150-წლიანი ისტორიის მქონე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა ოდითგანვე გამოირჩევა განსაკუთრებული პატივისცემით უფროსი თაობის ექიმებისა და სამედიცინო ტრადიციების მიმართ. ჩვენს კლინიკაში დაარსების დღიდან მოღვაწეობდენ ისეთი გამოჩენილი მედიკოსები, რომლებმაც შეცვალეს ქართული და არამხოლოდ ქართული სამედიცინო რეალობა, შეიტანეს უდიდესი წვლილი ამ სფეროს განვითარებაში და უამრავი რამ დაუტოვეს საამაყოდ მომავალ თაობებს. ჩვენ ვაფასებთ და ვუფრთხილდებით მათ მემკვიდრეობას და სწორედ ამ ტრადიციებით ვისწრაფით ინოვაციებისაკენ.
ალადაშვილის კლინიკის სასახელო თაობათა ცვლაზე, დიდი ქართველი ქირურგის, პროფესორი მიხეილ ჩაჩავას შესახებ, ასევე საინტერესო და ორიგინალური პირადი კარიერისა და ქართული სამკურნალწამლო მიღწევების თაობაზე გვესაუბრება ჩვენი კლინიკის ზოგადი ქირურგი, საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, იუნესკოს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი, ნახევარსაუკუნოვანი უწყვეტი სამედიცინო პრაქტიკის მქონე ექიმი, ბატონი ზურაბ თურმანიძე, რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილი, სახალხო მკურნალი თურმანიძეების პირდაპირი შთამომავალი და საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია.
ჩემი გვარი უკვე მრავალი საუკუნეა ასოცირებულია საოცარი სამკურნალო ძალის მქონე მალამოსთან. ქართულ მატიანეებში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეშია მოხსენიებული თურმანიძეთა გვარი, ისინი ცნობილი სახალხო მკურნალები იყვნენ. ამის შესახებ წერდნენ ნიკო მარი, ლევან გოთუა, რევაზ ჯაფარიძე. მაგალითად, გაზეთი "დროება“ იუწყებოდა: "სერბიაში დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახულიო".
თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს ფეხში დაჭრილი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე სწორედ თურმანიძეთა მალამომ განკურნა, ხოლო როგორც იტალიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი თეოლოგი პადრე თამარაშვილი ირწმუნებოდა, იტალიის ეროვნული გმირი - ჯუზეპე გარიბალდი - ისევ თურმანიძის მალამომ იხსნა ფეხის ამპუტაციისაგან.
ცალკე აღსანიშნავია თურმანიძეების გამოჩენა მხატვრულ ლიტერატურაში, აკაკის პოემაში „კიკოლას ნაამბობი“ და კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“. ხომ გახსოვთ, „ექვსი თვე თავზე ადგა თურმანიძე მამამზეს...“
მამაჩემი, რომელიც ასევე ალადაშვილის კლინიკაში მოღვაწეობდა, თურმანიძეთა გვარში პირველი დიპლომირებული მედიკოსი იყო. ბაბუაჩემი, მალაქია, ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირის მასშტაბით სახალხოდ ცნობილი მკურნალი გახლდათ, 1929 წელს მან საბჭოთა მთავრობისგან საკუთარი წამლებით მკურნალობის ოფიციალური ნებართვაც მიიღო.
საუკუნეების მანძილზე ტრადიციის მიხედვით მალამოს დამზადების საიდუმლო მამაკაცს გადაეცემოდა და მეც, როგორც გვარის გამგრძელებელს, მელოდა ეს პატივი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გარემოებების გამო მედიცინასთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობდი ბავშვობიდანვე, ჩემში „სისხლის ყივილმა“ და წინაპართა გზის გაგრძელების სურვილმა მხოლოდ გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ გაიღვიძა. ამიტომაც სამედიცინო უნივერსიტეტი, ცოტა მოგვიანებით, 1965 წელს დავამთავრე.
ჩემი ქირურგიული საქმიანობა ჭიათურიდან დაიწყო, სადაც დიპლომის აღების შემდეგ გამამწესეს. შემდეგ იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა, 1974 წელს კი ალადაშვილის კლინიკის მიმღები განყოფილების ზოგადი ქირურგი გავხდი.
მაშინ დღევანდელ ალადაშვილის კლინიკას ქალაქის მეორე საავადმყოფო ერქვა და ჩვენი ქირურგიის კათედრის გამგე საქვეყნოდ ცნობილი, დიდი ექიმი, პროფესორი მიხეილ ჩაჩავა გახლდათ. სწორედ მასთან მუშაობის ბედნიერება მერგო. ჩვენს კოლექტივში ასევე იყვნენ სხვა გამოჩენილი ექიმები: ლევან დვალი, ვახტანგ მეტრეველი, გიორგი კუზანოვი, ოთარ თევდორაძე, ანატოლი ტოგონიძე, ქეთო უზნაძე, ქეთევან კვირკველია და სხვა. ეს იყო სამედიცინო სფეროს ოქროს თაობა!
არასდროს დამავიწყდება, როგორ წარმადგინეს ბატონი მიხეილ ჩაჩავას წინაშე დილის კონფერენციაზე. მაშინ ეს საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკას წარმოადგენდა, და შესაბამისად, კონფერენციას უამრავი სტუდენტი ესწრებოდა. როცა ვინაობა მკითხა და ჩემი გვარი ვუთხარი, თანაც განვუმარტე, რომ მალაქია თურმანიძის შვილიშვილი ვიყავი, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: იყენებ თუ არა თქვენი გვარის მალამოებს სამკურნალოდ? და როცა დადებითი პასუხი გავეცი, მითხრა, რომ ნებას მრთავდა, საჭიროების შემთხვევაში ამ საავადმყოფოშიც გამომეყენებინა.
არაერთი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს ბატონ მიხეილ ჩაჩავასთან. მახსოვს, ასე იტყოდა ხოლმე: „ყველა კაცი არ ვარგა ექიმად, ყველა ექიმი კი ქირურგად არ გამოდგება.“ ის 55 წელი იყო ალადაშვილის კლინიკის ქირურგიის კათედრის გამგე, ამ ხნის განმავლობაში უდიდესი შემართებით ებრძოდა სიკვდილს და უმრავლეს შემთხვევაში ამარცხებდა კიდეც მას! პროფესორის დიდებული მოღვაწეობა სავსე იყო ლეგენდარული წარმატებებით. ბატონი მიხეილის მიერ ჩატარებული მრავალპროფილური ოპერაციები გამოირჩეოდა ვირტუოზული ტექნიკით.
ამასთანავე, ის ორატორის იშვიათი ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ბატონი მიხეილ ჩაჩავას ლექციებზე სტუდენტების ტევა არ იყო. ყველა გაფაციცებით უსმენდა იშვიათი სიღრმისა და გამაოგნებელი ცოდნის დამტევ საუბარს, ყოველ ლექციაზე ხდებოდა პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ზედმიწევნით გაანალიზება, პროფესორი ჩაჩავა თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით ხსნიდა.
ბატონი მიხეილი ლანჩხუთში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა, წლების განმავლობაში მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა, რომ სახსრები მოეძიებინა სასწავლებლად, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც მიაღზია, გახდა დიდი გრიგოლ მუხაძის საყვარელი მოსწავლე და ვირტუოზი ქირურგი. განსაკუთრებულ პატივისცემას კიდევ იმიტომაც იმსახურებდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უპარტიო იყო, არასდროს გაწევრიანებული საბჭოთა წითელ პარტიაში. ეს კი იმ დროს ძალიან თამამი პოზიცია გახლდათ...
იგი ყველასთვის მისაბაძი იყო. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს: 60 წლის ასაკში შეისწავლა ინგლისური ენა და გაემგზავრა ინგლისში, რათა გულის ქირურგიაში ახლებურად დახელოვნებულიყო. ინგლისიდან ჩამოსვლის შემდეგ მან პირველმა დაიწყო კომისუროტომიის კეთება - ეს იყო გულის ორკარიანი სარქვლის ნაკლოვანების სამკურნალო ოპერაცია. მან თორმეტი წარმატებული კომისუროტომია ჩაატარა ალადაშვილის კლინიკაში. ასევე, პირველად საქართველოში სწორედ მიხეილ ჩაჩავამ შეასრულა კუჭის ტოტალური რეზექცია საყლაპავის თორმეტგოჯა ნაწლავზე მიკერებით, წვრილი ნაწლავის რეზექცია და მისი იმპლანტაცია მსხვილი ნაწლავის დეფექტში, სწორი ნაწლავის რეზექცია სპინქტერის შენარჩუნებით და სხვა არაერთი ქირურგიული ჩარევა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პიონერი იყო!
ასეთი ადამიანების კვალდაკვალ სიარული დიდი გამოწვევაა! ალადაშვილის კლინიკაში მუშაობის დაწყებიდან მალევე გავხდი ქირურგიული განყოფილების გამგე. მინდა მოგახსენოთ, რომ მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში დღემდე წარმატებით ვიყენებ თურმანიძის მალამოს - „თურმანიძე პლიუსი“ - ჩირქოვანი ჭრილობებისა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის სამკურნალოდ. ჩემს პაციენტებში განსაკუთრებით გამოვყოფდი ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: ბატონი ზურაბ წერეთელი, ბორის პოკროვსკი, ბოგუსლავ დივიში, დავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, რეზო ჯაფარიძე, და სხვა.
მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილ ჩაჩავას არაჩვეულებრივი სკოლის ტრადიციები დღემდე მოჰყვება ჩვენს კლინიკას, ახლა აქ ასაკით ყველაზე უფროსი მე ვარ. ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის ჩვენს კლინიკაში. ვამაყობ, რომ ვარ მაღალკვალიფიციური გუნდის წევრი. ჩვენ ერთად ვზრუნავთ ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე და ერთად ვიმარჯვებთ!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!