პათანატომიური სამსახურის მნიშვნელობა

პათანატომიური სამსახურის მნიშვნელობა

პათოლოგიური ანატომია - მედიცინის საბაზისო, უმნიშვნელოვანესი დარგი

რას ნიშნავს პათოლოგიური ანატომია, რატომ არის მისი ცოდნა ექიმისთვის საჭირო და რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებას კლინიკური მედიცინის განვითარებისთვის? ამ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკურ პათოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის წევრი, ალადაშვილის კლინიკის პათომორფოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი ტატიანა მერმანიშვილი.

უკვე 40 წელია, რაც ქალბატონი ტატიანას ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პრაქტიკული პათოლოგიური ანატომია და მას წელიწადში საშუალოდ 4500 საოპერაციო მასალისთვის უწევს დიაგნოზის დასმა. ამასთანავე, აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი, მათ შორის პუბლიკაციები უცხოეთის წამყვან სამედიცინო გამომცემლობებში; მოხსენებები მრავალ საერთაშორისო სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე.

გარდა ამისა, 90-ანი წლებიდან მოყოლებული ქალბატონი ტატიანა დაკავებულია გარემოში გაბნეული ტყვიის ექსპოზიციის შედეგების კვლევით. მისი მონაწილეობით ამ მნიშვნელოვანი გამოკვლევის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2016-17 წლებში ექსპერიმენტულად შეიქმნა ტყვიის ექსპოზიციის შორეული შედეგების ზოომოდელი საექსპერიმენტო თეთრ ვირთაგვებზე. მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას, მოულოდნელ მონაცემებს შეიცავს, რომლის გაანალიზებით გამოვლენილი კანონზომიერებანი შესაძლებელს გახდის მრავალი „ცნობილი“ ავადმყოფობის გენეზისა და მკურნალობის ტაქტიკის ახლებურ გააზრებას.

მეცნიერებასთან ერთად ტატიანა მერმანიშვილი 24 წელია პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული. მისი თანაავტორობით გამოიცა თსუ-ს 3-ტომიანი სახელმძღვანელო „ზოგადი და კერძო პათოლოგიური ანატომია“. აგრეთვე, კითხულობს პათოლოგიური ანატომიის კურსს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

რა არის პათანატომია?
პათოლოგიური ანატომია - მედიცინის საბაზისო, უმნიშვნელოვანესი დარგია. ეს მეცნიერება შეისწავლის ავადმყოფური მოვლენების მატერიალურ (სტრუქტურულ, მორფოლოგიურ) საფუძვლებს. ესე იგი, პათოლოგიური ანატომია წარმოადგენს დაავადებული ორგანიზმის ანატომიას. 

აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: კაცობრიობის ერთ-ერთი საყოველთაო მისწრაფებაა იმის გარკვევა, რა იმალება ხილულის სიღრმეში - „რა არის შიგნით?“. სწორედ ამის გამო პატარა ბავშვები ტეხავენ, თუნდაც თავიანთ საყვარელ სათამაშოს, ზრდასრული ადამიანები კი ოკეანის ფსკერზე, მიწისქვეშ და კოსმოსში ისწრაფვიან. პათოლოგიური ანატომია პასუხობს კითხვას, თუ რა ხდება ჩვენი სხეულის შიგნით მაშინ, როცა მავნე ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი გამოდის მწყობრიდან და ავადდება. ამიტომაც ეს ის საგანია, რომელიც არა მხოლოდ ექიმებისთავის, არამედ აბსოლუტურად ყველა მოაზროვნე ადამიანისთვისაა საინტერესო.

პათოლოგიური ანატომიის კლინიკური მნიშვნელობა:
პათანატომიის ცოდნა ექიმს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს კლინიკო-ლაბორატორიულ მონაცემებს. თუ ამ მიმართულებას კარგად იცნობს ექიმი, მან ზუსტად იცის, რა კითხვები დაუსვას პაციენტს და რა კონკრეტული გამოკვლევები დაუნიშნოს სწორი დიაგნოზის დასასმელად; იცის, რომელ დაავადებასთან უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი. ესე იგი, მორფოლოგიიის ცოდნით ექიმი თავიდან იშორებს დროისა და თანხის ზედმეტ დანაკარგებს.
პათანატომიურ განყოფილებაში ხორციელდება ოპერაციის შედეგად მიღებული მასალის ჰისტოპათოლოგიური კვლევა. ჩვენ ვადგენთ, თუ რა პროცესს აქვს ადგილი და ამის საფუძველზე პაციენტს ენიშნება ოპერაციის შემდგომი მკურნალობა.
მორფოლოგიური გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური პროცესების დროს და არა მხოლოდ. მაგალითად, ჩვენს ლაბორატორიაში ჩვეულებრივი თიაქრის პარკის გამოკვლევისას, სამწუხაროდ, არაერთხელ აღმოჩენილა ბადექონის მეტასტაზური დაზიანება; მწვავე აპენდიციტისა და ქოლეცისტიტის გამოკვლევისას გამოვლენილა აპენდიქსისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები; ზოგჯერ მწვავე აპენდიციტის დროს ირკვევა, რომ საქმე გვაქვს არა ჩირქოვან, არამედ ტუბერკულოზურ ანთებასთან.
მქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა ეგონათ, რომ ავადმყოფს თავის ტვინის სიმსივნე აქვს, ჩვენ კი დავადგინეთ პარაზიტული (ექინოკოკი, ცისტიცერკი) დაზიანება. სწორედ ამიტომაც, ქირურგები მოუთმენლად ელიან ჩვენს დასკვნას (შეიძლება, უფრო მეტადაც, ვიდრე პაციენტები, რომლებმაც ყოველთვის არც იციან ჩვენი არსებობისა და საქმიანობის შესახებ).

გვამის გაკვეთა:
ცალკე მინდა, შევეხო გარდაცლილი პაციენტების აუტოფსიას, ანუ გაკვეთას. ეს პროცედურა წარმოადგენს პათოლოგანატომის პირდაპირ კომპეტენციას. დღევანდელი მდგომარეობით გვამი იკვეთება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ხოლო ყველა სხვა დროს ამისთვის საჭიროა გარდაცვლილის ოჯახის წევრების ნებართვა. უამრავი ადამიანი კი გაკვეთას გარდაცვლილის უფლებების დარღვევად აღიქვამს და შესაბამისად, ამის ნებას ამის არ იძლევა.
ჩემი აზრით, აუტოფსია სწორედ გარდაცვლილის უფლებების დაცვას გულისხმობს. თუ ნაძალადევი სიკვდილის დროს იმართება სასამართლო და მკვლელი სათანადოდ ისჯება, ავადმყოფის სიკვდილის დროსაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია სიკვდილი - ავადმყოფობამ, რომელთანაც გამკვლავება შეუძლებელი იყო, თუ დაუდევარმა ან უვიცმა ექიმმა, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სათანადო ზომები.
ამას გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მძიმე ავადმყოფობის დროს დგინდება, თუ რატომ დასრულდა ის სიკვდილით, რომელმა ფონურმა ან თანმხლებმა დაავადებამ გაართულა სიტუაცია. აკადემიურის გარდა ამას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რადგან მიღებული ცოდნის შედეგად ექიმები შემდგომში უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ იმ, თითქოსდა „უწყინარ“ პათოლოგიებს, რომლებსაც შეუძლია სავალალო შედეგის დადგომას შეუწყოს ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით, ბევრი რამ შეიცვლება, როგორც კანონმდებლობაში, ასევე ჩვენს მენტალიტეტში.

ექსპერიმენტული მასალის გამოკვლევა:
ასევე, მინდა აღვნიშნო პათოლოგიური ანატომიის კიდევ ერთი მიმართულება - ექსპერიმენტული მასალის გამოკვლევას. ექსპერიმენტული ეწოდება მასალას, რომელიც ადამიანის დაავადების მოდელის შესაქმნელად გამოყენებული ხელოვნურად დასნეულებული ცხოველებისგან მიიღება. ექსპერიმენტი მეტად მნიშვნელოვანია ავადმყოფობის პათოგენეზისა და მორფოგენეზის დასადგენად. ამასთანავე, ის ავადმყოფობის დინამიკაში შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ექსპერიმენტულ მოდელზე ასევე შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების მოქმედების გამოკვლევა, ოპერაციული ჩარევის მეთოდების შემუშავება.
მედიცინის თანამედროვე მიღწევები წარმოუდგენელი იქნებოდა პათოლოგიური ანატომიის გარეშე. ამ დარგის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა კი ძალიან დიდ საქმედ მიმაჩნია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, არაჩვეულებრივ ექიმებს, რომლებიც შეადგენენ ალადაშვილის კლინიკის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდს. ჩვენ ერთად ვზრუნავთ სიცოცხლეზე და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები