სტენოკარდია

სტენოკარდია

რა არის სტენოკარდია და როგორ ვიმკურნალოთ.

გაინტერესებთ რა არის სტენოკარდია? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი კარდიოლოგი ნინი იკოშვილი.

– რა არის სტენოკარდია?
სტენოკარდია - გულის იშემიური დაავადების ყველზე ხშირი ფორმაა. ის ვითარდება, როცა ადგილი აქვს შეუსაბამობას მიოკარდიუმის ფუნქციურ მოთხოვნილებასა და მასში მიმდინარე სისხლის რაოდენობას შორის, კერძოდ, გულის კუნთში სისხლის მომარაგების შემცირება ან შეწყვეტა კორონარული არტერიის შევიწროების/ოკლუზიის გამო. არტერიის შევიწროება უმეტესად ათეროსკლეროზითაა გამოწვეული, იშვიათად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოთელიუმის დისფუნქცია, თრომბოზი, მიკროვასკულარული დარღვევები, კორონარული სპაზმი, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, აორტის სარქვლის სტენოზი.

– როგორია დიაგნოსტირება?
სტენოკარდია შეიძლება იყოს არასტაბილური და სტაბილური. არასტაბილური სტენოკარდიის სახეებია-პირველად აღმოცენებული, პროგრესირებადი, ადრეული ინფარქტის შემდგომი და პრინცმეტალის სტენოკარდია, სტაბილურ სტენოკარდიას კიდევ 4 ფუნქციური კლასი აქვს. დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია სწორად შეკრებილი ანამნეზი, პაციეტის მიერ აღწერილი ჩივილები, ცხოვრების წესის და მემკვიდრული სტატუსის განსაზღვრა, ლაბორატორიულ-ინსტრუმეტული კვლევები კი ადასტურებს ან გამორიცხავს დიაგნოზს, ესენია: ფიზიკური დატვირთვის ტესტი, 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიორგაფია, ოქროს სტანდარტი კი კორონაროგრაფიული გამოკვლევაა. ლაბორატორიული კვლეებიდან რეკომენდირებულია სისხლის საერთო ანალიზის, ტროპონინის, კრეატინკინაზა MB, კრეატინინის და ლიპიდოგრამის განსაზღვრა, ვამოწმებთ გლიკემიას.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
კლასიკურ შემთხვევაში პაციენტი სტენოკარდიას აღწერს მკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილით, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად ტკივილი გადაეცემა მარცხენა მხრის არეში და ხელში, ბეჭთაშუა, ყელისა და ყბის, კბილების არეში, იშვიათად გვხვდება ტკივილი ეპიგასტირუმის არეში, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ხშირად პაციენტი ტკივილს უაროფს და აღნიშნავს დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძნებას გულმკერდის არეში, რაც ასევე სტენოკარდიის ექვივალენტია. სტენოკარდიის შეტევა გრძელდება 1-20 წუთი და კუპირდება ნიტრატის მიღებით ან ფიზიკური დატვირთვის შეწყეტის შემდეგ.

– როგორია მკურნალობა?
მკურნალობა კომბინირებულია, როგორც მედიკამენტებით, ასევე კორონარული არტერიების რევასკულარიზაციით, ამას კვლევის შედეგები განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია არტერიული წნევის და პულსის ნორმალიზაცია და შესაბამისი მედიკამენტების მიღება, ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინისგან გათავისუფლება, ანტიაგრეგანტის მიღება.

– რა პრევენცია არსებობს?
პრევენცია მნიშვნელოვანია, დიდი წვლილი მიუძღვის ცხოვრების წესის შეცვლას, რაც გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების აკრძალვას, სწორ კვებას, სტრესული სიტუაციისგან თავის არიდებას.

– რას ურჩევთ მკითხველს?
ჩვენს საუკუნეში სიკვდილობის და ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს გულთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ჩაიტაროთ კვლევები და დაიცვათ რეკომენდაციები. გახსოვდეთ-დადებითი ემოციები წარმატებული მკურნალობის გასაღებია!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები