მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი

თვალის ზედაპირის ცრემლით არასაკმარისი დატენიანება

დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული პრობლემის, მშრალი თვალის სინდრომის შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგი, ქალბატონი ელისო სიჭინავა:

- რას გულისხმობს მშრალი თვალის სინდრომი?
მშრალი თვალის სინდრომი ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც გამოწვეულია თვალის ზედაპირის ცრემლით არასაკმარისი დატენიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცრემლის რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება ან ორივე ერთად. 

მშრალი თვალის სინდრომი იწვევს თვალის წინა ზედაპირის გაღიზიანებას, ხოლო შორს წასულ და არანამკურნალებ შემთხვევაში მნიშვნელოვან ანთებით და ნაწიბუროვან ცვლილებებსაც კი. მშრალი თვალის სინდრომი ძალიან გავრცელებული დაავადებაა და იგი ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
გავრცელებულია ახალგაზრდებშიც, ხოლო 50-წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში მშრალი თვალის სინდრომი კლინიკურად მნიშვნელოვანადაა გამოხატული და მამაკაცებთან შედარებით ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • თვალში წვის, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება
  • ქავილი
  • ტკივილი
  • ქუთუთოების სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება თვალბუდეების არეში
  • წითელი თვალები
  • ზოგჯერ მცირე რაოდენობით წებოვანი გამონადენი
  • ფოტოფობია (მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივებზე)
  • ე.წ "რეფლექსური ცრემლდენა“
  • მხედველობის დაბინდვა (ცრემლის აპკი დიდ გავლენას ახდენს რქოვანას ოპტიკურ მახასიათებლებზე)


- რითია გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომი?
თვალის კაკლის ზედაპირზე (რქოვანასა და კონიუნქტივაზე) გადაკრულია ე.წ ცრემლის ფენა, აპკი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს თვალის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნება. ცრემლი ერთგვარად ბანს თვალის ზედაპირს, ჩამორეცხავს იმ მტვერსა და მიკროორგანიზმებს, რომლებსაც შუძლიათ რქოვანას დაზიანება და ანთებითი პროცესების გამოწვევა და ამავე დროს, მასთან ერთად წარმოადგენს თვალის ოპტიკური სისტემის ნაწილს. 

ცრემლის აპკი შედგება სამი კომპონენტისგან:

  1. ცხიმოვანი (ლიპიდური) შრე - გამომუშავდება მეიბომის ჯირკვლების მიერ (ეს ჯირკვლები ჩამწკრივებულია ქუთუთოების კიდეების გაყოლებაზე)
  2. წყლის შრე - გამომუშავდება საცრემლე ჯირკვლის მიერ (მდებარეობს თვალბუდის ზედა გარეთა კუთხეში)
  3. ლორწოს მსგავსი (მუცინის) შრე - გამომუშავდება კონიუნქტივაში არსებული ფიალისებური უჯრედების მიერ.

თითოეული კომპონენტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. მაგალითად, ლიპიდური შრე იცავს ცრემლს სწრაფი აორთქლებისგან მაშინ, როცა მუცინის შრე განაპირობებს ცრემლის თვალის კაკლის ზედაპირზე მოკიდებას და გადანაწილებას. ამიტომ, რომელიმე მათგანის დეფიციტმა , შიძლება გამოიწვის ცრემლის აპკის არასტაბილურობა და შესაბამისად, მშრალი თვალის სინდრომისათვის დამახასიათებელი ჩივილები და სიმპტომები.

რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • კომპიუტერთან დიდი დროის გატარება,
  • ახლო მანძილზე ხანგრძლივად გარკვეული საქმის კეთება, როცა საჭიროა მობილიზება და თვალი დაძაბვა, რაც იწვევს ხამხამის გაიშვიათებას
  • კონტაქტური ლინზების ტარება
  • ქუთუთოების დაავადებები
  • კონდიცირება და დახურულ სივრცეში ისეთი დანადგარების არსებობა, რომლებიც ამცირებენ ჰაერის ტენიანობას
  • ქარიან ამინდში სიარული
  • თამბაქოს მოხმარება
  • რქოვანას რეფრაქციული ოპერაციები (თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამ დროს სიმშრალე გარდამავალია)
  • მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.
  • მდედრობითი სქესი
  • ასაკი (50 წელს ზემოთ)

მშრალი თვალის სინდრომი ასოცირებულია ისეთ სისტემურ დაავადებებთან, როგორიცაა:

  • დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • რევმეტოიდული ართრიტი
  • სიოგრენის სინდრომი
  • სისტემური წითელი მგლურა

- როგორ ხდება მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტიკა?
უნდა აღინიშნოს, რომ ჩივილების გამოხატვის ხარისხი ინდივიდუალურია. რიგ შემთხვევაში სუსტად გამოხატული მშრალი თვალის სინდრომის დროს შესაძლოა, პაციენტი განიცდიდეს ძლიერ დისკოომფორტს ან პირიქით. ქუთუთოებისა და თვალის წინა ზედაპირის ნაპრალოვანი სანათით დეტალური დათვალიერება და სპეციალური ტესტები იძლევა მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირების საშუალებას.

- როგორი მკურნალობაა მოწოდებული?
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა ხდება დამატენიანებელი, ხელოვნური ცრემლის ჯგუფის პრეპარატებით, რომელთა ჩაწვეთებაც შეიძლება ხშირად და ხანგრძლივად, თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატების ხშირი მოხმარების შემთხვევაში რეკომენდებულია უკონსერვანტო თვალის წვეთების გამოყენება. 

ასევე, მნიშვნელობა აქვს სიმშრალის გამომწვევი მიზეზის გამოვლენასა და მის მკურნალობას.

მნიშვნელოვანია, რომ მშრალი თვალის სინდრომის მძიმე, არანამკურნალებ შემთხვევაში შიძლება ადგილი ჰქონდეს ანთებითი პროცესების განვითარებას და შედეგად რქოვანას გამჭვირვალობის დაქვეითბას.

- რა რეკომენდაციას გაუწევდით პაციენტებს მშრალი თვალის სინდრომის თავიდან ასაცილებლად?
უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა აქვს სითხის საჭირო რაოდენობით მიღებას და კვებით რაციონს. ვინაიდან დღვანდელ დღეს მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარებაა, რეკომენდებულია გარკვეული დროის ინტერვალების დაცვა, პარალელურად დამატენიანებელი წვეთების გამოყენება. ჩივილების გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს, რათა მოხდეს გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა (არსებობის შემთხვევაში).

გასათვალისწინებელია, რომ მშრალი თვალის სპეციფიური ტიპი ხშირად განსაზღვრავს მკურნალობის ტიპსაც და ოფთალმოლოგის რეკომენდაციას.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ : სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევით 125 ლარის ნაცვლად 30 ლარად!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ტეგები

ტეგები