გაინტერესებთ რა არის პლეომორფული ადენომა? როგორი კლინიკური შემთხვევა ჰქონდა ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის განყოპილებას? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრებიან ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი, პროფესორი, საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ ჩიჩუა, ყბა - სახის ქირურგი ბატონი პაატა მგელაძე და ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის ექიმი, რეზიდენტი, ლექტორი ქალბატონი ნორა გედენიძე.
– რა არის პლეომორფული ადენომა?
პლეომორფული ადენომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შერეული ხასიათის სანერწყვე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეა. უფრო ხშირია შუა ხნის ასაკის ქალებში. შემთხვევათა დაახლოებით 80 % ში ვითარდება ყბა-ყურა სანერწყვე ჯირკვალში, 13% ში - ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში , 7%-ში მცირე სანერწყვე ჯირკვლებში. ჰისტოლოგიურად აღნიშნული სიმსივნე წარმოდგენილია როგორც ეპითელური ასევე მეზენქიალური ელემენტებით.
კვლევებით დადგენილია ,რომ მცირე სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეები შემთხვევათა 50 % ში ავთვისებიანი ხასიათისაა. გაავთვისებიანების მაჩვენებლები იზრდება ჯირკვლების ზომების უკუპროპორციულად ( რაც უფრო მცირე ზომისაა სანერწყვე ჯირკვალი მით მეტია მისი ავთვისებიანობის ხასიათი).
სასა წარმოადგენს მცირე სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეების ლოკალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიდამოს. სიხშირით მეორე ადგილზეა ტუჩისა და ლოყის ლორწოვანი.
ადენომის წარმოშობის ეტიოლოგია ბოლომდე არაა შესწავლილი, თუმცა არსებობს დაავადების წარმოშობის რამდენიმე თეორია: ფიზიკო-ქიმიური, ვირუსული , პოლიეტიოლოგიური.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად ადენომა ღეროვანი უჯრედების არასწორი დიფერენცირების შედეგად წარმოიშვება. ღეროვანი უჯრედები საწყისია ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა სპეციფიური უჯრედისა. დნმ-ის მუტაცია ამ უჯრედების უკონტროლო გამრავლებას და სიმსივნური მასის ჩამოყალიბებას იწვევს.
– რა არის ამ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები?
მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია სხივური თერაპია, რომლის ზემოქმედების შედეგებიც 15-20 წლის შემდეგ ვლინდება. ალკოჰოლისა და ნიკოტინის როლი არ არის დადასტურებული ,თუმცა ცნობილი , რომ ნიკოტინი ასტიმულირებს კეთილთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის ჩამოყალიბებას. კიდევ ერთი რისკფაქტორია არასწორი კვება, ბოსტნეულით ღარიბი და ცხოველური ცხიმებით მდიდარი რაციონი.
– შეგიძლიათ რომელიმე კლინიკური შემთხვევა გაიხსენოთ?
ალ. ალადაშვილის კლინიკაში ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში ადგილი ქონდა საინტერესო კლინიკურ შემთხვევას.
პაციენტი ბ.ა. 27 წლის ქალბატონი შემოვიდა თვითდინებით. უჩივის ახალწარმონაქმნის არსებობას სასაზე მარცხნივ. ღეჭვის, მეტყველების, ყლაპვისა და სუნთქვის ფუნქციების დარღვევას. აღნიშნული წარმონაქმნი შეამჩნია დაახლოებით 6 წლის წინ,რომელიც თანდათან ზომაში მატულობდა.
1 სურ. სასის მცირე სანერწყვე ჯირკვლის პოლიმორფული ადენომა.
ობ: სახე სიმეტრიული, კანი ფიზიოლოგიური შეფერილობის. პირის ღრუში, მაგარ სასაზე მარცხნივ 24-28_ე კბილების საპროექციოდ ( მედიალურად-სასის შუა ნაკერამდე) ვიზუალირდება ახალწარმონაქმნი, რომელიც დაფარულია უცვლელი ლორწოვანი გარსით. პალპაციით აღინიშნება მკვრივ-ელასტიური კონსისტენციის, უმტკივნეულო ,მკვეთრი საზღვრების მქონე, ნაკლებად მოძრავი, ოვალური ფორმის წარმონაქმნი. საღეჭი კბილები მრავლობითი კარიესული დაზიანებებით.
მიღებული სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევების საფუძველზე დაისვა წინასწარი კლინიკური დიაგნოზი: სასის მცირე სანერწყვე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. აღნიშნული დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა დამატებითი დიაგნოსტიკლური კვლევები: ციტომორფოლოგიური და სახის ძვლების მიმოხილვითი CT.
2 სურ. ავადმყოფის სახის ძვლების მიმოხილვითი CT კვლევა. ისრით ნაჩვენებია სიმსივნური ლოკალიზაცია.
კლინიკური დიაგნოზი: სასი მცირე სანერწყვე ჯირკვლის პლეომორფული ადენომა მარცხნივ.
დასმული დიაგნოზის საფუძველზე პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია: ახალწარმონაქმნის ამოკვეთა. ზოგადი გაუტკივარების ქვეშ, გატარდა განაკვეთი სიმსივნური წარმონაქმნის საპროექციო არეში. ბლაგვი და მჭრელი გზით გამოიყო სიმსივნური წარმონაქმნი ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან და ჩატარდა მისი ენუკლეაცია.( სურ 3,4,5 ნაჩვენებია ოპერაციის ეტაპები).
სურ.3 სიმსივნური წარმონაქმნის გამოყოფა ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან.
სურ.4 ამოკვეთილი პრეპარატი.
სურ. 5 ლორწოვანი დაიხურა ყრუდ კვანძოვანი ნაკერებით ადგილობრივი რბილი ქსოვილების გამოყენებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.