი N2. ძუძუს სიმსივნეთა უმეტესობა ავთვისებიანია.
რეალობა: ძუძუს სიმსივნეთა უმეტესობა, დაახლოებით 90-95% კეთილთვისებიანი, თუმცა მათი მცირე ნაწილი შეიძლება გაავთვისებიანდეს, ამიტომ არის აუცილებელი მკურნალობა და მეთვალყურეობა.
მითი N3. ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობა იწვევს სიმსივნის პროგრესირებას.
რეალობა: ქირურგიული მკურნალობა არ იწვევს სიმსივნის პროგრესირებას, ის, უბრალოდ, ყოველთვის არ არის საკმარისი პროგრესირების შეჩერებისთვის, რის გამოც საჭირო ხდება დამატებით ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და ჰორმონოთერაპიის გამოყენება.
მითი N4. ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეთა ქირურგიული მკურნალობა იწვევს მათ გაავთვისებიანებას.
რეალობა: ქირურგიული მკურნალობა არ იწვევს მათ გაავთვისებიანებას, თუმცა ის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მომავალში არ განვითარდება .
მითი N5. ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეთა ბიოფსია იწვევს მათ გაავთვისებიანებას.
რეალობა: მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბიოფსია არ იწვევს სიმსივნის გაავთვისებიანებას .
მითი N6. ძუძუს იმპლანტები ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.
რეალობა: მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ იმპლანტი არ ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს - იმპლანტირებულ პაციენტებში სიმსივნის განვითარების რისკი ჩვეულებრივია.
მითი N7. მცირე ზომის ძუძუ ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
რეალობა: ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი არ არის დამოკიდებული მის ზომაზე - უბრალოდ მცირე ზომის მკერდში სიმსივნე ადრეულ სტადიებში უფრო ხშირად ვლინდება .
მითი N8. ძუძუს კიბოს ყოველთვის კვანძის ფორმა აქვს.
რეალობა: უმეტეს შემთხვევაში ასეც არის, თუმცა არსებობს სხვა ფორმებიც - მასტიტისებური, ანთებით-ინფილტრაციული, პეჯეტის და სხვა სიმსივნეები.
გახსოვდეთ, რომ ძუძუს კიბო არის დიაგნოზი და არა განაჩენი! მართალია, ამ დაავადების გარანტირებულად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი განვითარების რისკის მნიშვნელოვანი შემცირება სავსებით რეალურია. და რაც მთავარია, ძუძუს კიბოს დროულად აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი თითქმის 100%. ასე რომ, ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ მამოლოგს. ამასთანავე, რეკომენდებულია, ყოველწლიურად ან 2 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა ამ დაავადების პრევენციისათვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირვლის კომპლექსური კვლევა