როდის უნდა მივმართოთ რევმატოლოგს?

როდის უნდა მივმართოთ რევმატოლოგს?

რევმატულ დაავადებებს საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება.

რევმატოლოგია არის შინაგანი მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება და მოიცავს დაავადებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება. ამ დაავადებების ძირითადი გამოვლინებაა სახსროვანი სინდრომი. რევმატული დაავადებები კაცობრიობისთვის უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა სახსრების მწვავე ანთება რევმატიზმის დროს და პირველმა შემოიღო ტერმინი ართრიტი. ამ დაავადებების შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმი-რევმატოლოგი, ქალბატონი მარიამ ხოხიაშვილი.

- რა არის რევმატოლოგია და რა სახის დაავადებების მკურნალობას მოიცავს?
რევმატოლოგია საკმაოდ ვრცელი დარგია, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით აერთიანებს 200-მდე სხვადასხვა დაავადებას. რევმატული დაავადებები ძვალ-სახსართა სისტემის გარდა აზიანებს სხვადასხვა სისტემებს და ორგანოებს, მაგალითად, ხშირად ზიანდება გული, ფილტვები, თირკმელები, ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სხვა. ამ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება ასევე შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, როგორებიცაა სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, სისტემური სკლეროდერმია, სისტემური ვასკულიტები და სხვა.

- ძირითადად რომელი რევმატული დაავადებებია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში და რა არის ამის მიზეზი?
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია:

  • ოსტეოართროზი, 
  • რევმატოიდული ართრიტი, 
  • პოდაგრა, 
  • სისტემური წითელი მგლურა.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ რევმატულ დაავადებებს განვითარების ადრეულ სტადიაზე შეიძლება, ჰქონდეს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური სურათი, როგორიცაა: ტკივილი სახსრებში, სახსრების დეფიგურაცია, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა, რაც ექიმისგან მოითხოვს დაავადების კლინიკური სიმპტომებისა და ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ზედმიწევნით ცოდნას, იმისათვის რომ დაისვას სწორი დიაგნოზი.

დავიწყოთ, ოსტეოართრიტით, რომელიც სახსრების ყველაზე ხშირი დაავადებაა, გავრცელების მიხედვით რევმატულ დაავადებათა შორის ის 80%-ს აღწევს. დაავადება ძირითადად იწყება 40-45 წლის შემდეგ.
ოსტეოართრიტი წარმოადგენს სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე დაავადებების ჯგუფს ურთიერთმსგავსი კლინიკური გამოვლინებით და შედეგებით, რომლებსაც საფუძვლად უდევს სახსრის ყველა კომპონენტის დაზიანება. ამ დაავადების დროს ძირითადად ზიანდება ხრტილი, ძვლის სუბქონდრული უბანი, სინოვიური შრე, იოგები, კაფსულები, პერიარტიკულური კუნთები.
აღსანიშნავია, რომ ოსტეოართრიტის ნაცვლად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს „ოსტეოართროზი“, თუმცა ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ოსტეოართრიტს, რადგან იგი ხაზს უსვამს ანთებითი კომპონენტის როლს დაავადების პროგრესირების პროცესში.

- რა იწვევს ართროზის განვთარებას?
არსებობს ართროზის განვითარების მრავალი მიზეზი და რისკ-ფაქტორი, რომლებიც პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: არამოდიფიცირებად და პოტენციურად მოდიფიცირებად ჯგუფებად.

არამოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:
• მდედრობითი სქესი,
• II ტიპის კოლაგენის გენის დეფექტი,
• ძვლების და სახსრების თანდაყოლილი დაავადებები.

ხოლო პოტენციურად მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია:
• სხეულის ზედმეტი წონა,
• ზედმეტი დატვირთვა სახსრებზე,
• სახსრის ტრავმები,
• ესტროგენების დეფიციტი ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში და სხვ.

ოსტეოართროზის ძირითადი ფორმების პათოგენეზს, სავარაუდოდ, საფუძვლად უდევს ხრტილის ქსოვილის ნორმალური ცვლის დარღვევა, როდესაც კატაბოლური (დაშლითი) პროცესები ჭარბობს ანაბოლურს (სინთეზური), ანუ ოსტეოართროზი ხრტილში იწყება მეტაბოლიზმის მოშლით, როდესაც ხრტილის ძირითადი ნივთიერებიდან იკარგება მთავარი შემადგენელი ნაწილი - პროტეოგლიკანი. ამის გამო ხრტილი კარგავს თავის ელასტიურობას და დრეკადობას, ხრტილი თხელდება, გამომშრალი და ხორკლიანია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ოსტეოართროზის ყველაზე ადრეული ნიშანია ხრტილის დარბილების ლოკალური ზონების წარმოქმნა, ხოლო პროცესის შემდგომი განვითარებისთვის დამახასიათებელია ხრტილის ფრაგმენტაცია და აშრევება.

ხრტილის ქსოვილში პროტეოგლიკანების და წყლის შემცველობა მცირდება დაავადების პროგრესირების შესაბამისად. ხრტილის ქვემოთ განლაგებული, მორტიზაციას მოკლებული ძვლის ქსოვილი მექანიკურად ცვდება და მკვრივდება, სუბქონდრულ (ხრტილის ქვეშ არსებულ) ძვლის ქსოვილში იზრდება ოსტეობლასტების და ოსტეოკლასტების აქტივობა, რაც იწვევს ძვლოვანი ფირფიტის გასქელებას და გამკვრივებას, შედეგად ვითარდება სასახსრე ნაპრალის არეში ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები.

- ყველაზე ხშირად რომელ სახსრებს აზიანებს ოსტეოართროზი?
ოსტეოართროზი უპირატესად აზიანებს იმ სახსრებს რომლებიც განიცდიან ყველაზე დიდ დატვირთვას. ესენია:

  • მუხლის, 
  • მენჯ-ბარძაყის,
  • მტევნის წვრილი სახსრები,
  • ხერხემალი.

აღსანიშნავია, რომ ქალებში ძირითადად გვხვდება მუხლის სახსრების დაზიანება (გონართროზი), ასევე ფალანგთაშუა სახსრების დაზიანება დისტალური (ჰებერდენის კვანძები) და პროქსიმალური (ბუშარის კვანძები). ხოლო მამაკაცებში ყველაზე ხშირად ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი (კოქსართროზი).

- რა ჩივილები უჩნდება ოსტეოართროზით დაავადებულ ადამიანს?
როგორც წესი, დაავადება იწყება თანდათანობით და შეუმჩნევლად. ავადმყოფები უჩივიან ყრუ, მღრღნელ ტკივილს დაავადებული სახსრის მიდამოში. ოსტეოართროზის კლინიკური სურათი მოიცავს:

  • მექანიკური ხასიათის ტკივილს სახსრებში - ტკივილი ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას და იკლებს მოსვენებულ მდგომარეობაში.
  • შებოჭილობას, რომელიც შედარებით ხანმოკლეა განსხვავებით რევმატოიდული ართრიტისგან.
  • კრეპიტაციას სახსრებში, რომელიც ვლინდება სიარულისას სახსრებში ხრაშუნით,
  • ძვლოვან წანაზარდებს სახსრის კიდეებთან. როგორც ავღნიშნეთ, ყველაზე მეტად გავრცელებულია მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი.

კოქსართროზი სხვა ლოკალიზაციის ართროზებს შორის პირველ ადგილზეა და გვხვდება დაახლოებით შემთხვევათა 60%-ში. იწყება თანდათან, ჯერ უმნიშვნელო ხოლო შემდეგ მუდმივი ინტენსიური ტკივილით მენჯ-ბარძაყის სახსარში. ტკივილი აქაც მექანიკური ხასიათისაა და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას. პაციენტს უჭირს პირველი ნაბიჯების გადადგმა, რასაც სტარტულ ტკივილს ვუწოდებთ, უჭირთ სიარული, ცალმხრივი დაზიანებისას ვითარდება კოჭლობა, ხოლო ორმხრივის დროს - ე.წ. იხვისებრი სიარული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პათოლოგიის უმკარნალებლად დატოვებას, პაციენტი ინვალიდობამდე მიჰყავს.

რაც შეეხება გონართროზს, ის სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა სხვა ლოკალიზაციის ართროზებს შორის და გვხვდება დაახლოებით 30%-ში. ამ შემთხვევაშიც ტკივილი მექანიკური ხასიათისაა და ძირითადად ვლინდება კიბეზე ასვლის და ჩასვლის დროს. კოქსართროზისგან განსხვავებით მისი მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია და იშვიათად იწვევს ინვალიდობას.

- როგორ მკურნალობთ ამ დაავადებებს ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში ოსტეოართროზის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ხანგრძლივ მკურნალობას ეტიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. მკურნალობის ძირითადი მიზანია:

  • პროცესის პროგრესირების შენელება, 
  • ტკივილის და ანთებითი ცვლილებების მოხსნა,
  • დაზიანებული სახსრის ფუნქციის აღდგენა,
  • გამწვავების და ახალი სახსრების დაზიანების შემცირება, 
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ინვალიდობის თავიდან აცილება.

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხორციელდება თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების მხედველობაში მიღება, როგორიცაა დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები, სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება, პაციენტის ცხოვრების წესი და ა.შ.

- რას ურჩევდით პაციენტებს?
ზოგადად, ოსტეოართროზით დაავადებულ პაციენტებს ვურჩევთ სახსარი დაიცვან მიკროტრევმებისგან, ხანგრძლივი ფუქციური გადატვირთვისგან, რომელიც იწვევს დაავადების გამწვავებას, არ შეიძლება მძიმე ფიზიკური შრომა, სხეულის ხანგრძლივად ერთ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე, საჭიროა, მოხდეს სხეულის წონის კორექცია, მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური აქტივობა, რეკომენდებულია სამკურნალო ვარჯიშები, ცურვა.

და რაც მთავარია, თუკი პაციენტს აღენიშნება ისეთი სმპტომები, როგორიცა: ტკივილი სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის შეშუპება, სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, ფუნქციის მოშლა და სხვა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, აუცილებელია, მივმართოთ რევმატოლოგს, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა.


თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები