გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. დიაგნოზტირება, სიმპტომები და მკურნალობა.

გსმენიათ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების შესახებ? გაინტერესებთ როგორია დიაგნოსტირება? რა სიმპტომებით ვლინდება და როგორ უნდა იმკურნალოთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ზოგადი ქირურგი, ლაპარასკოპიული და ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - შალვა გიუაშვილი დაწვრილებით გვესაუბრება ამ დაავადების შესახებ.

– რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება?
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა და განპირობებულია საყლაპავში კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის შიგთავისის პერიოდული გადასვლით, როგორც წესი ვითარდება საყლაპავის სარქვლოვანი აპარატის, კერძოდ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციის უკმარისობის დროს და 80 % შემთხვევაში ასოცირებულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრებით. საწყის ეტაპზე დაავადება წარმოდგენილია, როგორც საყლაპავის ფუნქციური მოტორიკის დარღვევა, შემდგომ კი გვაძლევს ისეთ გართულებებს როგორიცაა რეფლუქს ეზოფაგიტი, საყლაპავის პეპტიკური წყლული, წყლულიდან სისხლდენა, ანემია, საყლაპავის სტრიქტურა და ბარეტის საყლაპავი - რაც ითვლება კიბოს წინა დაავადებად და მალიგნიზაციის მაღალი რისკი გააჩნია. აგრეთვე ახასიათებს ექსტრაეზოფაგური გართულებები: ფილტვების ქრონიკული დაავადებები, რეფლექტორული სტენოკარდია, ბრონქიული ასთმა, არითმიის რამოდენიმე სახეობა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ოტიტი და ა.შ.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი (ჰიატალური თიაქარი) წარმოადგენს კუჭის ან და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელიდან პროლაბირებას შუასაყარში. ძირითადათ განასხვავებენ სამი სახის ჰიატალურ თიაქრებს: აქსიალური, პარაეზოფაგური და შერეული ტიპის თიაქრები. ჰიატალური თიაქრები იყოფა ხარისხობრივად და განისაზღვრება თიაქრის ზომით, ფიქსაციით და ჰიატალური დეფექტის დიამეტრით.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
მსოფლიოს მონაცემებით გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ძირითადი სიმპტომები ყოველდღიურად აღენიშნება განვითარებული ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 7-10% -ს, რაც უკვე თავისთავად მიიჩნევა გერდ-ის გართულებულ ფორმად და საჭიროებს გახანგრძლივებულ კონსერვატიულ თერაპიას და ხშირად ქირურგიულ კორექციას. როგორც მთელ მსოფლიოში ასევე საქართველოში აღნიშნული პათოლოგია საკმაოდ გავრცელებულია და აღემატება 10-15 % -ს, ამ დაავადების განვითარების მექანიზმი განპირობებულია ქვეყანაში არსებული მაღალი ფსიქო-ემოციური ფონით, რაფინირებული პროდუქტების მოხმარების ზრდით, მავნე ჩვევებით (სიგარეტი, ალკოჰოლი, ყავა, გაზირებული სასმელები), არასწორი კვებით, სიმსუქნით, ჰორმონალური დისბალანსით, რიგი ფარმაკოლოგიური პრეპარატების ხშირი გამოყენებით (კოფეინი, ციტრამონი, ანტისპაზმური პრეპარატები, სედაციური და საძილე საშუალებები) და ა.შ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმტომები იყოფა ორ ჯგუფად: საყლაპავის დაზიენების (ტიპიური) და ექსტრაეზოფაგური გართულებების (ატიპიური) სიმპტომებად.

ძირითადი ტიპიური სიმპტოებია:

  1. გულძმარვა
  2. რეტროსტერნალური და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი
  3. დისფაგია (ყლაპვის გაძნელება)
  4. რეგურგიტაცია (საყლაპავში და პირის ღრუში საკვები მასების და სითხის რეტროგრადული დენა)

ატიპიურ (ექსტრაეზოფაგურ) სიმპტომებს წარმოადგენს: სპაზმური ხველა, მკერდის ძვლის უკან ტკივილი, ხმის ტემპრის შეცვლა, ყელის და ყურის ხშირი ტკივილი, ანემია და ა.შ.
მხოლოდ ექსტრაეზოფაგური სიმპტომატიკის არსებობის შემთხვევაში პაციენტები ხშირად ხდებიან არასწორი და არამიზანმიმართული მკურნალობის მსხვერპლი, რაც განპირობებულია არასრულფასოვანი დიაგნოსტიკით და შესაძლოა მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე.

– როგორია დიაგნოსტირება?
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამოკვლევის ძირითად მეთოდებს წარმოადგენს: ენდოსკოპიური კვლევა საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია, კუჭის რენტგენოკონტრასტული კვლევა პოლიპოზიციურ მდგომარეობაში, 24 საათიანი pH - მონიტორინგი ინდექს DeMeester - ის დათვლით, საყლაპავის მანომეტრია და Helicobacter pylori-ის განსაზრვრა.

– როგორია მკურნალობა?
გაურთულებელი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობის მეთოდი ძირითადათ კონსერვატიულია და პაციენტის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით წარმოდგენილია კომპლექსური თერაპიით: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ანტაციდი, პროკინეტიკი და Helicobacter pylori - ის ერადიკაცია. მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია პაციენტის მიერ ცხოვრების წესის შეცვლაში: რაც მოიცავს დიეტას, რეჟიმს, მავნე ჩვევებზე უარს და გერდ-ის გამომწვევი პრეპარატების მოხსნას ან მისი დოზის შემცირებას.

გართულებული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების და დიდი ზომის ჰიატალური თიაქრების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია და წარმოადგენს თიაქრის აღმოფხვრას, კრურორაფიას (ბადით ან მის გარეშე) და ანტირეფლუქსურ პროცედურას. თანამედროვე ქირურგიაში ყველაზე ეფექტურ ანტირეფლუქსურ ოპერაციად მიიჩნევა ფუნდოპლიკაცია - ფუნდოპლიკაციური მანჟეტის წარმოქმნა კუჭის ფუნდალური ნაწილით. პაციენტის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით გამოიყენება სხვადასხვა ფუნდოპლიკაციის ტიპები, არჩევის მეთოდია ტოტალური ნისენის ფუნდოპლიკაცია და მის მოდიფიცირებული ფორმები (360 გრადუსიანი მანჟეტი), აგრეთვე გამოიყენება ტუპეს - 270 გრადუსიანი უკანა ფუნდოპლიკაცია და დორ-ის 180 გრადუსიანი წინა ფუნდოპლიკაცია. 

ანტირეფლუქსური ოპერაციის ჩვენებას წარმოადგენს:

  1. დიდი ზომის ჰიატალური თიაქარი
  2. გერდ-ის 6 თვიანი უეფექტო კონსერვატიული თერაპია
  3. ეროზიული და წყლულოვანი ეზოფაგიტის არსებობა
  4. ბარეტის საყლაპავი
  5. გერდ-ის ექსტრაეზოფაგური სიმპტოების არსებობა და 24 საათიანი pH მონიტორინგით დასაბუთებული გასტროეზოფაგური რეფლუქსი

ჩვენს კლინიკაში ანტირეფლუქსური ოპერაციები ტარდება როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული მიდგომით, როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ასევე ჩვენთან უპირატესობას ვანიჭებთ ლაპაროსკოპიულ მიდგომას, რაც მკვეთრად აქვეითებს ოპერაციული ტრავმის ხარისხს, ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკს და აქვს საუკეთესო შორეული შედეგები.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში პაციენტებს ვურჩევდი დროულად ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები და დიაგნოზის სრულფასოვნად ვერიფიცირების შემდგომ ადექვატური მკურნალობა, რაც იქნება მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და შორეული მძიმე გართულებების თავიდან აცილების გარანტია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები