ორსულთა ჰიპერტენზია

ორსულთა ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია ორსულებში

გაინტერესებთ რომელი გართულება გვხვდება ორსულთა 5–10% –ში? რამდენად საშიშია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? ამ თემაზე ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის პროფესორი, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი
ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი
არტერიული ჰიპერტენზიის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ანა რეხვიაშვილი გვესაუბრება.

არტერიული ჰიპერტენზია ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელს მსოფლიოში, რომელიც საერთო მოსახლეობის დაახლოებით მესამედში გვხვდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არტერიული ჰიპერტენზია წლების განმავლობაში სახელდება კარდიოვასკულური და გლობალური სიკვდილობის გამომწვევ ძირითად მიზეზად.
ორსულობის პერიოდის ყველაზე ხშირი გართულება არტერიული ჰიპერტენზიაა, რომელიც ორსულთა 5–10%–შია გავრცელებული და დედის, ნაყოფის და ახალშობილთა პერიოდის სიკვდილობისა და ავადობის უხშირეს მიზეს წარმოადგენს.

როგორ უნდა მოხდეს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა ორსულებში?
ევროპის კარდიოლოგთა და ჰიპერტენზიის ასოციაციების თანახმად, ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა ორსულებში სრულად ემყარება ე.წ. ოფისის წნევის ციფრებს; კერძოდ ექიმის კაბინეტში გაზომილი ორსულის წნევა თუ 140/90 მმ.ვწყ.სვ.–ის ტოლია ან აღემატება მას, ისმება ჰიპერტენზიის დიაგნოზი.
ავტომატური წნევის აპარატით თვითგაზომვა და მით უფრო წნევის მონიტორინგი სახლის პირობებში ექიმთან მიუსვლელად დაუშვებელია, რამეთუ მაღალია ცდომილების ალბათობა და შესაბამისად იზრდება დედისა და ნაყოფის რისკიც. ორსულთა ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდად დღემდე არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორიული მონიტორინგი რჩება, რომელიც იძლევა ორსულის, განსაკუთრებით დიაბეტური და ჰიპერტენზიული ნეფროპათიის მქონე ორსულის რისკის შეფასების საშუალებას.

რა რისკებთანაა დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზია ორსულობის პერიოდში?
გართულებებიდან აღსანიშნავია პლაცენტის სისხლმომარაგების დაქვეითება, რომელიც იწვევს ნაყოფის ჟანგბადითა და საკვებით მომარაგების შეფერხებას, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის რეტარდაცია-ჩამორჩენა, ნაადრევი მშობიარობა ან მცირე წონის ახლაშობილის დაბადება, პლაცენტის აშრევება, ინსულტი, მულტიორგანული უკმარისობა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი.

ორსულთა ჰიპერტენზიის რა ტიპები არსებობს?
ორსულთა ჰიპერტენზიის რამდენიმე ტიპი არსებობს, კერძოდ არსებული ჰიპერტენზია, როდესაც ორსულობა შესდგა ჰიპერტენზიის მქონე ქალბატონში ან მაღალი წნევის ციფრები გამოვლინდა ორსულობის პირველი 20 კვირის განმავლობაში; გესტაციური ჰიპერტენზია და პრეეკლამფსია, რომელნიც ორსულობის მე–20 კვირის შემდეგ ვითარდება.
არტერიული წნევის ნორმალიზაცია მშობიარობის შემდგომ დამოკიდებულია თვით ორსულთა ჰიპერტენზიის ტიპზეც. მთელ რიგ შემთხვევებში მაღალი წნევა ნორმალირდება მშობიარობიდან 42 დღეში, ზოგ შემთხვევაში კი ხანგრძლივი დროით ან სამუდამოდ რჩება.

განსაკუთრებით რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება ორსულმა არტერიული ჰიპერტენზიის არსებობისას?
გართულებების მაღალი რისკის მომასწავებელი სიმპტომები, რომელნიც “სასიგნალო” სიმპტომებად მოიხსენიებიან ორსულისა და ექიმის მხრდიან განსაკუთრებულ ყურადღებას და მართვას საჭიროებენ. მაღალი წნევის ფონზე განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა მხედველობის არამუდმივი დაკარგვის, დაბინდული მხედველობის და სინათლის ჰიპერმგრძნობელობის ჩათვლით, მუცლის ტკივილი უპირატესად მარჯვენა ფერდქვეშა არეში ლოკალიზაციით, გულისრევა–ღებინება, სხეულის წონის მკვეთრი მატება ხანმოკლე დროში, შეშუპების განვითარება სახესა და ხელებზე უპირატესი ლოკალიზაციით, სუნთქვის გაძნელება და ქოშინი არის სწორედ ის, რასაც დაუყოვნებელი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ესაჭიროება გართულებების თავიდან ასაცილებლად.
აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ სხეულის მასის მატება, შეშუპება და ზოგიერთი სხვა ზემოთჩამოთვლილი სიმპტომი ნორმალური ორსულობის თანმხლებიცაა, ამიტომ დიფერენციაციისათვის მართებულია ექიმის ჩართვა.

როგორია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ორსულებში და რამდენად უსაფრთხოა ის დედისა და ნაყოფისათვის?
არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ორსულებში დამოკიდებულია არტერიული წნევის ციფრებზე, გესტაციურ ასაკზე, დედისა და ნაყოფისმხრივი რისკ–ფაქტორების არსებობაზე. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალთა ნაწილი მკურნალობას არ საჭიროებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, არტერიული წნევის ფიზიოლოგიური კლების გამო.
ორსულთა ჰიპერტენზიის მკურნალობა მედიკამენტურია, რომელიც მიმართულია ორსულთა რისკის მაქსიმალურად შემცირებისკენ; ამასთან მკურნალობის ინიცირება, ისევე როგორც გაგრძელება უნდა მოხდეს ისეთი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით, რომელნიც უსაფრთხოა ნაყოფისათვის.
დაუშვებელია ორსულმა თვითნებურად შეწყვიტოს მკურნალობა ან შეცვალოს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების დოზა!
არამედიკამეტური მკურნალობა შედარებით ნაკლები როლის მატარებელია გართულებათა პრევენციის კუთხით, ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს წონას, განსაკუთრებით სიმსუქნის მქონე ორსულებში, სადაც ორსულობის პერიოდში 6.8კგ–ზე მეტი წონის მატება დაუშვებელია.

რა შემთხვევაში აქვთ ორსულებს ჰიპერტენზიის გართულების განვითარების მაღალი რისკი?
ის ორსულები, რომელთაც პირველი ორსულობის დროს, მანამდე ან მის შემდეგ აღენიშნებოდათ მაღალი არტერიული წნევა, აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება, ანტიფოფსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა ან სხვა სისტემური დაავადებანი, I ან II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პირველი ორსულობა, 40 წელს გადაშორებული ასაკი, სიმსუქნე, პრეეკლამფსიის ოჯახური ისტორია და მრავლობითი ორსულობანი ანამნეზში აქვთ გართულებების განვითარების შედარებით მაღალი რისკი, ამდენად რეკომენდირებულია მათი მეთვალყურეობა ორსულობის პირველივე პერიოდიდან.

რამდენად არის შესაძლებელი არტერიული ჰიპერტენზიისა და პრეეკლამფიის პრევენცია ორსული ქალბატონებისათვის?
რეკომენდირებულია მთელი ორსულობის განმავლობაში ექიმთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა, მისი რეკომენდაციების და დანიშნულების ზედმიწევნით დაცვა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, კვების რაციონის ჯანსაღი საკვებით შედგენა, მწეველობის თავის დანებება, ალკოჰოლისა და აკრძალული მედიკამენტების მიღებისაგან თავის შეკავება და ურეცეპტოდ გაყიდვადი მედიკამენტების მიღების მაქსიმალური კონტროლი. ამასთან, დღეისათვის არ არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რითიც შესაძლებელი გახდებოდა ჰიპერტენზიის მქონე ორსულთა რისკის მაქსიმალური ნორმალიზაცია.

რას ურჩევთ მკითხველს?
უპირველეს ყოვლისა ყველა ორსულ ქალბატონს და მათ შთამომავლობას ვუსურვებ კარგ და ძლიერ ჯანმრთელობას.
იმ შემთხვევაში, თუ მათ ორსულობამდე, ორსულობის ნებისმიერ პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ აღმოაჩნდათ მაღალი არტერიული წნევა, პრობლემის სიმძიმიდან და გართულებების განვითარების მაღალი ალბათობიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და მაქსიმალური სიზუსტით შეასრულონ რეკომენდაცია და დანიშნულებანი. ორსულობის პერიოდში ექიმი თამაშობს ყველაზე დიდ როლს ადამიანის ცხოვრებაში, რამეთუ საქმე ეხება ორ ან მეტ სიცოცხლეს. ამ მხრივ გახსნილი, მარტივი, პარტნიორული ურთიერთობა მკურნალ ექიმთან წარმატების გარანტიაა.

იხილეთ: სპეციალური პაკეტი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები