ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებები საქართველოში

ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებები საქართველოში

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია. თითოეულ მათგანს განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს. ჩვენს ქვეყანაში ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მირანდა მიმინოშვილი.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე საუბრისას შესაძლოა, გამოვყოთ დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი ცვლილებებით:

  • სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარე,
  • ფუნქციური ცვლილებებით მიმდინარე, 
  • დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ერთდროულად როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციური ცვლილებებით.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ფუნქციის სიჭარბეს კი ჰიპერთირეოზი. არის შემთხვევები, როდესაც სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურ ფუნქციონირებას ინარჩუნებს (ეუთიროიდული ჩიყვი). ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს და ის შეიძლება იყოს:

ენდემური - იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა.

დიფუზური - ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ აღენიშნება ჰორმონული დარღვევები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს;

კვანძოვანი - როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო. კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისევე ავთვისებიანი.

დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი - გრეივსის დაავადება. პათოლოგიური მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონები გამომუშავდება.

- ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში?
საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიდან 2016 – 2017 წწ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მეტად გამოვლენილია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და ჰიპოთირეოზის სხვა ფორმები, თირეოიდიტი და თირეოტოქსიკოზით მიმდინარე დაავადებები.

- რა ძირითადი სიმპტომებით ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები ძირითადად დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების, ჰიპერთირეოზის დროს პაციენტს აღენიშნება:

  • ემოციური არამდგრადობა, აგზნებადობის მომატება, ცვალებადი ხასიათი,
  • ოფლიანობის სიჭარბე,
  • გულის აჩქარება, რომელიც მედიკამენტის მიღების მიუხედავად არ ქრება,
  • ხელის თითების კანკალი,
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება,
  • წონის კლება და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ჰიპოთირეოზის დროს კი პაციენტი უჩივის:

  • ადინამიასა და მოდუნებას
  • ძილიანობას,
  • წონის მატებას,
  • თმის ცვენას,
  • ფრჩხილების მტვრევადობას,
  • კანის სიმშრალეს,
  • ყაბზობას, 
  • ემოციურ არამდგრადობას
  • ბრადიკარდიას (გულის რიტმის შენელება)
  • დაბალ არტერიულ წნევას და სხვ.

- როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსავლენად მნიშვნელოვანია, შეფასდეს:

  • პაციენტის ჩივილები,
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, რომლის საშუალებით ფასდება ფარისებრი ჯირკვლის ან/და მასში არსებული წარმონაქმნების სტრუქტურული მონაცემები, როგორიცაა: ფორმა, ზომა, ექოგენობა, კვანძების რაოდენობა, ცვლილებების დინამიკაში დაკვირვება,
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მიხედვით შეფასდეს ფუნქციური მდომარეობა, განისაზღვროს სხვადასხვა ჰორმონის და ანტისხეულების ტიტრი სისხლში.
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება დამიზნებით წვრილი ნემსით ასპირაციას და მიღებული მასალის ციტოლოგიურ კვლევას.
  • ფარისებრი ჯირკვლის სკანირება, რომლის მეშვეობით ფასდება ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური აქტივობა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თირეოტროპული ჰორმონის დათრგუნვის შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზის გასატარებლად.

- მკურნალობის რა მეთოდიები და მიდგომებია დანერგილი ალადაშვილის კლინიკაში?
მინდა, აღვნიშნო, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სრულყოფილად არის შესაძლებელი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნსოტირება და მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა; 
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სპექტრის სრულად განსაზღვრა, 
  • წვრილი ნემსით ასპირაცია და მიღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა; 
  • ქირურგიული მკურნალობა.

- რას ურჩევდით პაციენტებს ფარისებრის დაავადებების პრევენციისთვის?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული მკურნალობისთვის უმთავრესი წინაპირობა არის დროული დიაგნოსტიკა, რისი მიღწევაც შესაძლებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი პროცესების ადრეული გამოვლენა, ვინაიდან დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე მკურნალობა შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.
იმისათვის, რათა ყველა პაციენტისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინგი და დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამა - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა. დაავადებათა სკრინინგის პროგრამით ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა რეკომენდებულია 25-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის.
ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, დროულად მიმართეთ ექიმს განხილული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და თავიდან აიცილეთ შესაძლო გართულებები!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები