რა უნდა ვიცოდეთ ნევროზის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ნევროზის შესახებ?

ნევროზის განვითარების ძირითადი მექანიზმია თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლა.

ნევროზი - ეს არის ფსიქოგენური, ფუნქციური და შექცევადი მოშლილობების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით და იწვევს სოციუმთან ადაპტაციის დარღვევას. ამ აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგი, ქალბატონი ნანა ღვალაძე.

ნევროზის განვითარების მიზეზი უმეტესწილად არის საკუთარ პიროვნებასთან ან გარემოსთან კონფლიქტი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი, ემოციური, ინტელექტუალური თუ ფიზიკური გადაძაბვა, ხანგრძლივი ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაცია (მაგ. ალკოჰოლიზმი) და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები. გარკვეულწილად ყურადსაღებია მემკვიდრული წინასწარგანწყობაც.

- როგორ ვითარდება ნევროზი?
ნევროზის განვითარების ძირითადი მექანიზმია თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლა. მწვავე ან ქრონიკული სტრესული სიტუაციების ფონზე ირღვევა ინტეგრაციული პროცესები თავის ტვინში, კერძოდ, ე.წ ლიმბურ-რეტიკულურ სისტემაში, უპირველეს ყოვლისა ჰიპოთალამუსში, ვითარდება ისეთი ჰორმონების თანაფარდობის დარღვევა, როგორიცაა სეროტონინი და დოფამინი (,,ბედნიერებისა და სიამოვნების’’ ჰორმონები), ადრენალინი
(,,შიშის’’ ჰორმონი), ნორადრენალინი (,,მძვინვარების“ ჰორმონი). დისბალანსს ამ ჰორმონებს შორის მივყავართ გარემოსთან ადაპტაციის დარღვევამდე.

- რა სიმპტომებით ვლინდება ნევროზი?
ნევროზი ვლინდება ძირითადად ფსიქოგენური და სომატური (შინაგანი ორგანოების) ხასიათის სიმპტომატიკით.
ფსიქოგენური სიმპტომატიკა წარმოდგენილია შფოთვით, დაღლილობით, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობით, არასრულფასოვნების კომპლექსით ან პირიქით, გადაჭარბებული თვითშეფასებით, შრომის უნარის დაქვეითებით, უძილობით.
სომატური დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს გულის აჩქარებითა და ტკივილით გულის არეში, არტერიული წნევის აუხსნელი ცვალებადობით, ოფლიანობით, გულის წასვლის ეპიზოდებით. არცთუ იშვიათია ტკივილი სხვადასხვა მიდამოში (თავის, მუცლის, კიდურების და სხვ.), თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები ორგანული დაზიანების გარეშე.

- რა სახის ნევროზები არსებობს?
გამოყოფენ ნევროზის 3 ძირითად ფორმას:
ნევრასთენია - ამ დროს პაციენტს აქვს საკუთარი თავის მიმართ გადამეტებული მოთხოვნები, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს. ნევროზის ამ ფორმის ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს ,,მინდა, მაგრამ არ შემიძლია’’.
კლინიკურად იგი ვლინდება საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, აპათიით, გაღიზიანებადობით, ხასიათის სწრაფი ცვალებადობით, შრომის უნარის დაქვეითებით, უძილობით, სხვადასხვა ვეგეტატიური დარღვევებით.
ისტერია - ისტერიისას ხდება კონფლიქტი პიროვნების გარემოსადმი გადამეტებულ მოთხოვნებსა და სურვილების რეალიზაციას შორის. მუშაობს ფორმულა ,,არ შეიძლება, მაგრამ მინდა’’.
კლინიკურად იგი ვლინდება ქცევის პათოლოგიით, მოძრაობის, მგრძნობელობის და სხვა ნევროლოგიური ფუნქციების ფსევდოდარღვევებით. შეტევები ყოველთვის ვითარდება პაციენტისთვის საინტერესო დამსწრეთა თვალწინ და თვითდაზიანებას არ იწვევს.
აკვიატებებების ნევროზი - მისი საფუძველია პიროვნების გეგმებსა და მის რეალიზაციას შორის კონფლიქტი. ადამიანი განიხილავს უამრავ ვარიანტს, მაგრამ მერყეობს და უჭირს ერთი გადაწყვეტილების მიღება. კვლავდაკვლავ უბრუნდება ერთსა და იმავე საკითხს, მუდმივად აწასმოებს ფუჭ გათვლებს. ახასიათებს აკვიატებული აზრები, მოქმედებები, შეიძლება რიტუალებიც კი. მიდრეკილია სხვადასხვა სახის ფობიებისკენ.

- როგორ ხდება ნევროზის დიაგნოსტიკა?
ნევროზი შეიძლება იყოს პირველადი ან წარმოადგენდეს რომელიმე ფარულად მიმდინარე სომატური პათოლოგიის ფასადს, ამიტომ დიაგნოსტიკისას ანამნეზური მონაცემების პარალელურად საჭიროა სრულყოფილი ნევროლოგიური, სომატური და აუცილებელი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ნევროზი და ,,თავისებური ხასიათი’’. ნევროზი არის ხასიათის ,,დაავადება’’ და იგი ძირეულად განსხვავდება ე.წ ,,თავისებური ხასიათისგან’’. როგორც ცნობილია, ბუნება ნახტომებს არ აკეთებს, ამიტომ ზუსტი გამყოფი ხაზი ნორმასა და პათოლოგიას შორის არ არსებობს. მათ შორის წარმოდგენილია მთელი სპექტრი ყოველი ცალკეული ხასიათობრივი შტრიხის გამოხატვის ინტენსივობის მიხედვით. მაგალითისთვის: ეჭვიანობა - არის ერთერთი ხასიათობრივი შტრიხი და ზომიერად გამოხატული ახასიათებს ყველა პიროვნებას (ე.წ ,,ნორმა’’), შედარებით მეტად გამოხატული (,,ნორმის ზედა ზღვართან’’) იწვევს პიროვნების აქცენტუაციას მოცემულ თვისებასთან მიმართებაში, მაგრამ იგი კონტროლირებადია და სოციუმთან კონფლიქტი არ მოსდევს. სტრესული ფაქტორების ზეგავლენით იგი შეიძლება გადაიზარდოს აკვიატების ნევროზში და შექმნას პრობლემები გარემოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
პრაქტიკულად ყოველი პიროვნება მეტნაკლებად აქცენტუირებულია (მიდრეკილია) გარკვეული თვისების ან თვისებების კუთხით და სწორედ ეს განსაზღვრავს ნევროზის ამა თუ იმ ფორმის ჩამოყალიბების ალბათობას.
მაგ. ეგოცენტრიზმისკენ აქცენტუირებულ პირებს მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ისტერიული ნევროზი, ლოგიკური აზროვნების მქონე პირებს აკვიატებების ნევროზი, ინტროვერტებს დეპრესიული ნევროზი და ა.შ.

- როგორ ხდება ნევროზის მკურნალობა?
პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხასიათის მკურნალობა არ ხდება, ხოლო ნევროზების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომწვევი ფაქტორის (თუნდაც ბავშვობის დროინდელი პერიოდის) აღმოჩენას და მის აღმოფხვრას ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პრობლემასთან შეგუებას.
მკურნალობა წარმოებს 2 ძირითადი მიმართულებით:

  1. ფსიქოთერაპიული - უპირატესობა ენიჭება ე.წ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ მის ფსიქოლოგიური პრობლემას იწვევს არასწორი აზროვნება, მოვლენების არასწორი შეფასება და ეხმარება მას გარემოს აღქმისა და აზროვნების დისფუნქციური სტერეოტიპებისგან განთავისუფლებასა და სწორი გამოსავალის მოძებნაში. სამწუხაროდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის.
  2. მედიკამენტური - ანტიდეპრესანტები, ტრანჯვილიზატორები, ნეიროლეპტიკები, სიმპტომური და სხვა.

- როგორ შეიძლება ნევროზის განვითარების თავიდან აცილება?
როგორც ცნობილია, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი პროფილაქტიკა. პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი თავისებურება არის კეთილსაიმედო გარემო პირობების შექმნა, როგორც ოჯახური და ყოფითი, ასევე შრომის პირობების თვასაზრისით, პოზიტიური განწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლება, შესაძლებლობის ფარგლებში ფიზიკური აქტივობა, სპორტი, ჯანსაღი პროდუქტებით კვება.
უნდა გვახსოვდეს, რომ პიროვნული თვისებები 5 წლის ასაკისთვის ძირითადად უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ ნევროზის პროფილაქტიკაც სწორედ ბავშვობიდან იწყება. კარგი ოჯახური კლიმატი, მშობლების მხრიდან პირადი მაგალითები და ზომიერი ყურადღება შვილის მიმართ, შრომისადმი სიყვარულის ჩანერგვა, სპორტით ან ხელოვნებით დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ბავშვის პიროვნებაში აღვივებს ჯანსაღ ინტერესებს და ხელს უწყობს პიროვნების თვითრეალიზაციას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით:

ნევროლოგის უფასო კონსულტაცია
კომპლექსური ნევროლოგიური კვლევა 174 ლარის ნაცვლად 88 ლარად
თავის ტვინის CT + ნევროლოგის კონსულტაცია

ტეგები

ტეგები