გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი

ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, ქალბატონი მარიამ ხელაძე გვესაუბრება გაფანტული სკლეროზის შესახებ.

- რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. ამ დაავადებას საფუძლად უდევს ავტოიმუნური ანთება, რომლის შედეგადაც ნეირონების მფარავი მიელინის გარსი ორგანიზმის მიერ „უცხოდ“ აღიქმება და იწყება მისი დაშლა.
მიელინის გარსი ნერვული სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ნერვული იმპულსები უსწრაფესად ვრცელდება, შესაბამისად, დაავადების შედეგად გაშიშვლებული ნეირონები ვეღარ ახერხებენ ნერვული იმპულსების ნორმალურ გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციის საპასუხოდ ნერვული სისტემა იწყებს მიელინის გარსის აღდგენას (რემიელინიზაციას), ეს პროცესი, სამწუხაროდ, არ არის ეფექტური, დაზიანებული გარსი ვეღარ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციას და შედეგად სახეზეა ნევროლოგიური ფუნქციების გამოვარდნა.

- როგორია ამ დაავადების გავრცელება?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გაფანტული სკლეროზი ძირითადად ახალგაზრდების დაავადება. ის, როგორც წესი, დაახლებით 20-50 წლის ასაკოვან ჯგუფში გვხვდება. ამასთანავე, დაავადებულ ქალთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატება კაცების რიცხვს.
რაც შეეხება გოეგრაფიულ არეალებს, ის უმეტესად ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მაგალითად რუსეთში, კანადაში, ჩრდლოეთ ამერიკაში. ნაკლებად გვხვდება ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნებში.
საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 1100 შემთხვევაა დაფიქსირებული. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში მონაცემებმა საგრძნობლად მოიმატა. ეს შესაძლოა, იმასაც უკავშირდება, რომ დღესდღეობით თანამედროვე მედიცინაში ბევრად გაუმჯობესდა დიაგნოსტიკური მეთოდები და გამარტივდა დაავადებების გამოვლენა. თუმცა ვერ იმასაც ვერ უარვყობთ, რომ მავნე გარემო პირობების ზემოქმედება, გაზრდილი სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მძიმე დაავადების გავრცელებაში.

- რა სიმპტომები ახასიათებს გაფანტულ სკლეროზს?
გაფანტულ სკლეროზს ძალიან მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება აქვს. ნევროლოგიური ფუნქციების დარღვევა იმის მიხედვით მანიფესტირდება, სადაც ვიტარდება დემიელინიზაციის კერა. გაფანტულ სკლეროზს აქვს თავისი „საყვარელი ადგილები“ აქვს, კერძოდ: თავის ტვინში - პერივენტრიკულურად (პარკუჭებს შორის) და ნათხემში.
პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მხედველობის გაუარესება (ოპტიკური ნევრიტი), შეიძლება გამოვლინდეს თვალის ტკივილიც, 
  • თავბრუს ხვევა და კოორდინაციის დარღვევა, 
  • ჰემიპარეზი (ცალ მხარეს კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა), 
  • ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურში მოძრაობის გაჩერება).
  • ფსიქიკური პრობლემები - პარანოია, ჰალუცინაციები, 
  • ლოგიკური მსჯელობის დარღვევა, 
  • ლიბიდოს დაქვეითება,
  • შარდვა-დეფეკაციის ფუნქციის მოშლა.

თუ ადამიანი აღნიშნულ სიმტომებს და განსაკუთრებით მათ პერიოდულ, ხანგამოშვებით გამოვლენას შეამჩნევს, აუცილებელია მიმართოს ნევროლოგს.

- რა კლინიკური ფორმებით ვლინდება გაფანტული სკლეროზი?
არსებობს გაფანტული სკლეროზის რამდენიმე ფორმა:
რეციდიულ-რემისიული - გვხვდება 80-85 პროცენტში. რეციდიულ ფაზაში აღინიშნება გამწვავებების პერიოდი, როდესაც ადგილი აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაღვივებას. ეს გრძელდება 24 სთ.-დან 4 კვირამდე, რის შემდეგაც ხდება არსებული სიმპტომატიკის უკუგანვითარება - ე.ი. პაციენტი გადადის რემისიულ ფაზაში. ამ ფაზების მონაცვლეობა შესაძლოა, წელიწადში 2-3-ჯერ მოხდეს.
მეორადი პროგრედიენტული - შემთხვევათა 10-15%-ში. როგორც წესი, რეციდიულ-რემისიული ფორმა 10-15 მეორად პფოგრედიენტულ ფორმაში გადადის. ნელ-ნელა ყალიბდება უნარშეზღუდულობა, დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ ადამიანი ინვალიდდება.
არსებობს პირველადად პროგრედიენტული ფორმაც, როდესაც სრული სიმპტომატიკა დაავადების საწყის ეტაპზევე ვლინდება. არსებობს თეორია, რომ პირველადად პროგრედიენტული ფორმა გაფანტული სკლეროზის კონკეტულ სახეს კი არა, ცალკეულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას წარმოადგენს.
გაფანტული სკლეროზის კიდევ ერთი სახეა - ფულმინანტური, როდესაც ელვისებური სისწრაფით ხდება ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლინება.

- რა იწვევს გაფანტული სკლეროზის განვითარებას?
ამ დაავადების ზუსტი გამომწვევი ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა, ჰერპესი, მიკოპლაზმა და სხვ. გარკვეული სტრესის ფონზე იწვევენ ორგანიზმის გადაჭარბებულ იმუნურ პასუხს. ხდება საკუთარი მიელინის გარსის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ავტოაგრესიის ფონზე „ებრძვიან“ და ანადგურებენ ნეირონების მფარავ გარსს.
ასევე, დადგენილია, რომ არსებობს კავშირი D ვიტამინის ნაკლებობასა და გაფანტული სკლეროზის სიხშირეს შორის: რაც უფრო ნაკლებია ადამიანის ორგანიზმში მზის სხივებით გააქტიურებული D ვიტამინი, მით უფრო ხშირად ვხვდებით ამ დაავადებას.
ამასთანავე, ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც. უხშირესად დაავადება დედმამიშვილებს უვითარდებათ. მაგალითად, ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპების შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის გამოვლენის ალბათობა 30 პროცენტია, ჰეტეროზიგოტური (სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებული) ტყუპების შემთხვევაში კი - 10-15%.

- დიაგნოსტიკის რა მეთოდებია მოწოდებული ამ დაავადების გამოსავლენად?
დიაგნოსტიკის მეთოდებიდან აღსანიშნავია თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ახდენს დემიელინიზაციის კერების ვიზუალიზაციას. ასევე, გამოიყენება ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, რომელიც პოტენციალების მეშვეობით უზრუნველყოფს კერების აღმოჩენას. დიაგნოსტიკის მაღალსპეციფიური მეთოდია თავ-ზურგ ტვინის სითხეში ოლიგოკლონური ჩანართების აღმოჩენა.

- როგორ მკურნალობთ ამ დაავადებას ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში გაფანტული სკლეროზის მკურნალობა უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება. დაავადების მკურნალობა მოიცავს ორ ეტაპს:
პირველ რიგში, ხდება გამწვავების მკურნალობა, რომელიც გულისხმობს წონის მიხედვით ინტრავენურად მეთილპრედნიზოლონის გადასხმას. ეს სტეროიდული პრეპარატი ეფექტურად აცხრობს ანთებით პროცესს, რის შედეგადაც პაციენტი გადადის რემისიის ფაზაში.
რემისიის პერიოდში ინიშნება იმუნომოდულაციური თერაპია, არჩევის პრეპარატია ინტერფერონი, რომელსაც აქვს ანტივირუსული მოქმედება და იმავდროულად შეუძლია იმუნიტეტის გადაწყობა აგრესიულიდან ნაკლებაგრესიულ პასუხზე. ასე მიიღწევა რემისიის გახანგრძლივება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია პრეპარატი კოპაქსონი, რომელიც „იმუნური მატყუარას“ როლს თამაშობს. ის მიელინის საბაზისო პროტეინის მსგავსი ქიმიური ფორმულისგან შედგება, რის გამოც იმუნური აგრესია უპირისპირდება პრეპარატს, მიელინი კი მნიშვნელოვნად იზოგება.
კიდევ ერთი ახალი მიდგომაა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა. ეს ანტისხეულები ხელს ეფექტურად უშლის ანთების განვითარებას, რადგან იმუნური რეაქციის ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს ბლოკავს. აგრესიული ფორმების დროს მსოფლიოში უკვე ინტენსიურად იყენებენ მონოკლონურ ანტისხეულებს.
საინტერესო ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბრინატელმა მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მოწოდებულმა ქიმიო თერაპიამ შემდგომში ძვლის ტვინის გადანერგვით უკვე რამდენიმე პაციენტს მოგვარა შვება. როგორც ცნობილია, ამ მეთოდის შედეგად ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პაციენტების ნაწილი ფეხზე წამოდგა და რაც მთავარია, მათ დაავადების პროგრესირება შეუჩერდათ.
სამწუხაროდ, გაფანტული სკლეროზი დღესდღეობით არ იკურნება, ეს ქრონიკული დაავადებაა და თანამედროვე მედიცინას მხოლოდ რემისიების მიღწევა შეუძლია. არის ისეთი წარმატებული მკურნალობის შემთხვევები, როცა ადგილი აქვს 10-წლიან რემისიას. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის პოზიტიურ განწყობას და შინაგან ბრძოლისუნარიანობას.
თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად აკეთებს ახალ აღმოჩენებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ასე რომ, ალბათ ერთ დღესაც, დაავადებულები შეძლებენ თქვან „მე განვიკურნე გაფანტული სკლეროზისგან!“
გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ნებისმიერი ზემოთ ხსენებული სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში გადაუდებლად მიმართეთ ექიმს.


გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით:

ნევროლოგის უფასო კონსულტაცია
კომპლექსური ნევროლოგიური კვლევა 174 ლარის ნაცვლად 88 ლარად
თავის ტვინის CT + ნევროლოგის კონსულტაცია

ტეგები

ტეგები