გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ქირურგი ბატონი კახა დანგაძე.
– რა არის მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება?
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება არის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია, რომლის დროსაც ხშირად მიმდინარეობს ნაწლავის კედლის ( დივერტიკულის) ანთება. უშუალოდ დივერტიკული წარმოადგენს მილაკოვანი და ღრუ ორგანოს ჯიბისებურ ყრუ დანამატს, რომლის წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მატებას, რომელიც ვითარდება ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. განავლოვანი მასების შეჩერება დივერტიკულებში იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას ( დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და გარემომცველ ქსოვილებზე. დივერტიკულიტს შესაძლოა თან ახლდეს ლორწოვანი გარსის დაწყლულება ( სისხლდენა) ან დივერტიკულის პერფორაცია. შედეგად მოსალოდნელია განვითარდეს პერიტონიტი, ნაწლავის ირგვლივი ანთებითი ინფილტრატები. მწვავე პროცესის ჩაცხრომის შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილთა მასიური ნაწიბუროვანი ცვლილებები, რომლებიც განაპირობებენ ნაწლავის სტრიქტურების წარმოქმნას. ზოგჯერ ამ დაავადებამ შეიძლება მთელი ცხოვრება არ შეაწუხოს ადამიანი და მისი გამოვლენა მოხდეს შემთხვევით რენტგენოგრაფიული კვლევის დროს.
– როგორია დიაგნოსტირება?
პაციენტის სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევა, სისხლის ანალიზი, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიული დათვალიერება, ირიგოსკოპია ( კონტრასტული ნივთიერებით შევსებული ნაწლავის რენტგენი), კოლონოსკოპია.
– რა სიმპტომებით ვლინდება?
დივერტიკულურ დაავადებას შესაძლებელია არ ქონდეს არანაირი კლინიკური გამოვლინება ან მიმდინარეობდეს მტკივნეულობით მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში, შებერილობა, ყაბზობით. შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მწვავე დივერტიკულიტის დროს ვლინდება მკვეთრი ტკივილი, დივერტიკულის პერფორაციის ანუ მისი კედლის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშანი, მტკივნეული ანთებითი ინფილტრატები უპირატესად მუცლის მარცხენა ნახევარში, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, არაიშვიათად დიზურია.
– როგორია მკურნალობა?
დივერტიკულური დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, რაც გულისხმობს გასტრენტეროლოგიური პრობლემის სრულფასოვან მოწესრიგებას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვხვდებით მწვავე პროცესებს, რა დროსაც საჭიროა სპეციალური დიეტა რაც ამცირებს ანთებით პროცესს, ინფუზიოთერაპია, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მის.: დიმიტრი უზნაძის 103.