სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარებული უპრეცედენტო ოპერაცია საქართველოში!

სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარებული უპრეცედენტო ოპერაცია საქართველოში!

ორბიტის რეკონსტუქცია ტიტანის თეფშის გამოყენებით

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში კიდევ ერთი უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა - ამჯერად მოქმედების ადგილს ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტი წარმოადგენს.
ორბიტის რეკონსტუქცია ტიტანის თეფშის გამოყენებით - ასე ჰქვია ოპერაციას, რომელიც ა/წ იანვარში ჩვენს კლინიკაში 49 წლის მამაკაცს ჩაუტარდა.

20 წლის წინ მიღებული ტრავმა
პაციენტს 20 წლის წინ მიღებული ჰქონდა მარცხენა თვალბუდის ტრავმა, რომლის შედეგადაც აღენიშნებოდა ორბიტის ფსკერის გარეთა და ზედა კიდის, ასევე ზედა ყბის წიაღის დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, ტრავმის მიღების შემდეგ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ტიტანის ფირფიტით, მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2 ათწლეულის განმავლობაში მას აწუხებდა თვალბუდის ქვედა კიდის დეფორმაცია, თვალის კაკლის გადანაცვლება უკან და ქვემოთ, შედეგად კი - მხედველობის გაორება, ტკივილი, ცრემლდენა, ძლიერი კოსმეტიკური და ესთეტიკური დისკომფორტი.

არაერთი უარი მკურნალობაზე
აღსანიშნავია, რომ პაციენტმა არაერთხელ მიმართა სხვადასხვა კლინიკას, მაგრამ ოპერაციის ჩატარებაზე ყველგან უარი მიიღო, რადგანაც ეს საკმაოდ რთულ და მაღალი რისკის შემცველ ამოცანას წარმოადგენდა. თანაც მსგავსი ტიპის ოპერაცია აქამდე არ ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში - საჭირო იყო ძველი ტიტანის ამოღება და ჩანაცვლება ახალი, ულტრათანამედროვე თეფშით, რომელიც თვალს ნორმალურ ანატომიურ მდგომარეობაში დააბრუნებდა და გააქრობდა ჩივილებს.

ალადაშვილის კლინიკის გამბედავი ნაბიჯი
საბოლოოდ, პაციენტმა მომართა ჩვენს კლინიკას, მან მიიღო ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყბა-სახისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბატონი ზურაბ ჩიჩუას კონსულტაცია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად საკუთარ თავზე აიღო ამ საინტერესო შემთხვევასთან გამკლავება.
დაიგეგმა ოპერაცია. პირველ რიგში, პაციენტს გაეწია რეკომენდაცია უახლესი გაიდლაინების გათვალისწინებით და ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩევანი შეჩერდა შვეიცარიული წარმოების ულტრათანამედროვე ტიტანის ფირფიტაზე.

ოპერაციის მიმდინარეობა
ოპერაციული ჩარევა ჩატარდა ზოგადი გაუტკივარების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ მსვლელობის პროცესში სამედიცინო გუნდს მოუწია მთელ რიგ ადგილობრივ გართულებებთან გამკლავება: აღმოჩნდა, რომ 20 წლის წინანდელი ოპერაციიდან მოყოლებული პაციენტის თვალის ფსკერზე გრძელდებოდა ანთებითი პროცესი, თვალბუდის ქვედა კიდის ტრავმის შედეგად რბილ ქსოვილებში ჩაზრდილი იყო დამსხვრეული ძვლის ფრაგმენტები, სახეზე იყო ოსტეომიელიტური უბნები, ჩირქოვან-ანთებითი პროცესი ჰაიმორის ღრუსა და თვალის ფსკერის არეში. ასევე, სამივე ცხიმოვანი ბალიში, რომლებიც ანატომიურად თვალის კაკლის ქვეშ ძევს, დანეკროზებული იყო.

ოპერაციის შედეგი
ჩატარდა ჭრილობის სრული რევიზია, განხორციელდა ძველი ფირფიტის დემონტაჟი, უბანი გათავისუფლდა დანეკროზებული ძვლის ფრაგმენტებისგან, რომლებიც პრაქტიკულად შეხორცებული იყო რბილ ქსოვილებთან; მოცილდა პათოლოგიურად გადაგვარებული ქსოვილები. ვინაიდან თვალ ბუდის ფსკერი და ქვედა კიდე პრაქტიკულად აღარ არსებობდა, ეს უბანი იყო სრულად დაშლილი, ამიტომ ტიტანის ფირფიტით მოხდა აღნიშნული ანატომიური წარმონაქმნების ხელოვნურად ფორმირება. დაფიქსირდა ტიტანის თეფში, რომელიც ჭანჭიკებით მიმაგრდა თვალბუდის გარეთა კიდესთან და ცხვირის დაქანებაზე. შედეგად კი მოხდა თვალის კაკლის ზემოთ და წინ წამოწევა. ყველაფერი ეს კი გაკეთდა იმისათვის, რათა ტრავმირებულ თვალში შეჩერებულიყო პათოლოგიური პროცესი, ალაგებულიყო ყოველგვარი ჩივილი და მიღწეულიყო როგორც ფუნქციური და ფიზიოლოგიური, ისე სრულად დამაკმაყოფილებელი კოსმეტიკური და ესთეტიკური ეფექტი.

სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება
ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და საკონტროლო გასინჯვაზეც დადასტურდა, რომ სიმპტომები სრულად ალაგებულია, აღარ უჩივის გაორებას, მარცხენა თვალმა დაიბრუნა ბუნებრივი მდგომარეობა და ანატომიურად კაკალი განლაგდა სიმეტრიულად მარჯვენა თვალის მიმართ. ოპერაციიდან უკვე 20 დღე გავიდა. პაციენტი არ აღნიშნავს მცირე დისკომფორტისაც კი.
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის გუნდს, ოპერაციის წამყვან ქირურგებს, ბატონ ზურაბ ჩიჩუასა და ბატონ ბექა ბაკურაძეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ყველა ოპერაცია ყბა-სახის მიდამოზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება! წინ კიდევ უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და გაბედნიერებული პაციენტია!

პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები