კანის სოკოვანი ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სოკოთია გამოწვეული. როგორ ავიცილოთ სოკოს განვითარება, რა უნდა ვიცოდეთ ამ ინფექციის ხელშემწყობი პირობების შესახებ და რა სიმპტომები არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა? ამ საკითხებს განგვიმარტავს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-დერმატოლოგი, ქალბატონი რუსუდან კახიძე.
სოკო ჩვენი კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროფლორის ბუნებრივი თანამობინადრეა და ნორმალურ პირობებში არ იწვევს დაავადებას. ამიტომაც, ის მიიჩნევა პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმად. პირობით-პათოგენი დაავადების გამომწვევად მხოლოდ გარკვეულ, მისთვის ხელსაყრელ პირობებში გადაიქცევა.
- რა სახის სოკოვანი ინფექციები გვხვდება კანზე?
არსებობს კანის სოკოვანი დაავადების მრავალი სხვადასხვა გამომწვევი. ძირითადად გვხვდება ზედაპირული მიკოზები (სოკოვანი დაავადებები), რომლებიც აზიანებს კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმოფიტოზები, თმას - ტრიქომიკოზები, ფრჩხილებს - ონიქომიკოზები. ასევე, არსებობს ღრმა მიკოზები.
- რა პირობები უწყობს ხელს კანის სოკოვანი ინფექციის განვითარებას?
ინფექციის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები მრავალგვარია - ენდოგენური: ოფლიანობა, კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვა. ეგზოგენური ფაქტორები: დაავადების წყაროსთან კონტაქტი, ტენიანი და თბილი გარემო, ვიწრო და სინთეტიკური ტანსაცმელი, და ა.შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველა სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სითბო და ნოტიო გარემო. ზოგი სოკო თავს განსაკუთრებით კარგად ცხიმოვან გარემოში გრძნობს.
ჩახუთულ კანზე თავდაპირველად ვითარდება ადგილობრივი დაზიანება - დერმატიტი, აგრეთვე, თითებს შორის შეიძლება გაჩნდეს კანის აქერცვლა, ნახეთქები, მაცერაცია, რაც თავისთავად სოკოს გაჩენას უწყობს ხელს.
ზოგადად, ინფექციის კლინიკური სურათი დამოკიდებულია როგორც გამომწვევის ტიპზე, ისე მის ლოკალიზაციაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. კლინიკური სურათის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. აღსანიშნავია იმუნიტეტის დაქვეითება და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ინფექციის განვითარებაში. მაგალითად - შაქრიანი დიაბეტი.
- სხეულის რა ნაწილებში ჩნდება სოკო ყველაზე ხშირად?
სოკო კანზე გვხვდება ნებისმიერი ლოკალიზაციით, თუმცა ძალიან ხშირად სოკოვანი დაავადება სხეულის ბუნებრივ ნაოჭებში ვითარდება: იღლიებში, საზარდულის მიდამოში, თითებს შორის სივრცეში, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც დახურული ფეხსაცმლის ან და ხელთათმანების ხანგრძლივი გამოყენება უწევთ. მინდა, ყურადღებით იყვნენ დიასახლისები, რომლებსაც ჩვევად აქვთ დიდხანს ყოფნა სველი ხელებით. კანის ასეთი სინოტივე, შესაძლოა, სოკოსთვის დიდი ხელშემწყობი გახდეს.
აგრეთვე, გავრცელებულია კანისა და თმიანი ნაწილების ზოოფილური სოკოვანი ინფექციები. ისინი უფრო ხშირად გვხდება ისეთ ადამიანებში, რომლებსაც ცხოველებთან ინტენსიური, უშუალო კონტაქტი აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ინფექცია ცხოველებიდანაც გადაეცემა ადამიანს.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად სოკოთი დაავადებული კანი სხვა ინფექციებისთვის შემავალ კარიბჭეს წარმოადგენს. დაზიანებული კანი, ლორწოვანი და ფრჩხილი კარგავს დამცველობით ფუნქციას და ამ დროს, შესაძლოა, ორგანიზმში გაცილებით მარტივად შეიჭრას სხვა დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტები, მაგალითად, წითელი ქარის გამომწვევი ბაქტერია (სტრეპტოკოკული ინფექცია). ასევე, როცა ადამიანს აღენიშნება ვარიკოზული ვენები, ლიმფოსტაზი, კანის მთლიანობის დაზიანება მიკროტრავმებით და ა.შ. ამ დროს ვითარდება შერეული ინფექციები, მეორეული დაზიანება სუპერინფექციით.
- როგორია სოკოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკა ძირითადად ემყარება ანამნეზსა და კლინიკურ სურათს, ხდება დაზიანებული კანის ზოგადი დათვალიერება, დერმატოსკოპია, ვუდის ნათურით სათანადო შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული კვლევები.
სოკოვანი ინფექცია ძალიან მრავალფეროვანი კლინიკური სურათით შეიძლება გამოვლინდეს. დაწყებული კანის უბრალო სიმშრალითა და აქერცვლით, დამთავრებული ღრმა დაზიანებითა და მეორეული ინფიცირებით. ხშირად საჭირო ხდება დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ეგზემასთან, ფსორიაზთან, ატოპიკურ დერმატიტთან, ალერგიულ დერმატიტთან და სხვ.
რაც შეეხება მკურნალობას, ის სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. ზოგადად, ნებისმიერი დაავადების მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია სწორად დასმულ დიაგნოზსა და მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩეულ მეთოდზე.
ზოგადი სიმპტომები ძირითადად შემდეგია: ქავილი, კანის სიმშრალე, კანის გაუხეშება, აქერცვლა, ნახეთქები, მაცერაცია და სხვა.
ზოგჯერ ბუშტუკებსა და ბუშტებსაც ვხვდებით - ეს ეპიდერმოფიტოზის დისჰიდროზული ფორმაა, რომელიც ძალიან ჰგავს როგორც დისჰიდროზულ ეგზემას, ასევე კონტაქტურ დერმატიტს და წარმატებული მკურნალობისთვის, როგორც აღვნიშნეთ, ზუსტი დიფერენციაციაა გადამწვეტი, რადგან მკურნალობის ტაქტიკა ყველა კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ზოგჯერ მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობაა საკმარისი, ზოგჯერ კი სისტემური ჩარევა ხდება საჭირო. თითოეული სოკოვანი დაავდების მართვა და მისი ხანგრლივობა ძალიან განსხვავდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვმკურნალობთ უშუალოდ პაციენტს და არა ცალკე აღებულ დაავადებას.
- როგორია კანის სოკოვანი დაავდებების პროფილაქტიკა?
ვინაიდან სოკოვანი ინფექცია გადამდებია, პროფილაქტიკური ზომების მიღება ერთობ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სოკო ძალიან მდგრადია გარემო პირობების მიმართ. სოკოების უმრავლესობა წარმოქმნის სპორებს, რომლებსაც ხანგრძლივად შეუძლიათ არსებობა. ადამიანის ქერცლში სოკო წელიწადზე მეტ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.
ამიტომაც, აუზების და სპორტ-დარბაზების მომხმარებლებს განსაკუთრებული ჰიგიენის ნორმების დაცვა მართებთ. გამოვიყენოთ მხოლოდ პირადი პირსახოცი, სავარცხელი, საცურაო ფეხსაცმელი, და ა.შ. გვახსოვდეს: დავიცვათ სიმშრალე განსაკუთრებით ბუნებრივ ნაოჭებში, ნუ ვივლით ფეხშიშველი საერთო მოხმარების ტერიტორიაზე.
მინდა ისიც ვთქვა, რომ როცა პაციენტები სოკოს განვითარებას საცურაო ან სპორტ-დარბაზში სისუფთავის ნორმების არასათანადო დაცვით ხსნიან, ეს ყოველთვის მართებული დასკვნა არაა. ხშირად გარემო სულაც არაა „დამნაშავე“. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანის კანზე არსებულ სოკოს, სათანადო, თბილ და ნოტიო გარემოში გამრავლების კარგი პირობები შეექმნას, რაც ხდება დაავადების განვითარების მიზეზი.
ასევე, დიდი სიფრთხილე გვმართებს ბავშვისთვის სამოსისა და ფეხსაცმლის შერჩევისას. რეკომენდებულია, რომ პატარებს ყველაფერი ბუნებრივი მატერიისგან დამზადებული ეცვათ. ამასთანავე, კარგი იქნება თუ ჩვილებს ხშირად გამოვუცვლით პამპერსს და მოვახდენთ კანის მრავალჯერად აერაციას. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ადრე შეცვალოთ პამპერსი ბუნებრივი საცვალით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კანის სოკოს განვითარების რისკს.
ასე რომ, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ვერიდოთ სინთეტიკურ სამოსსა და რეზინის ფეხსაცმელს, ვაკონტროლოთ კანის მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო გართულებები. გახსოვდეთ, სოკოვანი ინფექცია საშიშია მაშინაც, როცა ის მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს გიქმნით და არ გაქვთ სუბიექტური ჩივილები. რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სოკოთი დაავადებული კანის, თმისა და ფრჩხილების მეშვეობით ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი აგენტების შეჭრაა მოსალოდნელი. ამიტომაც, მკურნალობას დიდი პტოფილაქტიკური მნიშვნელობაც აქვს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.